Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №180210014000504452

№ას-655-621-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი

№ას-655-621-2015W-i თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი: ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ-მ ჭ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ-ა ჭ-ი

ი-ბ ჭ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდროს გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ-ზ ჭ-ის (შემდეგში: „მამკვიდრებელი“) საკუთრებაში ირიცხებოდა დაბა თ-ში, ა-ს ქ. #--ის შესახვევ #-ში და დაბა თ-ში, 9-ს ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება (ს.კ 7-, შემდეგში: „სამკვიდრო ქონება“).

2. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 22 ივნისს და მის დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1319-1320-ე მუხლები].

3. მამკვიდრებელს დარჩა პირველი რიგის 4 მემკვიდრე: მეუღლე ლ-ა ჭ-ი (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), მამა ი-ბ ჭ-ი (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, ან მოწინააღმდეგე მხარე) შვილები: მ-მი (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) და ა-ე (შემდეგში: მოსარჩელეების წარმომადგენელი) [სსკ-ის 1336- მუხლი].

4. მოსარჩელეების წარმომადგენელმა სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გასვლამდე [სსკ-ის 1424-ე მუხლი], 2013 წლის 18 ივლისს, განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე [სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე და 1499-ე მუხლის პირველი ნაწილები]. განცხადებაში მითითებული იყო სხვა მემკვიდრის, პირველი მოსარჩელის არსებობაზეც.

5. 2013 წლის 20 დეკემბერს, მოპასუხემაც კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე [სსკ -ის 1424, 1421.2, 1499.1 მუხლები].

6. პირველი მოსარჩელე შრომით მიგრაციაში, საბერძნეთში იმყოფებოდა. ის 2008 წლის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა.

7. მეორე მოსარჩელე უსინათლოა, იგი დაავადებულია ორივე თვალის ტერმინალური გლაუკომით.

8. სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2014 წლის 17 იანვარს, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ნოტარიუს ძ-ს სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე.

9. ნოტარიუსის 2014 წლის 5 თებერვლის დადგენილებით [სანოტარო რეგისტრაციის #140094753] მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი ფლობის ფაქტის დადგენამდე [იხ. ტ.1 ს.ფ. 26-29]

10. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ, მათ მოითხოვეს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება [სსკ -ის 1426.1 მუხლი] და მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ¼-1/4 წილის მესაკუთრედ ცნობა [სსკ-ის 1433 მუხლი].

11. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება, კერძოდ, მეორე მოსარჩელის შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის - სიბრმავის გათვალისწინებით, ხოლო პირველი მოსარჩელის შემთხვევაში, 2008 წლიდან დავის დაწყებამდე მისი საქართველოში არყოფნის მხედველობაში მიღებით.

მოსარჩელეები ცნობილ იქნენ სამკვიდრო ქონების ¼-1/4-ის მესაკუთრედ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1336-ე, 1421-ე, 1423- 1424-ე, 1450-ე, 1478-1479-ე, 1328-ე, 1451-ე, 1433-ე, 1469-ე და 1426.1-ე მუხლები.

12. მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელაციის წესით.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

14. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება კასაციის წესით გაასაჩივრა. მან საკასაციო საჩივარი დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელია, შესაბამისად, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 394-ე „ე“ ქ/პუნქტის მოთხოვნები კერძოდ:

14.1. სასამართლომ ისე მიიჩნია მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება საპატიოდ, რომ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა, თუ რატომ არ გამოიყენეს მათ თავიანთი უფლება წარმომადგენლის მეშვეობით მიეღოთ სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში [სსკ-ის 1423-ე მუხლი];

14.2. სასამართლო პროცესში მხარედ არ იყო ჩაბმული მოსარჩელეთა წარმომადგენელი, რომელიც, ასევე, კანონისმიერი მემკვიდრეა.

14.3. სამკვიდრო მასაში მამკვიდრებლის ქონებად მიჩნეულ იქნა დაბა თ-ში, 9-ს ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება, მაშინ, როდესაც, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, ამ ქონების მესაკუთრეა თ-ზ ჭ-ი და არა მამკვიდრებელი, შესაბამისად, ისე იქნა აღიარებული მოსარჩელეების საკუთრების უფლება ამ ქონებაზე, რომ კანონით დადგენილი წესით არ დადგენილა თ-ზ ჭ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მამკვიდრებელის კუთვნილების ფაქტი [სსსკ-ის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტი].

14.4. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1450-ე მუხლი. მან არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებმა გაუშვეს სამკვიდროს მიღებაზე უარის გასაჩივრების ორთვიანი ვადა. ნოტარიუსის 2014 წლის 17 იანვრის დადგენილებით, მათ უარი ეთქვათ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ხოლო სარჩელი მათ აღძრეს მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, 2014 წლის 23 აპრილს.

14.5. სასამართლომ ისე აღიარა პირველი მოსარჩელე მამკვიდრებლის მემკვიდრედ, რომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 1341-ე მუხლის დანაწესი [„განქორწინებისას სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.“ ]

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საქმის მასალების გაცნობა, შესწავლა და ანალიზი, ასევე, მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, საქმის ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.

17. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები [სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი], რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი დასკვნა სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობის თაობაზე, სახელდობრ:

17.1. წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. სსკ-ის 1433-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი, ანუ საკუთრების უფლების წარმოშობას კანონი უკავშირებს განსაზღვრული იურიდიული ქმედებების შესრულებას სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში [სსკ-ის 1424-ე მუხლი]. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ სამკვიდროს დამტოვებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს, კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ შეასრულეს სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული იურიდიული ქმედებები, რაც უდავოდ დაადასტურებდა მათ მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს, კერძოდ, ისინი არც ფაქტობრივად არ შედგომიან სამკვიდროს ფლობას ან მართვას და არც სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით არ გამოუვლენიათ სამკვიდროს მიღების ნება, ამიტომაც ისინი მოითხოვენ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას [სსკ -ის 1426.1 მუხლი] და მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ¼-1/4 წილის მესაკუთრედ ცნობას [სსკ-ის 1433 მუხლი].

17.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ოთხი კანონისმიერი მემკვიდრიდან ორმა მათგანმა, მოპასუხემ და მოსარჩელეების წარმომადგენელმა, მიიღეს სამკვიდრო, ხოლო მოსარჩელეებმა სამკვიდროს მიღების ვადა გაუშვეს. ამასთან, არ არსებობდა სსკ-ის 1426-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადების („ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე“) გამოყენების საფუძველი, რაც მოსარჩელეებს მისცემდა საშუალებას, არ მიემართათ სასამართლოსათვის და ისე მიეღოთ სამკვიდრო. კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დაადგენს ვადის გადაცილების საპატიოობას. ამ უკანასკნელის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, როგორც წესი, საპატიოობას ორი მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გააჩნდეს: ა) თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება ცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე და ბ) თუ მემკვიდრემ ვადა გაუშვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც მას ობიექტურად არ აძლევდა საშუალებას, მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში და მხოლოდ ამ დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ შეძლო მან სასამართლოსათვის მიმართვა (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.11წ. განჩინება საქმეზე №ას-851-800-2010; 21.02.11წ. განჩინება საქმე №ას-89-79-2011; 01.03.11წ. განჩინება საქმე ას-1294-1139-2011; 25.05.11წ. განჩინება საქმე №ას-392-372-2011; 06.06.11წ. განჩინება №ას-477-451-2011).

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ გაიზიარა საკასაციო სასამართლოს შემდეგი განმარტება: „მემკვიდრის უფლება სამკვიდრო ქონებაზე შეზღუდულია ნების გამოხატვის ფორმითა და წესით. აღნიშნული შეზღუდვა განაპირობებს სხვა მემკვიდრეთა ინტერესის დაცვას, გონივრულ ვადაში უზრუნველყონ სამკვიდროდან კუთვნილი უფლების დადგენა და რეალიზაცია, თუმცა, ყველა მემკვიდრის ინტერესის თანაბარზომიერი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე შეზღუდვა არ არის აბსოლუტური ხასიათის და კანონი უშვებს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზი საპატიოდ იქნება ცნობილი. საპატიოობის კრიტერიუმი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასების საგანია და მასთან დაკავშირებული დასკვნა უნდა იყოს მოტივირებული თითოეული მემკვიდრის მართლზომიერი ინტერესის დაცვის აუცილებლობით, ვადის გაშვების სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამოკვლევითა და იმგვარი მოსაზრებით, რომ ვადის გაშვება განპირობებულია არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით.“(იხ.№ას-480-454-2012 30 აპრილი 2012 წელი).

17.3. საკასაციო პალატა იზიარებს კასაციის მოტივს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელეების მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიოობის შესახებ დაუსაბუთებელია, კერძოდ, ორივე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის შესახებ. ის მიზეზი, რომ პირველი მოსარჩელე 2008 წლიდან დღემდე შრომით მიგრაციაშია, ხოლო მეორე მოსარჩელე უსინათლოა, არსებობდა სამკვიდროს გახსნამდე და არცერთი ეს გარემოება დღემდე არ აღმოფხვრილა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, თუ რა უშლიდათ ხელს მოსარჩელეებს ექვსთვიან ვადაში მიეღოთ სამკვიდრო იმ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელსაც მათ 2013 წლის 25 დეკემბერსა და 2014 წლის 13 იანვარს (ამ დროისათვის ექვსთვიანი ვადა უკვე გასული იყო, რადგანაც მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 22 ივნისს) მიანიჭეს მათი სახელით მოქმედების უფლებამოსილება სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტები და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა „მყარი შინაგანი რწმენის“ საფუძველზე იძლეოდა ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას [სსსკ-ის 105.2. მუხლი], რისი საფუძველიც ამ შემთხვევაში არ გვაქვს.

17.4. მემკვიდრეობის საქმეთა განხილვა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმის განხილვაში მხარედ ყველა იმ რიგის მემკვიდრე მოიწვევა, რომელსაც კანონის თანახმად გააჩნია მემკვიდრეობის უფლება [სსკ-ის 1336-ე მუხლი]. საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა ერთ-ერთი მემკვიდრე (მოსარჩელეთა წარმომადგენელი), რომელმაც სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში მიიღო და, აქედან გამომდინარე, მესაკუთრეც გახდა [სსკ-ის 1433-ე მუხლი]. შესაბამისად, სააპელაციო პალატის ყურადღების მიღმა დარჩა სავალდებულო თანამონაწილეობის საკითხი, რომელიც მოწესრიგებულია სსსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და, რომლის თანახმადაც, სავალდებულო თანამონაწილეობა სახეზეა თუ სარჩელის საგანს საერთო უფლება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მემკვიდრეთა საერთო უფლება კანონიდან გამომდინარე იყო [სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი წინადადება], მოსარჩელეებმა კი, მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ¼- ¼ წილის მესაკუთრედ ცნობა ისე მოითხოვეს, რომ მოთხოვნა წაუყენეს მხოლოდ მოპასუხეს და საქმეში არ ჩააბეს მეოთხე მემკვიდრე.

17.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასაციის მოტივს (იხ.პ.14.4) იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1450-ე მუხლი [„სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი“). ამ ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მაშინ, თუ დავის საგანი იქნებოდა მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე გამოვლენილი ნების ნამდვილობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან ამ ფაქტს. ისინი მოითხოვენ მათ მიერ სამკვიდროს მიღების ვადაგადაცილების მიზეზების საპატიოდ აღიარებას და ამ ქონებიდან მათი კუთვნილი წილის მესაკუთრედ ცნობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა მითითებული ნორმა და სწორად დაადგინა, რომ არ არსებობდა ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების საფუძველი.

17.6. ასევე არ არის გასაზიარებელი კასატორის მოსაზრება დაბა თ-ში, 9-ს ქუჩაზე არსებული უძრავი ქონების, რომლის მესაკუთრეც, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, თ-ზ ჭ-ია, მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებად არასწორად მიჩნევის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა იურიდიული ფაქტი იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ დოკუმენტში შეცდომით იყო მითითებული გარდაცვლილის შინაურული სახელი „თ-ზი“ და საჯარო რეესტრის ჩანაწერიც და მის საფუძველზე გაცემული ამონაწერიც ეკუთვნოდა თ-ზ ჭ-ს [სსსკ-ის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი]. შესაბამისად, ამ შემთხვევაში იურიდიული ფაქტი სასამართლოს არა უდავო წარმოებით უნდა დაედგინა, არამედ სასარჩელო წარმოების გზით, რადგანაც მხარეთა შორის უფლებაზე დავა უკვე მიმდინარეობდა. [სსსკ-ის 311.2 მუხლი].

17.7. ასევე არასწორია კასატორის მოტივი სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 1341-ე მუხლის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, კასატორს ამ გარემოებაზე არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ მიუთითებია, მეორეც, ასეთი მითითების შემთხვევაშიც, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა ამ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ სამართლებრივ წინაპირობებზე, რადგანაც მოპასუხეს შეგებებული სარჩელის წარდგენის გზით პირველი მოსაჩელისათვის კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა არ მოუთხოვია.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას, სწორად უნდა გაანაწილოს მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], სრულყოფილად გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს, როგორც სარჩელის ფაქტობრივი წანამძღვრები, ისე მოპასუხის შესაგებელი, გამოიკვლიოს წინამდებარე განჩინების პ.17.2-17.4-ში მითითებული გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

19.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.1-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ-მ ჭ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი