საქმე №330210113370600
№ას-964-913-2015 12 თებერვალი, 2016 წელი
ას-964-913-2015-ბ-ია თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – თ. ბ-ია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), გ. კ-ი (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ბ-ია (მოპასუხე), ი. პ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობა (სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1994 წლის 17 დეკემბერის ანდერძის თანახმად, ილია ბ-იამ (შემდეგში მამკვიდრებელმა) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, მ-ის ქ. №...-ში უანდერძა შვილს - ნ. ბ-იას (შემდეგში პირველ მოპასუხეს) და შვილიშვილს - ი. ბ-იას (შემდეგში მეორე მოპასუხეს).
2. 2010 წლის 22 დეკემბერს პირველი მოპასუხის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით, ამ უკანასკნელმა, როგორც 1995 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში, მათ შორის, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, მ-ის ქ. N..., უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე არსებული ფართი: საერთო ფართი 239.27 კვ.მ. და მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 600 კვ.მ. (შემდეგში სადავო ქონება).
3. 2012 წლის 05 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე პირველმა მოპასუხემ სადავო ქონება აჩუქა მეორე მოპასუხეს.
4. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის სახელზე.
5. მეორე მოპასუხე, მამობის დადგენის შემდეგ, გახდა ი. კ.ე, ხოლო, ქორწინების შემდეგ - ი. პ-ი.
6. თ. ბ-ია (შემდეგში პირველი მოსარჩელე), ა. ბ-ია (შემდეგში მეორე მოსარჩელე), ე. ბ-ია (შემდეგში მესამე მოსარჩელე), კ. კ-ა (შემდეგში მეოთხე მოსარჩელე) და პირველი მოპასუხე იყვნენ ი. და ა. ბ-იების შვილები, პირველი რიგის მემკვიდრეები.
7. ი. კ-ი (მამკვიდრებელი) გვარის შეცვლის შემდეგ გახდა ბ-ია.
8. პირველმა მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
- 22.12.2010 წლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
- 05.07.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
- მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/5 წილის მესაკუთრედ ცნობა.
9. მეორე მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
- 22.12.2010 წლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
- 05.07.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
- მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/5 წილის მესაკუთრედ ცნობა.
10. მესამე მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
- 22.12.2010 წლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
- 05.07.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
- მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/5 წილის მესაკუთრედ ცნობა.
11. მეოთხე მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
- 22.12.2010 წლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
- 05.07.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
- მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/5 წილის მესაკუთრედ ცნობა.
12. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მეორე მოპასუხემ და მოითხოვა:
- მოსარჩელისა და გ. კ-ის (შემდეგში შეგებებული სარჩელის მოპასუხის) უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით:
- პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელის სარჩელები არ დაკმაყოფილდა;
- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
- შეგებებული სარჩელის მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ქონება და მეორე მოპასუხეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
14. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები, ვინაიდან მამკვიდრებელი გარდაიცვალა და, შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა 1995 წლის 29 ოქტომბერს, ანუ მანამ, სანამ ძალაში შევიდოდა დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, ამასთან, მხარეები ახალი კოდექსის გამოყენებაზე არ შეთანხმებულან.
15. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 539-ე, 540-ე, 556-ე, 557-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ. ამასთან, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ პირველმა მოპასუხემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად, ამასთან, ეს უკანასკნელი სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივადაც დაეუფლა, რაც ადასტურებდა მისი მხრიდან სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტს.
16. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს სარწმუნო მტკიცებულებები მამის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შესახებ. მოსარჩელეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ახსნა-განმარტებები და ფოტოსურათები), სასამართლოს მოსაზრებით, ვერ გახდებოდა სასარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულით არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა მიერ სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი. ამასთან, მოპასუხე მხარის მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები სადაო სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებიან.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სარჩელები დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა. რაც შეეხებოდა შეგებებულ სარჩელს, სასამართლოს მოსაზრებით, მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სსკ-ის 172.1 მუხლი, რომლის წინაპირობებიც, მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებული იყო, კერძოდ, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები სადავო ქონებას ფლობდნენ, ამასთან, მათ ამ ქონების ფლობის უფლება არ ჰქონდათ. მითითებული გარემოებები, სასამართლოს მოსაზრებით, ქმნიდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
18. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირველი მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ამასთან, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით:
- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
20. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე და 556-ე მუხლების საფუძველზე პირველი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს კანონით დადგენილ ვადაში მიუღებლობის შესახებ.
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა პირველი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, კერძოდ, ის, რომ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, პირველი მოსარჩელე ცხოვრობდა სადაო სამკვიდრო ბინაში ან სხვა სახით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.
22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ მათ მიერ მითითებული ფაქტების თვითმხილველებს და, შესაბამისად, მათი ჩვენებები ვარაუდებს ემყარებოდა.
23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით შეუძლებელი იყო იმ ფაქტის დადასტურება, რომ პირველი მოსარჩელე კანონით დადგენილ ვადაში დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას.
24. სააპელაციო სამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა პირველი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.
25. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდებოდა პირველი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი;
- სასამართლომ არასწორად შეაფასა, ასევე, პირველი მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფოტოსურათები, საიდანაც ჩანს, რომ პირველი მოსარჩელე, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაეუფლა მოძრავ ნივთებს.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრისა და 11 ნოემბრის განჩინებებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სწორია.
33. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
34. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ პირველ მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში მამის სამკვიდრო არ მიუღია. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებას და მიიჩნევს, რომ მას წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სადავო ფაქტი დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებითა და ფოტოსურათებით.
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც სარწმუნო ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებით უნდა დაადასტუროს ეს გარემოება. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს სადავო მტკიცებულებებთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატამ, კასატორის შედავების ფარგლებში, შეისწავლა ეს მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ისინი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ობიექტური დამკვირვებლის მიერ მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად, შეუძლებელია იმ დასკვნის გამოტანა, რომ პირველი მოსარჩელე დაეუფლა მამის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებები ვერ მიიჩნევა სარწმუნოდ, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ მათ მიერ მითითებული ფაქტების თვითმხილველებს, შესაბამისად, მათი ჩვენებები ეფუძნება არ მათ მიერ ნანახი ფაქტების ცოდნას, არამედ ეს ჩვენებები წარმოადგენენ სხვისგან გადმოცემული ფაქტების შეფასებებს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველ მოსარჩელეს სარჩელში საერთოდ არ მიუთითებია მამის სამკვიდროდან მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-16). ამ ფაქტზე მას არც შეგებებულ სარჩელზე შეტანილ შესაგებელში მიუთითებია (იხ. ტ.1, ს.ფ. 104-111), მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები სადავოდ ხდიდნენ პირველი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. მხოლოდ მოგვიანებით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განაცხადა პირველმა მოსარჩელემ ზემოხსენებული სადავო ფაქტის თაობაზე. ეს გარემოებები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დამაჯერებლობას უკარგავს, როგორც პირველი მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ისე მის მიერ მოწვეულ მოწმეთა ჩვენებებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერც საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები ვერ ადასტურებენ პირველი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს, ვინაიდან, თუნდაც მივიჩნიოთ, რომ ამ ფოტოსურათებზე ასახული ნივთები მასთან იმყოფება, პირველმა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ეს ნივთები სწორედ მამის სამკვიდროდან მიიღო მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1421-ე მუხლის მიზნებისათვის სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა და მას შესაბამისი იურიდიული შედეგი იმ შემთხვევაში მოჰყვება, თუ მემკვიდრე კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების გზით გამოხატავს ნამდვილ ნებას, რაც მოწმობს მის მიერ სამკვიდროს მიღებას, ანუ უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ მემკვიდრე, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს ქონების ფაქტობრივად დაუფლებაზე, ამ ქონებას უნდა განიხილავდეს თავის საკუთრებად. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სადავო მტკიცებულებები სწორად შეაფასა და მართებულად მიიჩნია, რომ პირველი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლების ნამდვილი ნება არ დასტურდებოდა.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
38. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-20-24-ე პუნქტები) გამორიცხავს პირველი მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მამის სამკვიდროს კანონით დადგენილ ვადში მიღების ფაქტი.
39. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ასევე, რომ მართებულად დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სსკ-ის 172.1 მუხლის წინაპირობები, კერძოდ: შეგებებული სარჩელის მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები ფლობენ სადავო ქონებას, მათ ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.
40. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც დადგინდა მოწმედ ლილი მ-რიანის დაკითხვა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება არ ეფუძნება მითითებული მოწმის ჩვენებას.
41. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 04.11.2008, საქმე #as-595-822-08, სუსგ 25.12.2015, #ას-1059-999-2015).
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორები გათავისუფლებულნი არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ და „მ1“ ქვეპუნქტების საფუძველზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-იასა და გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორები გათავისუფლებულნი არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ და „მ1“ ქვეპუნქტების საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი