Facebook Twitter

საქმე №ას-286-272-2016 6 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ხ. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ქ. მ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. ს-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ მხარეთა შორის 2011 წლის 3 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ არ სურს მეუღლესთან განქორწინება და უნდა ოჯახის შენარჩუნება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა აპელანტის დას, ვინაიდან ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო. აპელანტი საქართველოში არ იმყოფებოდა, რაც დასტურდება მისი პასპორტის ასლით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ გაგზავნია აპელანტის წარმომადგენელს, ხოლო მისი ოჯახის წევრისთვის შეტყობინების ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს ადრესატისათვის ჩაბარებად, ვინაიდან აღნიშნული კანონით დადგენილ შემთხვევაში დაიშვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ხ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. განსახილველი დავის საგანი მეუღლეთა განქორწინებაა და იგი სრულად ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ მაგისტრატ მოსამართლეთა განსახილველი დავის კატეგორიაში.

1.2.2. სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იგი არც შუამდგომლობას შეიცავს საპროცესო ხარჯების საკითხთან მიმართებაში;

1.2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს 10-დღიანი ვადის დაცვით დაევალა სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. განჩინებით განემარტა მხარეს ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები;

1.2.4. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ფოსტით მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2016 წლის 15 თებერვალს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს _ დას.

1.2.5. კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლის თანახმად, სწორად განსაზღვრა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა, რომელიც 2016 წლის 25 თებერვალს ამოიწურა, ხოლო ხარვეზი ამ ვადაში არ გამოსწორებულა, რაც სააპელაციო პალატამ, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას დაუდო საფძვლად.

1.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს სასამართლო შეტყობინების საპროცესო წესების დარღვევით ჩაბარების თაობაზე და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს საკითხი იმის თაობაზე, სასამართლო შეტყობინება მხარეს თუ მის წარმომადგენელს გაუგზავნოს, თავის მხრივ, კანონი ადგენს იმას, თუ რა მიიჩნევა მხარის ინფორმირებად, ამგვარ წესს განეკუთვნება 74-ე მუხლის დანაწესი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება როგორც უშუალოდ მხარის, ისე მისი წარმომადგენლის ინფორმირებად მიჩნევის და შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების საფუძველია. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს მხარის არგუმენტს, რომ, ვინაიდან აპელანტი არ იმყოფებოდა საქართველოში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მის წარმომადგენელს უნდა ჩაბარებოდა, ხოლო ოჯახის წევრისათვის შეტყობინების გადაცემა არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. ამასთანავე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ადრესატის საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა საქმის მასალებით არ დასტურდება, რამდენადაც კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შესწავლით ირკვევა მხოლოდ ის, რომ ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტის ერთი გვერდის ასლს, რომელზეც დასმულია საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭედი, თუმცა თუ ვის ეკუთვნის ეს დოკუმენტი პასპორტის ასლიდან არ დგინდება, შესაბამისად, მხოლოდ დოკუმენტის ერთი გვერდის ასლი, რომლის მფლობელის ვინაობაც არ დგინდება, ღირებულებით მტკიცებულებად არ შეიძლება იქნას მიჩნეული.

1.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე