Facebook Twitter

საქმე №ას-265-251-2016 6 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ნ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ბ-იმ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის _ 9 527,20 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 527,20 ლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ყველა პირის სასამართლო წესით დაცვა. მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს კანონით დადგენილი შეღავათის გათვალისწინების თხოვნით. ამგვარი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა აპელანტის მიერ, კერძოდ, სასამართლოს ეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან მისი გადახდისაგან გათავისუფლება, რაც სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა და ამავე განჩინებით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი ისე, რომ მხარეს არ განესაზღვრა ვადა საპროცესო მოქმედების შესასრულებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ნ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების თაობაზე მოპასუხის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთანავე, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით;

1.2.2. სააპელაციო პალატის 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 381 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 7 დღით და განემარტა მხარეს მისი გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა აპელანტს, რომელმაც საპროცესო ვადის დაცვით სასამართლოს შემდეგი შინაარსის განცხადებით მიმართა: გთხოვთ გადაგვივადოთ ან გაგვათავისუფლოთ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სააპელაციო საჩვარი მიიღოთ წარმოებაში და არსებითად განიხილოთ იგი. რაიმე მტკიცებულება, რაც შუამდგომლობის საფუძვლიანობას დაადასტურებდა არც საქმის მასალებში მოიპოვება და არც მითითებულ განცხადებას ერთვის.

1.3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ შუამდგომლობა არ იყო საფუძვლიანი და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობა, განმცხადებელს საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები.

1.4. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მას არ მიეცა უფლების სასამართლო წესით დაცვის რეალიზაციის შესაძლებლობა, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს შემდეგს:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

1.4.2. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

1.5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს არ გამოუსწორებია რა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, ხოლო შუამდგომლობა სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 374-ე მუხლით და სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, მით უფრო იმ პირობებში, რომ აპელანტს საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს (სსსკ-ის 368.7 მუხლი).

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ნ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე