Facebook Twitter

№ას-854-804-2015 7 მარტი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.თ.ს. (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი -ჯ.მ.

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ი.ვ ტ.“ (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი - გ.ს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 12 ნოემბერს ს.თ.ს–სა (შემდეგში: „მყიდველი, ან მოსარჩელე ძირითად სარჩელში“) და შპს „ი-ვ ტ–ს“ (შემდეგში: გამყიდველი, ან მოპასუხე ძირითად სარჩელში“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება #727 (შემდეგში: ხელშეკრულება) {„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 161, , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი}.

1.1. მოპასუხემ ძირითად სარჩელში იკისრა ვალდებულება, არა უგვიანეს 2014 წლის 31 იანვრისა, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა 112 480 ლარის ღირებულების შალისა და ბამბის წინდები, რომელთა მახასიათებლებიც მოცემული იყო ხელშეკრულების დანართში.

1.2. დანართის მიხედვით მისაწოდებელი ბამბის წინდების ხარისხი განისაზღვრა შემდეგნაირად:

1.2.1. ფერი - მუქი ლურჯი ან შავი;

1.2.2. ფეხის ქუსლიდან ყელის სიმაღლე - არანაკლებ 25 სმ;

1.2.3. შემადგენლობა: ბამბა - არანაკლებ 79%, რეზინი - 2%, ნეილონი - 2%, პოლიესტერი - 15% (დასაშვები ცდომილება +1%).

1.3. ხელშეკრულების 16.1.1. პუნქტით დადგინდა გამყიდველის ვალდებულება გადაეხადა პირგასამტეხლო - საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის: დადგენილ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ი{სსკ-ის 417- 418-ე მუხლები}.

2. გამყიდველმა ხელშეკრულების საგანი 2014 წლის 10 იანვარს მიაწოდა მყიდველს. ამ უკანასკნელმა არ გადაიხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება იმ მიზეზით, რომ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს {სსკ-ის 487-488-ე მუხლები}. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მან მიუთითა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 18 თებერვლის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, მყიდველის განმარტებით, მიწოდებული ბამბის წინდები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ტექნიკურ მონაცემებს.

3. მყიდველმა გამყიდველს 2014 წლის 26 მარტის აქტით #727-1.13, მოსთხოვა პირგასამტეხლოს, 2013,76 ლარის, გადახდა. მოგვიანებით მან სარჩელი აღძრა გამყიდველის წინააღმდეგ იმავე მოთხოვნით.

4. მოპასუხემ (ძირითად სარჩელში) წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მან ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა სრულად იმ პირობების მიხედვით, რაც მყიდველთან მისი ახალი წინადადების შესაბამისად იყო შეთანხმებული.

5. მან, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მოითხოვა:

5.1. მიწოდების ვალდებულების შესრულებულად ჩათვლა;

5.2. მყიდველისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების, 32 480 ლარის, გადასახდელად დაკისრება;

5.3. მყიდველისათვის 2014 წლის 26 თებერვლიდან ყოველთვიურად, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის, 243,60 ლარის, დაკისრება.

6. გამყიდველი შეგებებულ სარჩელს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს:

6.1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო ბამბის წინდის ტექნიკური მონაცემები: ფერი - მუქი ლურჯი ან შავი; ფეხის ქუსლიდან ყელის სიმაღლე - არანაკლებ 25 სმ; შემადგენლობა: ბამბა - არანაკლებ 79%, რეზინი - 2%, ნეილონი - 2%, პოლიესტერი - 15% (დასაშვები ცდომილება +1%).

6.2. სატენდერო კომისიის 2013 წლის 25 ოქტომბრის #9 ოქმით მას (გამყიდველს) დაევალა წარედგინა ლაბორატორიული დასკვნა მისაწოდებელი საქონლის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის შესახებ; მან წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 29 ოქტომბრის დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 140-142), რომლის შესაბამისადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი შავი ფერის წინდა შეიცავდა: 80% ბამბას, -18% ნეილონს , 2% ლაიკრას;

6.3 აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, გამყიდველმა მყიდველს შესთავაზა ახალი წინადადება (ოფერტი), რაც ამ უკანასკნელმა მიიღო {სსკ-ის 333.2}. სატენდერო კომისიის 2013 წლის 4 ნოემბრის #10 ოქმის საფუძველზე გამყიდველი ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა და მხარეთა შორის იმავე წლის 12 ნოემბერს დაიდო მიწოდების ხელშეკრულება.

6.4 გამყიდველმა 2014 წლის 10 იანვარს მყიდველს მიაწოდა 20 000 წყვილი შავი ფერის ბამბის წინდა {სსკ-ის 477.1}. მყიდველმა დაიწუნა მიწოდებული საქონელი, იმ მოტივით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს {სსკ-ის 487-ე მუხლი}. რასაც არ დაეთანხმა გამყიდველი.

6.5. მყიდველმა არ გადაიხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 32 480 ლარი {სსკ-ის 477.2}. მისი ამ მოქმედების გამო გამყიდველს მიადგა ზიანი (მიუღებელი შემოსავლის სახით) მიუღებელი თანხის მინიმუმ წლიური 9%-ის ზიანი მიადგა, რაც თვეში 243, 60 ლარს შეადგენს {სსკ-ის 411-412-ე მუხლები}.

7. მყიდველმა წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც იგი არ დაეთანხმა შეგებებულ სარჩელს.

8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს ძირითად სარჩელში დაეკისრა 1006,88 ლარის გადახდა. სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, გამყიდველის შეგებებული სარჩელი კი, არ დააკმაყოფილა.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გამყიდველის შეგებებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 327-ე, 329-ე, 333-ე, 316-317-ე, 361-ე, 477-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლებით.

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

11.1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გამყიდველის მიერ მიწოდებული წინდები მყიდველმა არასწორად ჩათვალა ნაკლის მქონედ იმის გამო, რომ წინდები საერთოდ არ შეიცავდა პოლიესტერს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 29 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №... დასკვნით ცალსახად დგინდებოდა ის გარემოება, რომ გამყიდველის მიერ სატენდერო კომისიისათვის შეთავაზებული ბამბის წინდა თავიდანვე არ შეიცავდა პოლიესტერს, თუმცა ეს არ გამხდარა ტენდერიდან მისი დისკვალიფიკაციის საფუძველი და კომისიამ მიიჩნია, რომ შეთავაზებული ბამბის წინდის შემადგენლობა შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. ვინაიდან ხელშეკრულების დადებამდე გამყიდველის მიერ სატენდერო კომისიისთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აშკარა იყო, რომ შეთავაზებული ბამბის წინდის შემადგენლობაში არ იყო პოლიესტერი და მიუხედავად ამისა, კომისიამ ტენდერში გამარჯვებულად მაინც გამყიდველი გამოაცხადა, პალატის მოსაზრებით, ამით სატენდერო კომისია დაეთანხმა ბამბის წინდის ისეთი შემადგელობის შესყიდვას, როგორიც გამყიდველმა შესთავაზა.

11.2. 2014 წლის 18 თებერვლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №... დასკვნით დადგინდა, რომ გამყიდველის მიერ მიწოდებული ბამბის წინდები ნაქსოვია შერეული ნართით, რომელიც შეიცავს: 75 %-ს ბამბას, 21 %-ს ნეილონს, ე.წ. (LYKRA, ELASTANE, SPANDEX) - 4 %-ს ლაიკრას.

11.3. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ გამყიდველმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მან დაადგინა, რომ მყიდველს უნდა დაკისრებოდა ნასყიდობის ფასის სხვაობის, 32480 ლარის, გადახდა.

11.4. სააპელაციო პალატა დაეთანხმა შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებას, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დროულად გადახდის შემთხვევაში, მას შეეძლო ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე განეთავსებინა დავალიანების თანხა და მიეღო სარგებელი, საბანკო საპროცენტო განაკვეთის სახით, მინიმუმ წლიური 9%, რაც დავალიანების თანხის (32480 ლარის) გათვალისწინებით ყოველთვიურად 243.6 ლარი იქნებოდა, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც მყიდველს დაეკისრებოდა 2014 წლის 12 მარტიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე;

11.5. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რადგანაც, განსახილველ შემთხვევაში, გამყიდველს ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია;

12. მყიდველმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებულ სარჩელზე კი უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

12.1.გამყიდველმა ტენდერში გაიმარჯვა იმ პირობით, რომ მას მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა ბამბის წინდები, შემდეგი შემადგენლობით: ბამბა - 80%, ნეილონი - 18%, ლაიკრა - 2%;

12.3. გამყიდველის მიერ მიწოდებული ბამბის წინდების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მონაცემებს, ვინაიდან ბამბის შემცველობაა 75%, ნეილონი 21%, ლაიკრა 4%. შესაბამისად, მან დაარღვია სსკ-ის 487-ე მუხლის მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა ძირითადი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე, კერძოდ:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა.

17. მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს {სსკ-ის 477-ე მუხლი}.

18. გამყიდველის ძირითადი მოვალეობა იყო მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის (საქონლის) მოწოდება {სსკ-ის 487-ე მუხლი}.

19. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთნხმებული ხარისხისაა {სსკ-ის 488-ე მუხლის პირველი წინადადება}. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმებული იყვნენ ხარისხზე. წინდის ქსოვილის შემადგენლობა უნდა ყოფილიყო შემდეგი: ბამბა - 80%, ნეილონი - 18%, ლაიკრა - 2% {სსკ-ის 488-ე მუხლის პირველი წინადადება}.

20. გამყიდველმა მყიდველს დათქმულ ვადაში მიაწოდა 20 000 წყვილი შავი წინდა, რომელიც ნაქსოვი იყო შერეული ნართით: ბამბა - 75 %, ნეილონი - 21 %, ე.წ. ლაიკრა (LYKRA, ELASTANE, SPANDEX) - 4 %. სტანდარტის მიხედვით, ცდომილება დასაშვები იყო +-2%-ის ფარგლებში. მყიდველმა 2014 წლის 19 თებერვალს შეამოწმა საქონელი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დაიწუნა, მაინც მიიღო და უკან არ დაუბრუნებია გამყიდველისათვის. მას არც მიწოდებული საქონლის ახლით შეცვლისა და არც ფასის შემცირების უფლებით არ უსარგებლია {სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილი, 492-ე მუხლი}. ამ შემთხვევაში ორივე მხარე მეწარმე სუბიექტია. ნივთის ნაკლის დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მატარებელია მყიდველი {სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი}. ის ვალდებული იყო, დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით დაესაბუთებინა ნივთობრივი ნაკლის საქონლის გადაცემის დროისათვის არსებობის ფაქტი. მან გასაგებად და დამაჯერებლად ვერ გააქარწყლა მისივე ინიციატივით ჩატარებული 2014 წლის 18 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და ვერ დაამტკიცა, რომ შესრულება ნაკლიანი იყო.

21. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სწორად დაასკვნა, რომ გამყიდველს არ დაურღვევია ვალდებულება. მან მიაწოდა მყიდველს შეთანხმებული ხარისხის საქონელი, ამიტომაც მყიდველი ვალდებული იყო, დათქმულ ვადაში გადაეხადა მისი ღირებულება {სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი}, რაც მან არ შეასრულა.

22. აქედან გამომდინარე, რადგანაც მყიდველმა გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას, გამყიდველს უფლება ჰქონდა ვალდებულების შესრულებასთან ერთად მოეთხოვა ვადაგადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც, რადგანაც მან ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ჩვეულებრივ პირობებში ფულის გამოყენებით {სსკ-ის 404-ე და 411-412-ე მუხლები}. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ესაა ანაცდენი მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული.

23. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დროულად გადახდის შემთხვევაში, გამყიდველს შეეძლო ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე დავალიანების თანხის განთავსებით მიეღო სარგებელი საბანკო საპროცენტო განაკვეთის სახით მინიმუმ წლიური 9%, რაც დავალიანების თანხის გათვალისწინებით (32480 ლარი) ყოველთვიურად 243.6 ლარი იქნებოდა, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც უნდა დაკისრებოდა მყიდველს 2014 წლის 12 მარტიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლს, აღნიშნული ნორმა არეგულირებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესს და მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს, და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ იხ. სუსგ #ას-725-693-2014, 3 ივლისი 2015 წელი.

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონი არ დარღვეულა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-8, 399-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.თ.ს–ოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ს.თ.ს. გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი