№ას-1277-1198-2015 15 მარტი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ა.ო. ღ-ის ს.ე.ს. ც.“(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,დ.ს.კ.ი.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ა. ო. ღ.ს.ე.ს.ც.” (შემდეგში: სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, კრედიტორი, მოსარჩელე, კასატორი) და შპს დ.ს.კ.,,ი.’’ (მზღვეველი, მოვალე, მოპასუხე, აპელანტი) ,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილებით (შემდეგში: #177დადგენილება) განსაზღვრულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მხარეები არიან {„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი }.
2. #177 დადგენილება განსაზღვრავდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესებს და არეგულირებდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო, ფარმაცევტული და სადაზღვევო მომსახურების სტანდარტებს.
3. ამ დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა 2014 წლის თებერვალში სახელმწიფო სადაზღვევო და კორპორაციული პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება გაუწია მზღვეველის მიერ დაზღვეულ პირებს, შედეგად სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 34 058.20 ლარი {#177-ე დადგენილების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი, სსკ-ის 799.1 მუხლი}.
4. მზღვეველის 2012 წლის 30 მარტის №... და შპს „ჯ.ჰ–ის“ (შემდეგში: ჰოსპიტალი) 2012 წლის 22 მარტის №.... წერილების შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაციას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი უგზავნიდა როგორც მზღვეველს, ასევე, ჰოსპიტალს. 2014 წლის სამედიცინო მომსახურების თაობაზე საანგარიშგებო დოკუმენტაცია მზღვეველსა და ჰოსპიტალს წარედგინა 2014 წლის 4 მარტს.
5. დადგენილების თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 31 მარტამდე {,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი}. ჰოსპიტალმა 25.04.2014 წელს გადაიხადა ასანაზღაურებელი თანხის ნაწილი 13 537.50 ლარი, დავალიანებამ შეადგინა 20 520.70 ლარი.
6. იმავე დადგენილების მიხედვით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის ვადაგადაცილებისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით {#177-ე დადგენილების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი}.
7. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N528 დადგენილებით, ცვლილება შევიდა 177-ე დადგენილებაში და დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მიმწოდებელი უფლებამოსილია, დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე".
8. სსიპ ,,ს.მ.ს–ის" 2014 წლის 30 სექტემბრის რეკომენდაციით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის სარჩელი მზღვეველის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა ძირითადი დავალიანების 20. 448.20 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა შემდეგი პროპორციით: 2014 წლის 28 აპრილამდე ძირითადი დავალიანების 0.1% - 954 ლარი, 2014 წლის 29 აპრილიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ძირითადი დავალიანების 0.1% - 2.084.88 ლარი, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან ყოველდღიურად დარჩენილი დავალიანების 0.02% - 4.08 ლარი {#177-ე დადგენილების მე-2 მუხლის, ჰ2 ქვეპუნქტი}.
9. 2015 წლის 2 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა:
ა. 2014 წლის თებერვალში მოპასუხის ბენეფიციარებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის - 20 520.70 ლარის გადახდა;
ბ. 2014 წლის თებერვალში გაწეული სამედიცინო მომსახურების ვადაგადაცილებისათვის 2014 წლის 31 მარტიდან - 2014 წლის 25 აპრილამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს 851.50 ლარის გადახდა ;
გ. 2014 წლის 25 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების 0.1%, რაც თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 20.52 ლარს.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა შემდეგი დასაბუთებით:
10.1. მოსარჩელემ არასრულად გაუგზავნა მოპასუხეს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, კერძოდ, მოპასუხეს გაეგზავნა მხოლოდ ფორმა N100, რაც არ ასახავს მკურნალობის სურათს და სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში დაშვებულ დარღვევებს.
10.2. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგად მოსარჩელე დაწესებულებაში გამოვლინდა მთელი რიგი სამედიცინო დარღვევები, აღნიშნულიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დადგა დაზღვეულთათვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების გაწევის, დიაგნოზისა და მკურნალობის სისწორის საკითხი.
10.3. 2014 წლის 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.1% დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. 2014 წლის 8 აგვისტოდან მოქმედებს ახალი პირგასამტეხლოს განაკვეთი (0.02%), ამასთან, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე მუხლები.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
12.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. საანგარიშგებოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, ფორმა N100 არ წარმოადგენდა ანგარიშგებისათვის აუცილებელ სრულყოფილ სამედიცინო დოკუმენტაციას, ვინაიდან მკურნალობის სისწორის ეჭვქვეშ დაყენების შემთხვევაში, მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სრულყოფილი საანგარიშგებო დოუკუმენტაცია, რომლის წარდგენის ვალდებულება მოსარჩელეს აკისრია.
12.2. სასამართლოს არ გაითვალისწინა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მოსარჩელის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოტანილი დასკვნები.
12.3. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N528 დადგენილებით, ცვლილება შევიდა 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების შესაბამის ნაწილში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის დაწესებული პირგასამტეხლო 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე განისაზღვრა ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდის პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში შეიცვალა სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20.52 ლარი, (20520,70 ლარი 0.1%) 2014 წლის 25 აპრილიდან-2014 წლის 8 აგვისტომდე, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4.10 ლარის (20 520.70 ლარის 0.02%), პირგასამტეხლოს გადახდა.
14. პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით მიიჩნია, რომ ვინაიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენდა ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ს, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ს, შესაბამისად, დავაზე პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენისას, სწორედ წინამდებარე რეგულირებით უნდა ეხელმძღვანელა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
15. პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ (გათვალისწინებული წესების მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით) არ ათავისუფლებდა მზღვეველს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ მზღვეველს ეცნობა ყველა საჭირო ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ, როგორიცაა: მომსახურების თანხის ოდენობა, მომსახურების სახე პაციენტთა ვინაობის მითითებით, დასმული დიაგნოზების დასახელება, მომსახურების პერიოდები, მომსახურების დასახელება და კონკრეტულ პაციენტზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. მოპასუხეს საანგარიშგებო დოკუმენტაციის მისთვის წარდგენიდან 19 სამუშაო დღეში წარმოეშვა მოსარჩელისათვის სარჩელით სადავო თანხის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მას არ შეუსრულებია.
16. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, შემდეგი საფუძვლებით:
16.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, დავა ეხება 2014 წლის თებერვალში გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებას, რასთან მიმართებითაც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა პირგასამტეხლოს 0.1%-იანი განაკვეთი.
16.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მანამდე არსებულ სასამართლო გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკას, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ.ას-1147-1394-05; სუს განჩინება N3კ-1133-02; სუს განჩინება N3კ-1155-02; სუს განჩინება Nას-7-362-07; განჩინება Nას-819-771-2012 სუსგ 2016 წლის 29 იანვრის განჩინება #ას-1003-947-2015, 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინება #ას-942-892-2015).
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ა.ო. ღ.ს. ე.ს.ც–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება#1, გადახდის თარიღი 18.12.15 სს ,,კორ სტანდარტ ბანკი“ ), 417.10 ლარის 70% – 291.97 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი