Facebook Twitter

საქმე №ას-421-398-2014 5 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე - 1. ნ. შ-ი (მოპასუხე)

2. ქ. ფ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ჯიმითის ტერიტორიული ორგანო, ნოტარიუსი ნ.თ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ქ.ფ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. შ-ის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ჯიმითის ტერიტორიული ორგანოსა და ნოტარიუს ნ. თ-ის მიმართ, შ. შ-ის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის საპატიოდ მიჩნევის, ამ ვადის აღდგენისა და 2010 წლის 4 ოქტომბერს ნ.შ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე 2008 წლის სექტემბრიდან არ იმყოფებოდა საქართველოში, არალეგალურად ცხოვრობდა იტალიაში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შეძლო მამის სამკვიდროს მიღება. რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობას, მოპასუხემ იგი მიიღო 2010 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ. შ-ი სამკვიდროს დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით, რაც არასწორია, ამასთანავე, სამკვიდრო მოწმობა ემყარება ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ საეჭვო ცნობას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის საპატიოდ მიჩნევისა და მისი აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე ადვოკატების მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. ფ-ს აღუდგა მამის _ შ. შ-ის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა, ხოლო სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ მამკვიდრებელი შ. შ-ი გარდაიცვალა 2009 წლის 22 მაისს;

ქ. ფ-ი და ნ. შ-ი არიან შ. შ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები _ შვილები;

შ. შ-ის დედა _ ქ. შ-ი გარდაიცვალა 2001 წლის 1 მაისს. ქ. შ-ის გარდაცვალების შემდეგ, მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი შვილი შ. შ-ი;

კანონიერ ძალაში შესული განჩინების თანახმად, მამის სამკვიდრო მიღებული აქვს ნ. შ-ს და მას ბებიის სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა ჰქონდა მამის - შ. შ-ის მიერ დედამისის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტიდან გამომდინარე;

2010 წლის 4 ოქტომბერს ნ. შ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ. შ-მა მემკვიდრეობით მიიღო ბებიის სამკვიდრო (გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ეზო, 0.17 ჰა მიწის ნაკვეთი „სახლთან სახნავი“, 0.27 ჰა „სახლთან ვენახი“, 1538,55 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი, 3599.25 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი);

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ. ფ-ი 2008 წლიდან არ იმყოფება საქართველოში და იგი სამკვიდრო ქონების მიღებისათვის დადგენილ ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია სამკვიდროს, უდავოა, რომ ამავე ვადაში ქ. ფ-ს სამკვიდროს მისაღებად არც სანოტარო ორგანოსთვის მიუმართავს;

პალატის შეფასებით, ქ. ფ-ის მიერ მამის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე ქ. ფ-მა სამკვიდროს მიღების მიზნით პირველი ქმედება განახორციელა 18.02.2011წ., გასცა რა მინდობილობა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომლითაც მინდობილ პირს მიანიჭა კონკრეტული უფლებამოსილება _ ეწარმოებინა სამემკვიდრეო საქმე გარდაცვლილი ქ. შ-ისა და შ. შ-ის დანაშთ ქონებაზე. გათვალისწინებით იმისა, რომ მამკვიდრებელი შ. შ-ი გარდაიცვალა 22.05.2009წ., პალატის მოსაზრებით, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგენილიყო ქ. ფ-ის მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილების საპატიოობა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან _ 2009 წლის 22 მაისიდან, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მისაღებად პირველი ქმედების განხორციელებამდე _ 2011 წლის 18 თებერვლამდე.

მოსარჩელე ამ პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში და იგი ობიექტურად ვერ შეძლებდა, ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას. რაც შეეხება სამკვიდრო მიღებას წარმომადგენლის მეშვეობით, პალატამ მიუთითა იმ უდავო გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არალეგალურად (სავიზო რეჟიმის დარღვევით) იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სასამართლოს შეფასებით, დასაბუთებული იყო ვარაუდი, რომ ქ. ფ-ი მოკლებული იყო შესაძლებლობას, საკონსულოს მეშვეობით ეწარმოებინა წარმომადგენლობის გაფორმების საკითხი. სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მოსარჩელეს შეეძლო, სამკვიდრო მიეღო წარმომადგენლის მეშვეობითაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.08.2010წ. №146 ბრძანების შესაბამისად გაცემული მინდობილობით (კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება არ წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს, იგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და დაუსაბუთებელია მსჯელობა კანონქვემდებარე აქტში ამა თუ იმ ცვლილების შეტანის შესახებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქის სავალდებულო ინფორმირების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმატული აქტისა და იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო რწმუნებულების დამოწმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა სწორედ ადვოკატთან კონსულტაციის შედეგად, რის შემდგომაც ქ. ფ-მა სამკვიდროს მისაღებად პირველი ქმედება განახორციელა 18.02.2011წ.

სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელემ დაადასტურა სადავო პერიოდის განმავლობაში სამკვიდრო მისაღებად დადგენილ ვადაში მემკვიდრის ნების გამოვლენის შეუძლებლობა, რის გამოც ქ. ფ-ის მიერ მამის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1500-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ 04.10.2010წ. ნ. შ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ. შ-მა მემკვიდრეობით მიიღო ბებიის _ ქ. შ-ის სამკვიდრო. მოსარჩელე მოითხოვდა ნ. შ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ნ. შ-ს ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია მამის სამკვიდრო და სოფელ ჯ-ის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა, რომელსაც დაეყრდნო ნაოტარიუსი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის საკითხის დადგენისას, უკანონო იყო. სასამართლოს განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და განჩინებებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. ფ-ისა და ნ. მ-ის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ, დადგენილი იყო, რომ მამის სამკვიდრო მიღებული ჰქონდა ნ. შ-ს და მას ბებიის სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა ჰქონდა მამის მიერ ქ. შ-ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებიდან გამომდინარე, შესაბამისად, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მსჯელობა, რომ ნ. შ-ს ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია სამკვიდრო, რაც სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის წანამძღვრების არსებობას გამორიცხავდა.

სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება, ცალმხრივი სამოქალაქო გარიგებაა და იგი არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირის ნების ობიექტურად არსებობას გარკვეული სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილ იქნეს. გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონი განამტკიცებს პირის უფლებას, მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადას. სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში მემკვიდრის ნების არსებობაზე აპელირება, არამედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ფორმალური საფუძველი - ნების გამოვლენის შეუძლებლობის დადასტურება. სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი იძლევა სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოა. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საუბარია 6-თვიანი ვადის სრულად გაშვების საპატიოობაზე და არა სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიან პერიოდში დროის გარკვეული მონაკვეთის საპატიოობაზე. ვადის გადაცილების საპატიოობა გულისხმობს ისეთი ობიექტური და სუბიექტური გარემოებების ერთობლიობას, რომლებიც გამორიცხავს პირის მიერ სამკვიდროს მიღების ნების გამოვლენის შესაძლებლობას. ამასთან, ვადის გაშვების საპატიო საფუძვლები უნდა არსებობდეს არა მხოლოდ სამკვიდროს გახსნიდან 6-თვის განმავლობაში, არამედ სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადის ამოწურვიდან სამკვიდროს მიღებისათვის ქმედების განხორციელების თარიღამდე, რაც სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული იყო, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ ქ. ფ-ს უნდა აღდგენოდა მამის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების უკანონობის თაობაზე. ამ კუთხით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლზე, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოწმეთა დაკითხვასა და წერილობითი მტკიცებულებების დართვას შუამდგომლობდა, ერთი მხრივ, მოპასუხის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების საწინააღმდეგო ფაქტის და, მეორე მხრივ, თავად მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტის დადასტურების მიზნით. პალატამ მიუთითა მხარეთა შორის არსებულ დავაზე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილი იყო ნ. შ-ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, ასევე ის, რომ ქ. ფ-ს სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში არ მიუღია სამკვიდრო, რაც გამორიცხავდა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმებას.

პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ქ. ფ-ის მოთხოვნას არ წარმოადგენდა სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და შესაბამისი ცვლილების შეტანა სამკვიდრო მოწმობაში, სარჩელის მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით კი, სასამართლო ნ. შ-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების განხორციელებაზე ვერ იმსჯელებდა, თუმცა, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის აღდგენის შემთხვევაში, მხარეს ჰქონდა უფლება, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების მოთხოვნით მიემართა ნოტარიუსისათვის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და მოსარჩელისათვის სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლით, რადგანაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6-თვიანი ვადის გასვლის შემდგომი პერიოდის საპატიოდ მიჩნევა, ამასთანავე, ამ ვადის საპატიოდ გაშვება არც საქმის მასალებით დასტურდება, რადგანაც მოსარჩელისათვის მამკვიდრებლის გარდაცვალების თაობაზე მაშინვე გახდა ცნობილი, გარდა აღნიშნულისა, ჩამოსული იყო საქართველოში და უფლების რეალიზაცია არ განუხორციელებია, უფრო მეტიც, მას საზღვარგარეთ ყოფნისას შეეძლო საკონსულო დაწესებულებისა და ნოტარიუსისათვის მიმართვით გაეცა მინდობილობა საკუთარი უფლების გამოყენების მიზნით. არ შეიძლება გაზიარებულ იქნას მხარის მითითება, რომ ის იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა, რადგანაც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მხოლოდ სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის აღდგენას და მისი მიზანი იყო არა სამკვიდროს რეალურად მიღება, არამედ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გაუარესება. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა და საპატიოდ მიიჩნია ასევე სამკვიდროს მიღების შემდგომ გასული ვადაც, ამასთანავე, საყურადღებოა, რომ მიუხედავად გამოძიებით იმ ფაქტის დადასტურებისა, რომ კასატორმა კანონიერად მიიღო სამკვიდრო და ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც საფუძვლად უდევს სამკვიდრო მოწმობას, ასევე კანონიერია, ქ.ფ-ი მაინც მოითხოვს ამ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას. სამკვიდროს მიღების ფაქტი ასევე დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.

კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მოსარჩელის საზღვარგარეთ უკანონოდ ყოფნისა და მის მიერ სამკვიდროს მისაღებად პირველი მოქმედების 2011 წლის 18 თებერვალს განხორციელების თაობაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფ-მაც, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მამის გარდაცვალებიდან 6 თვეში დაეუფლა სამკვიდროს. შ. შ-ი გარდაიცვალა 2009 წლის 22 მაისს, მოპასუხემ კი, სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის დარღვევით მიიღო.

სამკვიდრო მოწმობის მიღების საფუძველი სოფელ ჯ-ის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობაა, რომელიც სარჩელით სადავოდაა გამხდარი, ამასთან, ნ.შ-ის მუდმივი საცხოვრებელი არის ქ.რუსთავი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა წარადგინა სამკვიდროს გახსნის ვადაში მისი ოჯახის წევრების მიერ გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამგვარი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია. ნ.შ-ის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტის გასაქარწყლებლად მოსარჩელე მოითხოვდა მოწმეების დაკითხვას. სასამართლოს არ დაუსაბუთებია გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, პროცესუალური თვალსაზრისით დაედასტურებინა მოთხოვნის კანონიერება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ნ. შ-ისა და ქ. ფ-ის საკასაციო საჩივრები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. ფ-ს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ იმ გარემოებებზე, რომ:

მამკვიდრებელი შ. შ-ი გარდაიცვალა 2009 წლის 22 მაისს;

ქ. ფ-ი და ნ. შ-ი არიან შ. შ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები _ შვილები;

შ. შ-ის დედა, ქ. შ-ი, გარდაიცვალა 2001 წლის 1 მაისს. ქ. შ-ის გარდაცვალების შემდეგ, მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი შვილი შ. შ-ი;

შ. შ-ის სამკვიდრო მიღებული აქვს ნ. შ-ს და მას ბებიის სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა ჰქონდა მამის _ შ. შ-ის მიერ დედამისის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე;

2010 წლის 4 ოქტომბერს ნ. შ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ. შ-მა მემკვიდრეობით მიიღო ბებიის _ ქ. შ-ის სამკვიდრო ქონება, კერძოდ, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და ეზო, 0.17 ჰა მიწის ნაკვეთი „სახლთან სახნავი“, 0.27 ჰა „სახლთან ვენახი“, და 1538,55 კვ.მ და 1596.45 კვ.მ (დაუზუსტებელი) 2 მიწის ნაკვეთი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ქ. ფ-ის მტკიცებას, რომ მოპასუხის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც ქ.ფ-ისა და ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა მიჩნეული. განჩინების თანახმად, ქ. ფ-მა და ნ. მ-ემ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. შ-ის მიმართ, 2010 წლის 4 ოქტომბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და ქ. შ-ის (ბებიის) დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/4 - 1/4 წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დასახელებული ნორმით რეგლამენტირებულია მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების სტანდარტი და დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული გარემოებები უნდა ემყარებოდეს ამ საპროცესო ნორმის შესაბამისად გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას.

საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების შესწავლით პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ნ. შ-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და სამკვიდროს 1/4-ის მიკუთვნების თხოვნით სასამართლოსათვის მიმართვისას (საქმის მასალებით ირკვევა, რომ შ. შ-ს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე და სამი შვილი) ქ. ფ-მა აღიარა მოპასუხის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. ამას მოწმობს ზემოხსენებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მამის, შ. შ-ის საკვიდრო მიღებული ჰქონდა მოპასუხე ნ. შ-ს, შესაბამისად, მას ბებიის სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა ჰქონდა მამის, შ. შ-ის სამკვიდროს მიღების ფაქტობრივი გარემოებიდან, ქ.ფ-ი და ნ.მარცვალაძე კი, ვერ ადასტურებდნენ მამის, შ. შ-ის სამკვიდროს მიღების ფაქტობრივ გარემოებას.

საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებელად მიიჩნევს საპროცესო დარღვევის კუთხით ქ.ფ-ის მიერ წარმოდგენილ პრეტენზიას, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, მას არასწორად ეთქვა უარი მოწმეთა დაკითხვაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ ნ.შ-ი სადავო სამკვიდროს ფაქტობრივად არ დაუფლებია.

ამ კუთხით პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომელიც ემყარება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ნ. შ-ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სადავო სამკვიდრო ქონებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობაზე, რადგანაც არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული 2010 წლის 4 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და იგი არსებითად სწორია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, ქ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე ქ. ფ-ი 2008 წლიდან არ იმყოფებოდა საქართველოში და იგი სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილ ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას, ასევე არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსთვის. პალატის შეფასებით, ქ. ფ-ის მიერ მამის _ შ. შ-ის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

კასატორი ნ. შ-ი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ დასკვნას და განმარტავს, რომ თუნდაც საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მოსარჩელეს შეეძლო, გაეცა მინდობილობა და წარმომადგენლის მეშვეობით მიეღო სამკვიდრო.

სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ნორმაში მითითებული დათქმა საპატიო მიზეზის თაობაზე წარმოადგენს შეფასების საკითხს და მოსარჩელის ვალდებულებაა, მიუთითოს იმგვარ სარწმუნო გარემოებებზე, რომელთა ანალიზითაც სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მემკვიდრეს არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, დადგენილ ვადაში მიემართა ნოტარიუსისათვის ან უშუალოდ დაუფლებოდა სამკვიდროს, რამდენადაც სამკვიდროს მიღება, იურიდიული თვალსაზრისით, წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას და სამართლებრივი შედეგის მისაღწევად მხოლოდ ნების არსებობა არ არის საკმარისი, რამდენადაც ნება შინაგანი, სუბიექტური კომპონენტია და იურიდიული ძალის მატარებელი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც დასრულდება მისი ობიექტურად შეცნობადად გამოხატვის პროცესი. სარჩელის თანახმად, სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ გაშვებას ქ.ფ-ი უკავშირებს საზღვარგარეთ არალეგალურად ყოფნის ფაქტს.

კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებაზე, რომ ქ. ფ-მა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით 2011 წლის 18 თებერვალს გასცა მინდობილობა სხვა პირზე, რომელსაც მიანიჭა კონკრეტული უფლებამოსილება _ ეწარმოებინა სამემკვიდრეო საქმე გარდაცვლილი ქ. შ-ისა და შ. შ-ის დანაშთ ქონებაზე.

უდავოა, რომ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1423-ე მუხლი ითვალისწინებს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებას როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.

სააპელაციო პალატამ საზღვარგარეთ მყოფი მოსარჩელის მიერ საკონსულოს მეშვეობით სამკვიდროს მიღების საკითხის წარმოების გამომრიცხავ გარემოებად მიიჩნია ის, რომ მოსარჩელე არალეგალურად (სავიზო რეჟიმის დარღვევით) იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც, სააპელაციო პალატის შეფასებით, დასაბუთებულს ხდიდა ვარაუდს, რომ მოსარჩელე ამ წესით მინდობილობას ვერ გასცემდა. მართალია, ამ კუთხით კასატორმა ნ.შ-მა წარმოადგინა პრეტენზია და განაცხადა, რომ ქ.ფ-ი საქართველოში იყო ჩამოსული და შეეძლო მიეღო სამკვიდრო, თუმცა პალატა კასატორის ამ მსჯელობას დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს, რადგანაც საქმეში ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულები არ მოიპოვება, ამასთანავე, საზღვარგარეთ არალეგალურად ყოფნის ფაქტი თავისთავად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ გაშვების ერთადერთ საფუძვლად.

რაც შეეხება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს №146 ბრძანება (რომლითაც დამატებები შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებაში და დასაშვებად იქნა მიჩნეული მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით) არ წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტს და კანონქვემდებარე აქტში ამა თუ იმ ცვლილების შეტანის შესახებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეს არ ეცოდინებოდა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ნ. შ-მა წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი სასამართლოს ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის სწორი განმარტებიდან, რადგანაც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სამართლებრივი აქტის იურიდიული ძალა და დადგენილია, რომ სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას.

საკასაციო პალატის შეფასებით, რადგანაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, თავისთავად წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს, მის მიმართ სავსებით ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებული კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რაც დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ქ. ფ-მა საპატიოდ გადააცილა სამკვიდროს მიღების ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც სახეზე არ არის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, პალატა უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ. შ-ის მიერ 2014 წლის 27 მაისის განცხადებაში მითითებულ გარემოებას, რომ ქ.ფ-ის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გამო, მის საკასაციო საჩივარზე არ არის კასატორის ხელმოწერა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მართალია, განმცხადებელმა ამ ფაქტის თაობაზე წარმოადინა საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებისათვის იგი ვერ იქნება სათანადოდ მიჩნეული, ხოლო სიყალბის ფაქტის დამდგენი მტკიცებულება მხარის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა.

კასატორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვისა თუ მათი შეფასების საკითხის თაობაზე პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შემოღებით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა, რაც მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, ხოლო საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების განმეორებით წარმოდგენა რაიმე განსხვავებული სამართლებრივი შედეგის მომტანად არ მიიჩნევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. ამ ნორმისა და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ნ. შ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 25 (ოცდახუთი) ფურცლად, ასევე საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულება 1 (ერთი) ფურცლად, ხოლო ქ. ფ-ს - 2014 წლის 23 ივლისის Nა-2457-14 განცხადებაზე (მოსაზრებაზე) დართული მტკიცებულებები 5 (ხუთი) ფურცლად, ასევე 2 (ორი) ფოტოსურათი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო ქ. ფ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ფ-ს ნ. შ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის _ 300 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ქ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

4. ქ. ფ-ის სარჩელი შ. შ-ის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის საპატიოდ მიჩნევის, ამ ვადის აღდგენისა და 2010 წლის 4 ოქტომბერს ნ.შ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

5. ქ. ფ-ს (პ/N...) ნ. შ-ის (პ/N...) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ანაზღაურება.

6. ნ. შ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 25 (ოცდახუთი) ფურცლად, ასევე საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულება 1 (ერთი) ფურცლად, ხოლო ქ. ფ-ს - 2014 წლის 23 ივლისის Nა-2457-14 განცხადებაზე (მოსაზრებაზე) დართული მტკიცებულებები 5 (ხუთი) ფურცლად, ასევე 2 (ორი) ფოტოსურათი.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ზ. ძლიერიშვილი