№ას-809-773-2014 27 მაისი, 2016 წელი
№ას-809-773-2014-გ-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – გ. გ-ი, ნ. გ-ი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, უძრავ ნივთზე მოპასუხეთა თანასაკუთრების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ. გ-მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს გ. გ-ის, ნ. გ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, უძრავ ნივთზე მოპასუხეთა თანასაკუთრების გაუქმება.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის მონაცემში და უძრავ ნივთზე - ზესტაფონის რაიონის სოფ. ძ-ი მდებარე 1470მ2 მიწის ნაკვეთზე და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ...) გაუქმდა ნაზი გ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება და იგი ამოირიცხა თანამესაკუთრეთა სიიდან; სარჩელი იმავე უძრავ ნივთზე მოპასუხე გ. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების გაუქმებისა და მისი თანამესაკუთრეთაგან ამორიცხვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- შეტანილ იქნა ცვლილებები საჯარო რეესტრის ჩანაწერებში იმგვარად, რომ გ. გ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ძ-ი მდებარე უძრავი ნივთის (საკადასრტო კოდი №...) 2/3 ნაწილი; გ. გ-ი კი რეგისტრირებული იქნა ამავე უძრავი ნივთის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.09.2014 წლის განჩინებით მოსარჩელის საკსაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. 22.10.2014 წელს მოსარჩელის ოჯახის წევრმა (მეუღლემ) ნ. გ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა მოსარჩელის გარდაცვალების მოწმობა და ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება უფლებამონაცვლის დადგენამდე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.11.2014 წლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალქო საქმის წარმოება გარდაცვლილი კასატორის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
11. ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა გარდაცვლილის უფლებამონაცვლის საქმეში ჩაბმის შესაძლებლობა. ამასთან, მითითებული ნორმით განსაზღვრულია, ასევე, რომ კანონით დადგენილი შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება სარჩელი, ასევე, მოსარჩელის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, თუ საქმეში მოსარჩელის, აპელანტის ან კასატორის უფლებამონაცვლე არ ჩაერთო.
12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.11.2014 წლის განჩინებით შეჩერდა ამავე პალატის წარმოებაში არსებული სამოქალქო საქმის წარმოება გარდაცვლილი კასატორის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
13. კასატორის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის ოჯახის წევრს (მეუღლეს), ხოლო, სასამართლოს წერილობითი მიმართვა გაიგზავნა კასატორის მისამართზე და 07.11.2015 წელს ჩაბარდა გარდაცვლილი კასატორის ოჯახის წევრს (მეუღლეს). მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს საქმის წარმოების განახლებისა და საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის წარმოების შეჩერებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, ამასთან, კასატორის სავარაუდო უფლებამონაცვლე საქმეში არ ჩაერთო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი