№ას-69-66-2016 12 აპრილი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.გ-ძე, თ.გ-ძე, ტ. გ-ძე, ნ. ლ-ძე, ჟ. ა-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ც.კ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 15 თებერვალს ჟ.ა-სა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი) და ც.კ-ეს (შემდეგში მოსარჩელე, გამსესხებელი, კრედიტორი,იპოთეკარი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. 20 000 აშშ დოლარი გამსესხებელმა იმავე დღეს მსესხებელს საკუთრებაში გადასცა {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ-ის 623-ე მუხლი}.
2. მსესხებელმა ნასესხები თანხის სარგებელთან ერთად, რომელიც შეადგენდა თვეში 4%-ს, ექვს თვეში დაბრუნების ვალდებულება იკისრა {სსკ-ის 623-ე და 625-ე მუხლები}. მოგვიანებით მხართა შეთანხმებით შესრულების ვადა არაერთხელ შეიცვალა და საბოლოოდ განისაზღვრა 2014 წლის 20 სექტემბრით (იხ. ხელწერილები საქმის ფურცელი 24-27).
3. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 15 თებერვალს იპოთეკით დაიტვირთა მ, თ. და ტ.გ-ების, ასევე, ნ.ლ-ის (შემდეგში: იპოთეკის საგნის მესაკუთრეები) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქ. ბათუმში, ……… მდებარე, .. ბინა. იპოთეკა კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში {სსკ-ის 289 მუხლის პირველი ნაწილი, 3111-ე მუხლი}.
4. 2013 წლის 15 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 3.2. პუნქტი სესხისა და სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაუბრუნებლობისათვის ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს 0.05%-ს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის {სსკ-ის 417-418-ე მუხლები}.
5. მსესხებელმა გამსესხებელს 2013 წლის 15 თებერვლიდან 2014 წლის თებერვლის ჩათვლით, ყოველთვიურად 800 აშშ დოლარის გადახდით მთლიანად გადაუხადა 11600 აშშ დოლარი .
6. 2014 წლის 19 ივნისის მონაცემებით, მას მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი ჰქონდა 22 400 აშშ დოლარი, მათ შორის, 20 000 აშშ დოლარი - ნასესხები თანხა და 3 თვის სარგებელი (პროცენტი) - 2400 აშშ დოლარი.
7. მსესხებელმა ნასესხები თანხა დათქმულ ვადაში არ დააბრუნა.
8. 2014 წლის 17 ნოემბერს გამსესხებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლისა და უძრავი ქონების მესაკუთრეთა წინააღმდეგ. მან მოითხოვა მოპასუხეებისათვის 27 000 აშშ დოლარის ( სესხი - 20000 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 5200 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1800 აშშ დოლარი) დაკისრება, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია {სსკ-ის 301.1 მუხლი}.
9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირი თანხის, 20000 აშშ დოლარისა და პროცენტის 2400 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იგი ანაზღაურდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით. სარჩელი მეორე მოპასუხეთა მიმართ სესხის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 286-ე მუხლები.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა შემდეგი საფუძვლებით:
11.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ მსესხებელმა მოსარჩელეს 11 600 აშშ დოლარი პროცენტის ანგარიშში გადასცა. აპელანტების მოსაზრებით, ზემოაღნიშნული თანხიდან გადახდილია 6 თვის პროცენტი, ხოლო დარჩენილი თანხით დაიფარა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი. საქმეში დაცული არ არის მტკიცებულება, იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეებმა თანხმობა გამოთქვეს სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, შესაბამისად გამსესხებელსა და მსესხებელს შორის შემდგარი შემდგომი შეთანხმებები, გავლენას ვერ მოახდენდა მანამდე არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე. უძრავი ქონების მესაკუთრეებმა ნდობა გამოუცხადეს მხოლოდ მათ მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას, შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრეები თავისი ქონებით პასუხისმგებლები იყვნენ არა სესხის მთლიან თანხაზე, არამედ გადახდილის გათვალისწინებით დარჩენილი თანხის დაუფარავ ნაწილზე.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებელს 2013 წლის 15 თებერვლის სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი გასვლის შემდეგ, 2014 წლის თებერვლის ჩათვლით, კრედიტორისათვის გადახდილი ჰქონდა, ყოველთვიურად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის თანხა - 800 აშშ დოლარი, სულ 11 600 აშშ დოლარი. აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ, სამოქალაქო კოდექსის 429-430-ე მუხლის დაცვით შედგენილი დოკუმენტი სესხის ძირითადი თანხის გადახდის თაობაზე. ამდენად, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დადასტურდა სესხის ძირი თანხის- 20 000 აშშ დოლარის ნაწილობრივ გადახდის ფაქტი, სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელ ოდენობად 14 000 აშშ დოლარის განსაზღვრისა და მხოლოდ ამ თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცის შესახებ აპელანტის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი.
14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლია შემდეგი გარემოებების გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მსესხებელმა მოსარჩელეს 11 600 აშშ დოლარი პროცენტის ანგარიშში გადასცა. შესაბამისად, არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 6 თვის პროცენტის გადახდისა და დარჩენილი თანხით სესხის ძირითადი ნაწილის დაფარვის თაობაზე. დადგენილია, რომ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის დადებული შეთანხმებებით არაერთხელ შეიცვალა სესხის დაბრუნების ვადა და, საბოლოოდ 2014 წლის 20 სექტემბრით განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, რადგანაც სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდებოდა, მსესხებელი ვალდებული იყო, სესხის სარგებლობისათვის სარგებელი ეხადა მთელი შეთანხმებული ვადის განმავლობაში. უძრავი ქონების მესაკუთრეები კი თავისი ქონებით პასუხისმგებლები იყვნენ 2013 წლის 15 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში, კერძოდ მათი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით მოსარჩელე თავის მოთხოვნას დაიკმაყოფილებს 22 400 აშშ დოლარის, და არა 27 000 აშშ დოლარის ფარგლებში, როგორც ამას ის მოითხოვდა {სსკ-ის 301.1 მუხლი}.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ-ის, თ. გ-ის, ტ.გ-ის, ნ. ლ-ის და ჟ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორები -საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი