Facebook Twitter

№ას-165-161-2016 26 აპრილი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 28 დეკემბერს მ.გ–მა (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მ.მ–ს (მოსარჩელე ან დაზარალებული) სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა {საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი}.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განაჩენით მ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ცნობილ იქნა დამნაშავედ. განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული.

3. 2015 წლის 2 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და დანაშაულით მიყენებული მიყენებული ზიანის {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 999.1-ე, 408-ე, 409-ე, 411-412-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 30917-ე და 30920 მუხლები} - 10 678 ლარისა და შრომის განაცდურის 12 000 ლარის (მიუღებელი შემოსავალი), ანაზღაურება მოითხოვა.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარადგინა შემდეგი დასაბუთებით:

4.1. მოსარჩელეს სოლიდური თანხა გადაუხადა, რისი დამადასტურებელი ქვითრებიც მას გააჩნდა და ასევე აღნიშნა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა მოსარჩელეს დამატებით გადაუხადა 1500 აშშ დოლარიც, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება მას არ ჰქონდა {სსკ-ის 427-ე მუხლი}.

4.2. განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ზემოაღნიშნული მოთხოვნა კავშირში არ იყო დელიქტურ ვალდებულებებთან და არც ამ მოთხოვნის შესაბამისი პროპორციის სახელმწიფო ბაჟი ჰქონდა გადახდილი მოსარჩელეს.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 7490 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის მკურნალობაზე გაწეულმა ხარჯმა 7490 ლარი შეადგინა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლები.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგი საფუძვლით:

7.1. სასამართლომ თანხის დაკისრებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აპელანტს დაზარალებულისთვის გადახდილი ჰქონდა 1750 ლარი და 1500 აშშ დოლარი. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, აპელანტმა მოითხოვა მასზე ზიანის ანაზღაურების თანხის 2000 ლარის ფარგლებში დაკისრება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

10. პალატამ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსსკ-ის 30917-30920 მუხლები და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, კონკრეტულ შემთხვევაში კი მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანი დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი 2013 წლის 19 ივლისის განაჩენით.

11. საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მოსარჩელის მკურნალობაზე გაწეული ხარჯის 7490 ლარით განსაზღვრის თაობაზე.

12. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული თანხის დაზარალებულისთვის გადახდის თაობაზე, ვინაიდან მას სასამართლოში არ წარუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება {სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები}.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი საფუძვლებით:

13.1. სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

13.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორმა მოსარჩელეს გადაუხადა 1750 ლარი და 1500 აშშ დოლარი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

18. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია ზიანის მიყენების ფაქტი და სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებებელი წინაპირობები. კერძოდ: ავტომანქანა, რომელსაც მოპასუხე მართავდა სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისათვის; მოპასუხე ამ ავტომანქანის იურიდიული მფლობელია; ავარიის შედეგად მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ანუ დაზიანდა სსკ-ის 999.1-ით დაცული სამართლებრივი სიკეთე - დაზარალებულის ჯანმრთელობა; ეს ზიანი ავტომანქანის ექსპლოატაციის შედეგად წარმოიშვა (ადექვატური მიზეზობრივი კავშირი);

19.საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ზიანის ოდენობა და იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ კასატორმა ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით. მას მოსარჩელის პოზიციის გასაბათილებლად დასაშვები მტკიცებულება არ წარუდგენია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. (იხ. სუსგ-ები: საქმე # , ას-1230-1153, 4.03.16, ას-970-1271-08, 08.07.2008; საქმე # ას-39-38-2010, 15.07.2010; საქმე # ას-81-171-2011, 18.04.2011).

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო, საკმარისი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რაც სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.გ–ის (პ/№...) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება#9470299, გადახდის თარიღი 1.03.2016 სს ,,ლიბერთი ბანკი“), 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი