საქმე №ა-4694-შ-94-2015 28 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე –დ. ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონის #63 სასამართლო უბნის სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონის #63 სასამართლო უბნის სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა დ. ს ასულ ბ-სა (ქორწინებამდელი გვარი - ბ-ი) და ლ. ს-ს შორის 2002 წლის 22 ივნისს ქ.თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს #... სპეციალიზებული განყოფილების მიერ #... სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ს-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მარეგისტრირებელ ორგანოში (მმაჩში) წარსადგენი 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების ამონაწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ:
3.1. საქმის განხილვას ესწრებოდა მოსარჩელე დ. ბ-ი;
3.2. მოპასუხე ლ. ს-ს შეტყობინება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ არ გამოცხადებულა სხდომაზე;
3.3. გადაწყვეტილებით დასტურდება ის გარემოება, რომ მხარეთა ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოში, ამასთან, შუამდგომლობაზე დართული მინდობილობით ირკვევა, რომ ლ. ს-ი საქართველოს მოქალაქეა;
3.4. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 9 მაისს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ლ.ს-ის შუამდგომლობას მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი ამონაწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნის ნაწილში უარი თქვა წარმოებაში მიღებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში ამავე სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ს-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონის #63 სასამართლო უბნის სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონის #63 სასამართლო უბნის სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა დ. რ-ს ასულ ბ-სა (ქორწინებამდელი გვარი - ბ-ი) და ლ. ს-ს შორის 2002 წლის 22 ივნისს ქ.თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს #... სპეციალიზებული განყოფილების მიერ #... სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ს-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ის იმყოფება ფაქტობრივ ქორწინებაში და ზემოთ ხსენებული ქორწინების სარეგისტრაციო ჩანაწერი ხელს უშლის არსებული ფაქტობრივი ქორწინების რეგისტრაციაში.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ:
3.1. საქმის განხილვას ესწრებოდა მოსარჩელე დ. ბ-ი;
3.2. მოპასუხე ლ. ს-ს შეტყობინება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ არ გამოცხადებულა სხდომაზე;
3.3. გადაწყვეტილებით დასტურდება ის გარემოება, რომ მხარეთა ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოში, ამასთან, შუამდგომლობაზე დართული მინდობილობით ირკვევა, რომ ლ. ს-ი საქართველოს მოქალაქეა;
3.4. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 9 მაისს.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონის #63 სასამართლო უბნის სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. რ-ს ასულ ბ-სა (ქორწინებამდელი გვარი - ბ-) და ლ. ს-ს შორის 2002 წლის 22 ივნისს ქ.თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს #... სპეციალიზებული განყოფილების მიერ #... სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონის #63 სასამართლო უბნის სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონის #63 სასამართლო უბნის სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება რომლითაც დ. რ-ს ასულ ბ-სა (ქორწინებამდელი გვარი - ბ-ი) და ლ. ს-ს შორის 2002 წლის 22 ივნისს ქ.თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს #... სპეციალიზებული განყოფილების მიერ #... სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური