Facebook Twitter

№ ას-1260-1182-2015 9 მარტი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.კ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ლ.ს.ს.ს.ე. ე. ბ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.კ–ს აღძრული ჰქონდა სამოქალაქო სარჩელი დ.კ–ის, ს.ც–ის და ლ.წ–ის წინააღმდეგ უძრავ ნივთზე არსებული საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების მოთხოვნით (საქმე #2/4457-13).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით,საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება სსიპ „ლ.ს.ს.ს.ე.ე.ბ–ოს“ (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, ბიურო) დაევალა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 162-ე მუხლი].

3. ექსპერტიზის საგანს წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება, კერძოდ, შესაძლებელი იყო თუ არა სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა მისი ღირებულების შემცირების გარეშე [სსსკ-ის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

4. 2014 წლის 24 აპრილს ბიუროს N..... აქტის თანახმად, ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, ვინაიდან დ.კ–მა (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) უნდობლობა გამოუცხადა ადგილზე მისულ ექსპერტებს და მათ აზომვითი სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცა.

5. მოსარჩელემ 2014 წლის 26 ივნისს საჩივრით მიმართა მოპასუხეს ექსპერტების ვ. ლ–სა და ნ.ს–ის მოქმედებების კანონიერების შესასწავლად.

6. 2014 წლის 1 ივლისს მოპასუხის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის №.... წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ექსპერტების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან ბიუროს შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა არ გამოვლენილა.

7. 2014 წლის პირველ აგვისტოს მოსარჩელემ ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა:

7.1. მოპასუხის 2014 წლის 24 აპრილის N.... აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა.

7.2. 2014 წლის პირველი ივლისის ბიუროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა.

7.3. არაქონებრივი (მორალური) ზიანის, 17 564 აშშ დოლარის, ანაზღაურება.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა შემდეგი დასაბუთებით:

8.1. 7.1 და 7.2 პუნქტებში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნებზე არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან დოკუმენტები, რომლის ბათილობასაც ითხოვს მოსარჩელე, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და, შესაბამისად, სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

8.2. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მოპასუხე არ დაეთანხმა. ამასთან მიუთითა, რომ დავა წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით წინამდებარე განჩინების 7.1-7.2. პუნქტებში მითითებული სასარჩელო მოთხოვნების მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სასარჩელო მოთხოვნის დაუშვებლობის გამო.

10. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განჩინებით სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

11. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული გარემოებები. მან დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 413-ე, 1007-ე მუხლები. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის ქმედებით მოსარჩელის ჯანმრთელობას ზიანი არ მისდგომია.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

12.1. სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა, კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მისი ჯანმრთელობის გაუარესებას და მნიშვნელოვანია განსახილველი დავისათვის.

12.2. მან არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა ვერ შედგა იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ უნდობლობა გამოუცხადა ექსპერტიზის ჩასატარებლად ადგილზე მისულ ექსპერტებს.

12.3. ექსპერტიზა 9 თვე მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში ჩატარდა სამი ექსპერტიზა, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა. ბიუროს მხრიდან ექსპერტიზის ჩატარების გაჭიანურებამ, მისი წარმომადგენლების აქტმა „ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის თაობაზე“ და ურთიერთსაპირისპირო დასკვნების შედგენამ აპელანტს, მისი მოსაზრებით მიაყენა ზიანი, კერძოდ, გაუუარესდა ჯანმრთელობა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

14.1. ყურადღება გამახვილდა იმ საფუძვლებზე, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას, პალატის განმარტებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში არაქონებრივი ზიანის დასასაბუთებლად დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ექსპერტიზის გაჭიანურება და ურთიერთსაპირისპირო საექსპერტო დასკვნების შედგენა. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი, გარემოებები, რომელზეც დამყარებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მითითება ექპსერტიზის ჩატარების გაჭიანურებასა და ურთიერთსაპირისპირო საექსპერტო დასკვნების შედგენაზე წარმოადგენდა ახალ ფაქტს, რომელზეც მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია, ამდენად, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე [სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი].

14.2. პალატამ მიუთითა, რომ, ჯანმრთელობის ხელყოფისას, რომლის შედეგად პირმა სულიერი ტანჯვა განიცადა, შეიძლება მოითხოვნილ იქნეს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება [სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილი]. ამასთან, ჯანმრთელობის დაზიანება ზიანის მიმყენებლის ქმედებასთან უშუალო და პირდაპირ კავშირში უნდა იყოს და მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან გამომდინარეობდეს. პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს ამ გარემოების დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულებები [სსსკ-ის 102-ე მუხლი].

15. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:

15.1. კასატორის მოსაზრებით, ექსპერტებისათვის უნდობლობის გამოცხადება ვერ ჩაითვლება ექპერტიზის ჩატარების ხელისშემშლელ გარემოებად. პალატამ არ იმსჯელა და არ განმარტა, ექსპერტებისათვის უნდობლობის გამოცხადება წარმოადგენდა თუ არა მათი მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. მოპასუხეს ჰქონდა ვალდებულების შესრულების სრული შესაძლებლობა.

15.2. აპელანტის მითითება ექსპერტიზის გაჭიანურებასა და ურთიერთსაპირისპირო საექსპერტო დასკვნების შედგენის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დავაზე ახალ გარემოებად, კასატორის განმარტებით, მან აღნიშნულის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხლვისას არაერთხელ მიუთითა.

15.3. „საექსპერტო დასკვნის შედგენის შეუძლებლობის“ აქტით, კასატორის მოსაზრებით, მას ზიანი მიადგა, აქტში მიეთითა რა, რომ კასატორის მხრიდან ექსპერტთათვის უნდობლობის გამოცხადების გამო, ვერ ჩატარდა ექსპერტიზა, კასატორს მიაყენეს შეურაცხყოფა და დააბრალეს ისეთი ქმედება, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან რისკის ქვეშ დადგა უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის საკითხი, რამაც მას ძლიერი მორალური ტრავმა მიაყენა და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. აღნიშნული აქტით დასტურდება, როგორც კასატორისათვის ზიანის მიყენება, ასევე დამდგარი ზიანის მიმართ მოპასუხის ქმედების მიზეზობრივი კავშირიც.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია, კერძოდ:

21. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ წინაპირობებთან მიმართებაში [სსკ-ის 413-ე მუხლი] საკასაციო სასამართლოს დადგენილი აქვს მყარი სასამართლო პრაქტიკა. ასე მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: “კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი... სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა, უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში.“ (იხ .სუსგ #ას-452-431-2015, 28.09.2015)

22. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების ფარგლებში, კასატორმა ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ. 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინება #594-562-2015, ასევე, იხ. 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება 979-940-2014).

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2 დ.კ. გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი