Facebook Twitter

№ას-172-167-2016 21 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – მ–ო“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ. ნ-ე (შემდეგში მოსარჩელე) არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი №…), ასოციაციის დამფუძნებელი, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. იგი მრავალი წელია ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

2. მოსარჩელე არის, ასევე, მ-ოს“ (შემდეგში მოპასუხის ან კასატორის) ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოპასუხე მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში. მისი იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ე-ის მ-ი/ა-ის ქ. …. 2012 წლის 1 ივნისიდან 2012 წლის 31 ოქტომბრამდე მოპასუხის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა მისი თავმჯდომარე - მ. კ-ე, ხოლო, მისი არყოფნის შემთხვევაში - აღმასრულებელი მდივანი.

3. წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში, ასევე, არჩევნების შემდგომ მოპასუხის ცენტრალურ ოფისში (შტაბში) მოქმედებდა ცხელი ხაზი. სამართლებრივი ხასიათის დახმარებისათვის მოპასუხეს ყოველდღიურად მიმართავდა ათეულობით აქტივისტი თუ მხარდამჭერი. მათ იურიდიულ კონსულტაციას, თუ სხვა სახის სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ მოპასუხის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დასაქმებული პირები - იურისტები (ადვოკატები). აღნიშნულ კომიტეტს თავმჯდომარეობდა თ. კ-ე. კომიტეტი განთავსებული იყო მოპასუხის იურიდიულ მისამართზე მდებარე სათავო ოფისის (ცენტრალურ შტაბის) ორ ოთახში, სადაც განლაგებული იყო კომიტეტის თავმჯდომარის, მოადგილისა და დასაქმებულ იურისტთა სამუშაო მაგიდები.

4. 2012 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში, ზემოხსენებულ კომიტეტში მუშაობის დაწყების თაობაზე, მოსარჩელესთან (როგორც ადვოკატთან) მოლაპარაკება აწარმოა მოპასუხის პოლიტსაბჭოს წევრმა ს. ს-ა, რომელმაც მას გააცნო კომიტეტის თავმჯდომარე თ. კ-ე. კომიტეტის თავმჯდომარე მოსარჩელეს შეუთანხმდა ხელფასის სახით, თვეში 2000 ლარის გადახდაზე. კომიტეტში მოსარჩელის დასაქმების შესახებ ცნობილი იყო მოპასუხის თავმჯდომარისათვის.

5. მოსარჩელეს მოპასუხის ოფისში გამოუყვეს სამუშაო მაგიდა, კომპიუტერი. სამუშაო დღის განმავლობაში, იგი, როგორც თანამშრომელი, სარგებლობდა ერთჯერადი უფასო ლანჩით/კვებით. მას გადასცეს საშვი - ჩიპი შენობაში შესასვლელად, ასევე, კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი.

6. მოპასუხესთან მუშაობის პერიოდში მოსარჩელე კერძო საადვოკატო პრაქტიკას არ ახორციელებდა. ასეთი რამ შეუძლებელიც იყო მისი დატვირთულობის, დაძაბული გრაფიკისა და საქმეთა სიმრავლის გამო.

7. მოსარჩელე იურიდიულ კონსულტაციებსა და სხვა სახის სამართლებრივ დახმარებას უწევდა მოპასუხის ოფისში მისულ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს. გარდა ამისა, იგი იცავდა მოპასუხის, როგორც საარჩევნო სუბიექტის, აქტივისტების, მხარდამჭერებისა თუ გულშემატკივრების ინტერესებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გორის რაიონულ სასამართლოში, გურჯაანის შს პოლიციის განყოფილებაში და სხვაგან.

8. მოსარჩელემ მოპასუხესთან იმუშავა სამი თვე - 2012 წლის აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში (ფაქტიურად - ნოემბრის თვის შუა რიცხვებამდე). მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი მოვალეობები. მოპასუხეს მოსარჩელისათვის სამი თვის ხელფასი არ გადაუხდია.

9. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამი თვის მიუღებელი ხელფასის - 6000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, იგი სამი თვე მუშაობდა მოპასუხესთან. მისი შრომითი ანაზღაურება თვეში შეადგენდა 2000 ლარს. მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო იურიდიული კონსულტაციები და სხვა სახის სამართლებრივი დახმარება გაეწია მოპასუხის ოფისში მისული აქტივისტებისა და მხარდამჭერებისათვის, ასევე, დაეცვა მათი ინტერესები სამართალდამცავ და სხვა ორგანოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ მას არ გადაუხადა შეთანხმებული ხელფასი.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, კერძოდ, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად, არც ხელფასის გადახდაზე ყოფილა რაიმე შეთანხმება. მოსარჩელე, სავარაუდოდ, თავის საქმიანობას ახორციელებდა კეთილი ნების საფუძველზე, კერძოდ, დროის გარკვეულ მონაკვეთში დადიოდა პარტიის ოფისში, როგორც წევრი, აქტივისტი და გულშემატკივარი. მოსარჩელის მიერ მითითებული პირები არ სარგებლობდნენ მოპასუხის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, შესაბამისად, მათ არ გააჩნდათ უფლება, დაედოთ შრომითი ხელშეკრულება ან/და რაიმე სახის გარიგება მოპასუხის სახელით.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარის გადახდა.

12. საქალაქო სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 6.1 მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხემ ზეპირი შრომითი ხელშეკრულება დადო მოსარჩელესთან, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - თავმჯდომარე, ინფორმირებული იყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების დადების თაობაზე, ამასთან, მოპასუხის კონკლუდენტური მოქმედებებითაც (აღწერილი წინამდებარე გაჩინების მე-5 პუნქტში) დასტურდებოდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი. სასამართლომ აღნიშნა, ასევე, რომ მოსარჩელის დასაქმებასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 31.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განსაღვრული იყო შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, კერძოდ, თვეში, 2000 ლარი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლზე და მიიჩნია, რომ ხსენებული ნორმა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების (ხელფასის გადახდის) შესრულებას აკისრებდა მოპასუხეს.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნებოდა შესაგებელში მითითებულ გარემოებებს.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას.

17. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე, ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებული იყო მოპასუხესთან.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმის ჩვენების, ერთობლიობაში შეფასება იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან მუშაობდა სამი თვის განმავლობაში და თვეში მისი ხელფასი შეადგენდა 2000 ლარს.

19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესებში მოსარჩელის მონაწილეობა დაკავშირებული იყო მოპასუხის აქტივისტებისა და მხარდამჭერების ინტერესების დაცვასთან, რაც დასტურდებოდა სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილებებით. პალატამ მიუთითა, რომ ამ გარემოებათა საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლზე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 6000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინაიდან დადგენილი იყო და მოპასუხემ ვერ გააქარწყლა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან მუშაობდა სამი თვე და მისი ხელფასი თვეში შეადგენდა 2000 ლარს, რაც მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გადაუხდია.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, ვინაიდან წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა მოპასუხის უფლებამოსილ პირთან, კერძოდ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარესთან. სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი დაადგინა მოწმის ჩვენების საფუძველზე, რომელიც არ დასწრებია არც მოლაპარაკებებს და არც ხელშეკრულების დადებას;

- მოსარჩელე ცდილობს დაამტკიცოს, რომ მოპასუხის სასარგებლოდ გასწია საადვოკატო მომსახურება, თუმცა, სადავო პერიოდში, მას არ შეუწყვეტია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ჰქონდა საადვოკატო ლიცენზია, ახორციელებდა ეკონომიურ საქმიანობას და იხდიდა კიდეც საშემოსავლოს, როგორც გადამხდელი. მოსარჩელე, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ გასწია საადვოკატო მომსახურება, მეორე მხრივ, კი ამბობს, რომ ეს მომსახურება გასწია შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ასეთ ვითარებაში სასამართლომ დაუსაბუთებლად გამოიყენა არა სამოქალაქო კოდექსი, არამედ შრომის კოდექსი;

- სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საქმეს არ ეხება მოქმედი პრინციპი - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“;

- უნდა გაუქმდეს საოქმო განჩინებები, რომლებითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობები და საქმეს დაერთო სხვადასხვა მტკიცებულებები.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სწორია.

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე, ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამი თვე მუშაობდა მოპასუხესთან. მისი შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენდა 2000 ლარს. შრომის ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო იურიდიული კონსულტაციები და სხვა სახის სამართლებრივი დახმარება გაეწია მოპასუხის ოფისში მისული აქტივისტებისა და მხარდამჭერებისათვის, ასევე, დაეცვა მათი ინტერესები სამართალდამცავ და სხვა ორგანოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, მაგრამ მოპასუხემ მას არ გადაუხადა შეთანხმებული ხელფასი.

29. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, ვინაიდან წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა მოპასუხის უფლებამოსილ პირთან, კერძოდ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარესთან.

30. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის, საქართველოს შრომის კოდექსის 6.1 მუხლის მიხედვით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციით), დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წერილობითი შრომითი ხელშეკრულების დადება სავალდებულო არ იყო, შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია.

31. კასატორის იმ პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, რომ შრომითი ხელშეკრულება მოპასუხის უფლებამოსილ პირთან არ დადებულა, შეფასება უნდა მიეცეს ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტებს: დასაქმების თაობაზე მოსარჩელესთან მოლაპარაკება აწარმოეს მოპასუხის პოლიტსაბჭოს წევრმა, ასევე მოპასუხის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. ამ მოლაპარაკების შედეგად კომიტეტის თავმჯდომარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ საარჩევნო პერიოდში მოსარჩელე იმუშავებდა მოპასუხის ოფისში, შეასრულებდა გარკვეული სახის სამუშაოს და მიიღებდა ხელფასს - თვეში 2000 ლარს. მოსარჩელესთან დადებული შეთანხმების თაობაზე ინფორმირებული იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე. მოსარჩელეს გამოუყვეს სამუშაო მაგიდა, კომპიუტერი, კორპორატიული ტელეფონი და სამუშაო ადგილზე შესასვლელი საშვი. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად კასატორს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიღწეული შეთანხმება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს უშუალოდ მოპასუხისათვის, ვინაიდან, შექმნილ ვითარებაში, მოსარჩელეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ (სსკ-ის 104.3 მუხლი).

32. შემდეგი პრეტენზია, რაზეც საკასაციო საჩივარშია მითითებული, ეფუძნება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო ურთიერთობა შრომითსამართლებრივ ურთიერთობად, ვინაიდან მოსარჩელე, ერთი მხრივ, განმარტავდა, რომ მან მოპასუხეს გაუწია საადვოკატო მომსახურება, ხოლო, მეორე მხრივ, ამბობდა, რომ აღნიშნული საადვოკატო მომსახურება გასწია სადავო შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

33. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო ურთიერთობის შრომითსამართლებრივ ურთიერთობად შეფასების თაობაზე. ასეთი დასკვნა ემყარება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოპასუხემ თავად განუსაზღვრა მოსარჩელეს სამუშაო ადგილი და შეუქმნა სამუშაოს შესასრულებლად საჭირო პირობები. ქონება, რომელიც შეადგენდა მოსარჩელის შრომის ბაზას (სამუშაო მაგიდა, კომპიუტერი, კორპორატიული ტელეფონი და სხვა), ეკუთვნოდა მოპასუხეს. მოსარჩელეს სამუშაო დღის განმავლობაში, იურიდიული კონსულტაციები და სხვა სახის სამართლებრივი დახმარება უნდა გაეწია მოპასუხის ოფისში (მოსარჩელის სამუშაო ადგილზე) მისული პირებისათვის, ასევე, უნდა დაეცვა მათი ინტერესები სამართალდამცავ და სხვა ორგანოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოკიდებული იყო მოპასუხეზე და ექვემდებარებოდა მას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა და არა ნარდობის ან დავალების ხელშეკრულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მენარდის ქონებრივი და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, ასევე მენარდის შრომის შედეგის (რეზულტატის) შემკვეთისათვის გადაცემა, განასხვავებს ნარდობას შრომის ხელშეკრულებისაგან. ზემოხსენებული ფაქტები კი გამორიცხავს, სადავო ურთიერთობის ნარდობად შეფასებას. მითითებული ფაქტები, პალატის მოსაზრებით, ასევე, არ იძლევა სადავო ურთიერთობის დავალების ხელშეკრულებად მიჩნევის საფუძველს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელეს ექნებოდა მოპასუხისგან გასამრჯელოს მიღების უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 710.1-ე მუხლის საფუძველზე (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში), რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ თვეში 2000 ლარის გადახდაზე დავალებული სამუშაოს შესრულებისათვის. ამასთან, თუნდაც გასამრჯელო არ ყოფილიყო შეთანხმებული, მოსარჩელე მაინც მიიღებდა მას, ვინაიდან საადვოკატო მომსახურება, როგორც წესი, მოსალოდნელია მხოლოდ გასამრჯელოთი, ხოლო, თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო (სსკ-ის 710-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები).

34. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, როდესაც ზეპირი შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, წარადგინა დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებები (თავისი ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება, საშვი-ჩიპი შენობაში შესასვლელად, კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი, ორდერები, სასამართლო გადაწყვეტილებები და სხდომათა ოქმები), ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების (მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტის) გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადავიდა. ამ უკანასკნელმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება დაუპირისპირა, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკმარისი არაა მოპასუხის იმ მოსაზრების გასაზიარებლად, რომ მხარეთა შორის არც შრომითი და არც სხვა სახის ხელშეკრულება არ დადებულა.

35. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განჩინებების (11.02.2015 წლის საოქმო განჩინებების, ასევე 31.03.2015 წლის საოქმო განჩინების) გაუქმების თაობაზე, რომლითაც სასამართლომ დაუშვა და შესაფასებლად მიიღო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ზემოხსენებული განჩინებების კანონიერად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელემ სადავო მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, რისი უფლებაც მას გააჩნდა, რადგან ახალი მტკიცებულებების წარდგენაზე შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დროს (სსსკ-ის 215-ე მუხლი).

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

37. საკასაციო პალატის მოსაზრებით, წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 31.1-ე მუხლის პირველი წინადადების (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე) და 34-ე მუხლის (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) საფუძველზე, იურიდიულად ასაბუთებენ მოსარჩელის მოთხოვნას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, გადახდის თარიღი - 12 თებერვალი, 2016 წელი, საგადახდო დავალება №302) 70% – 210.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ-ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს – მ-ოს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის, გადახდის თარიღი – 12 თებერვალი, 2016 წელი, საგადახდო დავალება № 302) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ.ალავიძე