საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-692-658-2015 29 დეკემბერი, 2015 წელი
№ას-692-658-2015მ-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა-ლ მ-ი
გარიგებითი წარმომადგენელი - თ-ზ კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ-ი მ-ი
გარიგებითი წარმომადგენელი - დ-ი ვ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება;
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ჰ-ნ მ-ი (შემდეგში: მამკვიდრებელი) გარდაიცვალა 2010 წლის 21 ოქტომბერს.
2. ა-ლ მ-ი (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) და გ-ი მ-ი (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები (შვილები) არიან [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 1336-ე მუხლი].
3. მამკვიდრებლის ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 2010 წლის 21 ოქტომბერს [სსკ-ის 1320-ე მუხლი]. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა სახლთმფლობელობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მდებარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში [სსკ-ის 1328-ე მუხლი].
4. არც მოსარჩელესა და არც მოპასუხეს სამკვიდროს გახსნიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ შეუტანიათ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ სანოტარო ორგანოში [სსკ-ის 1421.2 და 1424-ე მუხლები].
5. მოპასუხე მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში. მას მემკვიდრეობა მიღებული აქვს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით [სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები და 1433-ე მუხლი].
6. 2011 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხემ მიმართა სანოტარო ორგანოს და მოითხოვა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. მან განცხადებაში მიუთითა, რომ პირველი რიგის სხვა მემკვიდრეები არ არსებობდნენ.
7. 2011 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა #111118252, რომლითაც მან საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები და პასივები. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოპასუხის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 3170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე 303,1 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და ამ ქონების მიმდებარედ, სოფელ გ-ში არსებული 4492 კვ.მ მიწის ნაკვეთი [სსკ-ის 1499.1-ე და 1500-ე მუხლები].
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან მოითხოვა 2011 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის №111118252) ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონებაში შემავალი 4492 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.3-.-.0-, შემდეგში: „სადავო მიწის ნაკვეთი“) ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო, რადგანაც იგი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ფლობდა და მის შემდეგაც ფლობს და სარგებლობს სამკვიდრო მასაში შემავალი სოფელ გ-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილით [სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები და 1433-ე მუხლი].
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის სამკვიდროთი მისი გახსნის დღიდან დღემდე სარგებლობს და უვლის როგორც საკუთარს, რაც უდავოდ მოწმობდა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1306-ე, 1319-1320-ე,1336-ე, 1433-ე, 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, 1424-ე და 1499-ე მუხლის პირველი ნაწილი.
10. საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1990 წლის 30 აგვისტოს მამკვიდრებლის კომლს ცალკე კომლად გამოეყო მოსარჩელე (იხ. ს.ფ. 15, 55). თუკი ამ გაყოფამდე კომლს ერიცხებოდა 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი, გამოყოფის შემდეგ რიცხული ნაკვეთის მოცულობა შემცირდა 0,3 ჰა–მდე, ე.. მანამდე კომლის სახელზე რიცხული 0,2 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა მოსარჩელის კომლს. ამასთან, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მოსარჩელეს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს და სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას ან მის ნაწილს არც ფაქტობრივად არ დაუფლებია. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1421.2, 1424-ე, 1319-1320-ე, 1336-ე, 1328.1-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილი.
13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საჩივარში მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ მიუღია სამკვიდრო. კასატორი მიიჩნევს, რომ სამკვიდროს მიღებისა და მართვის ფაქტი დასტურდებოდა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საქმის მასალების გაცნობა, შესწავლა და ანალიზი, ასევე, მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.
16. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები [სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი], რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი დასკვნა სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობის თაობაზე, სახელდობრ:
16.1. წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. სსკ-ის 1433-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი ანუ საკუთრების უფლების წარმოშობას კანონი უკავშირებს განსაზღვრული იურიდიული ქმედებების შესრულებას სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში [სსკ-ის 1424-ე და 1421-ე მუხლები], კერძოდ, მემკვიდრემ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო ან მისი ნაწილი, უნდა მიიღოს ფაქტობრივი ფლობით ან მართვით, ან სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით უნდა გამოავლინოს მისი მიღების ნება.
16.2. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს სანოტარო ორგანოში განცხადება არ შეუტანია, მაგრამ იგი ამტკიცებდა, რომ სამკვიდრო მან მისი ნაწილის ფლობითა და მართვით მიიღო. ამის დასადასტურებლად ის მიუთითებდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ა) სამკვიდრო მასაში შემავალი სადავო 4492 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საგვარეულო (20 000 კვ.მ) მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს. მასზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები.
ბ) საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით 20.3-.-.0-- და 20.3-.-.0- (სადავო ნაკვეთი) ერთმანეთისაგან გამიჯნული არ არის. კასატორის საცხოვრებელ სახლსა და სადავო მიწის ნაკვეთს შორის მიჯნა (ღობე) არ არსებობს.
გ) ორივე მემეკვიდრე საერთო შესასვლელით სარგებლობს და, შესაბამისად, ფლობს სადავო ნაკვეთს.
ამ გარემოებების დასადასტურებლად კასატორი მიუთითებდა მიწის ნაკვეთის ტოპო-გადაღებაზე (იხ.ს.ფ.27) და მოწმეთა ჩვენებებზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა სამკვიდროს მიღების სამართლებრივი ბუნება. ამ დროს მემკვიდრე ისეთ მოქმედებებს უნდა ახორციელებდეს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მის მიერ სამკვიდროს მიღებასა და მესაკუთრის სტატუსის მოპოვების განზრახვას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ის ფაქტი, რომ კასატორი მამკვიდრებლის სიცოცხლეში მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობდა, შეფასების გარეშე დატოვა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და მისი გაუმიჯნავობა, აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ამ ნაკვეთზე კასატორი პრეტენზიას მამის სიცოცხლეშივე აცხადებდა (იხ. მოწმე გ-ე მ-ის ჩვენება).
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მისაღებად აუცილებელი იურიდიული ქმედებების კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში განუხორციელებლობის გამო, სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე დაუსაბუთებელია.
17. სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას, სწორად უნდა გაანაწილოს მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], სრულყოფილად გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს როგორც სარჩელის ფაქტობრივი წანამძღვრები, ისე მოპასუხის შესაგებელი, გამოიკვლიოს წინამდებარე განჩინების პ.16.1-16.2-ში მითითებული გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
18. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
19. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408.1-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა-ლ მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი