№ას-22-22-2016 15 მარტი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ს.ქ. ე. ს. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ., ზ.ბ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ბ. (შემდეგში: კანონისმიერი მემკვიდრე, პირველი მოსარჩელე) და გ.ბ. (შემდეგში: მამკვიდრებელი) 1980 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი ზ.ბ. (შემდეგში: კანონისმიერი მემკვიდრე, მეორე მოსარჩელე) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე, 1151-ე მუხლი,1189-ე მუხლი}.
2. 2002 წლის 10 იანვარს მამკვიდრებელი გარდაიცვალა.
3. 2014 წლის 20 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელეებმა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მიიღეს სამკვიდრო და გახდნენ დანაშთი ქონების თანამესაკუთრეები {სსკ-ის 1306-1307-ე, 1319-1320-ე, 1328-ე,1336-ე, 1421-ე,1424-ე, 1499-1500-ე მუხლები}.
4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მონაცემებით, პირველი მოსარჩელე და მამკვიდრებელი რეგისტრირებული იყვნენ ქ. თბილისში ..... მდებარე საცხოვრებელ ბინაში (შემდეგში: საცხოვრებელი სადგომი, უძრავი ქონება). პირველი მოსარჩელე ზემოაღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია 1982 წლის 2 მარტიდან.
5. მამკვიდრებელს სადავო საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლება მოპოვებული ჰქონდა სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე {„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი}.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული 2013 წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის {სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები};
7. ქ. თბილისი, ..... მდებარე, №11 ბინაზე რეგისტრირებულია წილობრივი მონაცემი - ...., რომლის მესაკუთრეა მ. დ–ძე.
8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების მდებარეობის მისამართზე რეგისტრირებულია 1995 წლის 25 აგვისტოს .... პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად აღნიშნული N11 ბინა - საცხოვრებელი ფართით 70,22 კვ.მ. საერთო ფართით 77,92 კვ.მ., საკუთრებაში გადაეცა - ჟ.ბ–ს (შემდეგში მესაკუთრე);
9. 19.11.1996წ. .... ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მეორე ბინა N11 საკუთრებაში გადაეცა კ.კ–ს;
9. მესაკუთრე გარდაიცვალა 2004 წლის 3 ოქტომბერს.
10. სსიპ ს.ნ. პ–ის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან 2013 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ინფორმაციის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2004 წლის 3 ოქტომბერს გარდაცვლილი მესაკუთრე პირის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;
11. სსიპ ს.ნ.პ–ის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან 2013 წლის 1 ნოემბერს გაცემული ინფორმაციის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2004 წლის 3 ოქტომბერს გარდაცვლილი მესაკუთრის სამკვიდრო ქონების თაობაზე; მესაკუთრის სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არც ანდერძისმიერ და არც კანონისმიერ მემკვიდრეს არ მიუმართავს {სსკ-ის 1343.1 მუხლი, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი}.
12. 2015 წლის 20 თებერვალს მოსარჩელეებმა სსიპ ს.ქ.ე.ს–ს წინააღმდეგ (შემდეგში, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრეს. მათ მოითხოვეს უძრავი ქონების უმკვიდრო ქონებად ცნობა და მათ საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.
13. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა შემდეგი საფუძვლებით:
13.1. მოსარჩელეები არ წარმოადგენენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს.
13.2. მათ ვერ დაადასტურეს მამკვიდრებელსა და უძრავი ქონების მესაკუთრეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი; ამასთან, ზემოაღნიშნული კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომელიც სპეციალურ მოწესრიგებას მოითხოვს. უძრავი ქონების მესაკუთრე კი, გარდაიცვალა 2004 წელს, შესაბამისად, არ არსებობდა სადავო ურთიერთობაზე ზემოხსენებული კანონით დადგენილი წესების გავრცელების საფუძველი.
14. მესამე პირებმა, მ.დ–ემ და კ.კ–მა, თავიანთი პოზიცია ასე დაასაბუთეს: მათ სადავო ბინაზე პრეტენზია არ გააჩნიათ. აღნიშნული დავა არ ხელყოფს მათ საკუთრების უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმავე მისამართზე ფლობენ უძრავ ქონებას, რომელიც სასამართლო განხილვის საგანია, თუმცა მათი უძრავი ქონება განთავსებულია სხვა ადგილას, კორპუსის პირველ და მესამე სართულებზე და ნუმერაცია ემთხვევა მოსარჩელის საცხოვრებელი სადგომის მისამართს, თუმცა, რეალურად მოსარჩელეების მიერ დაკავებული ბინა მდებარეობს მეორე სართულზე და წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მესაკუთრის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონება ცნობილ იქნა უმკვიდროდ და უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცათ მოსარჩელეებს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი, სსკ-ის 1336-ე და 1343-ე მუხლები.
16. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
16.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონებით მამკვიდრებლის სარგებლობის უფლება დასტურდება საცხოვრებელ სადგომზე რეგისტრაციით. საქმეში წარმოდგენილ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ბარათში მითითებული არ არის მამკვიდრებლის სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის თარიღი, ასევე არ არის დადასტურებული მეორე მოსარჩელის სადავო უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი 1996 წლის 27 ივნისამდე.
16.1. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი გარიგების დადების ფაქტი, ასევე, სასამართლოში არ წარმოუდგენია კომუნალური გადასახადის გადახდის მტკიცებულებები 1996 წლის 27 ივნისამდე.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.
18. პალატის განმარტებით, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მოსარჩელე იყოს მოსარგებლე, საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში, მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი, არ უნდა არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო. მოცემულ შემთხვევაში „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მე-4 და 11-13 პუნქტებით გათვალისწინებული და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა წინაპირობა განხორციელებულია: დადგინდა მოსარჩელეების მოსარგებლეობის სტატუსი, სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, თავდაპირველი მესაკუთრე გარდაცვლილია, ხოლო სამკვიდრო ქონება არავის მიუღია, სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არც ანდერძისმიერ და არც კანონისმიერ მემკვიდრეს არ მიუმართავს. პალატამ დაადგინა რომ მოსარჩელის, როგორც მოსარგებლის, უფლება დადასტურდა არამარტო სადავო საცოვრებელი სადგომის მისამართზე რეგისტრაციით, არამედ აბონენტის ბრუნვის ისტორიით და საცხოვრებელი სადგომის ფლობის ფაქტით. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, პალატის მოსაზრებით, აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული, დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა.
19. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:
19.1. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, ხოლო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ: სასამართლომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიჩნია მამკვიდრებელი სადავო ქონების მოსარგებლედ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს, რომ ისინი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეები არიან ზემოხსენებული კანონის მიზნებისათვის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც კანონი უკავშირებს საცხოვრებელის სადგომის დათმობის თაობაზე გარიგების დადების დადასტურებას.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
23.1.სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებელი 1982 წლიდან არა მარტო ფლობდა საცხოვრებელ სადგომს, არამედ რეგისტრირებულიც იყო ამ ბინაში, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და მას მოპოვებული ჰქონდა სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე ამ სადგომზე სარგებლობის უფლება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. სადგომს მამკვიდრებელთან ერთად მოსარჩელეებიც ფლობდნენ. მითითებული კანონის მეორე მუხლის მე-4, მე-11-მე-13 პუნქტების საფუძველზე მამკვიდრებელს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ქონების უმკვიდროდ ცნობა და ამ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა. მოთხოვნის უფლება, სსკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად, შედიოდა სამკვიდრო მასაში და, აქედან გამომდინარე, ეს უფლება კანონის საფუძველზე გადავიდა მოსარჩელეებზე ({სსკ-ის 1306-1307-ე, 1319-1320-ე, 1328-ე,1336-ე, 1421-ე,1424-ე, 1499-1500-ე მუხლები}.
23.2. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა თავისი შესაგებელი და ვერ მიუთითა მოსარჩელეების მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებებზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით (იხ. სუსგ. 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინება #ას-1672-1660-2011, 2012 წლის 1 მარტის განჩინება #ას-81-77-2012).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ს.ქ.ე.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ს.ქ.ე. ს.ო გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი