Facebook Twitter

საქმე №050210014578159

№ას-1001-945-2015 29 იანვარი, 2016 წელი

ას-1001-945-2015-ლ-ი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – კ. ლ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. შ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკომლო ჩანაწერის გაუქმება, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N... (შემდეგში სადავო ქონება) მდებარეობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღ...ი (წ...ა). საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, კომლის უფროსი იყო ა. შ-ი, რომელსაც სადავო ქონება გადაეცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ა. შ-ი გარდაიცვალა 2004 წლის 19 სექტემბერს.

2. ამავე კომლის წევრად ჩაწერილია კ. ლ-ი (შემდეგში მოპასუხე). სადავო ქონება (საცხოვრებელი სახლი) რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე.

3. ა. შ-ი (შემდეგში მოსარჩელე) არის აწ გარდაცვლილი ა. შ-ის ძმა. ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელე და ა. შ-ი არიან ძმები. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, ასევე, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მიიღო მისი ძმის სამკვიდრო. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ნოტარიუსმა მოსარჩელის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა ა. შ-ის დანაშთ ქონებაზე.

4. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:

- 1994 წლის საკომლო ჩანაწერის გაუქმება;

- სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმება;

- სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობა.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საკომლო ჩანაწერი; გაუქმდა სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება; მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობაზე.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1424-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ ძმის - ა. შ-ის სამკვიდროს მიღების შესახებ.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების, სამკვიდრო მოწმობისა და დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ა. შ-ის სამკვიდრო მიიღო მოსარჩელემ.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, საკომლო წიგნში ა. შ-ის კომლში მოპასუხის რეგისტრაცია განხორციელდა 1994 წელს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’, მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, უნდა ჩაითვალოს, რომ მოპასუხეს საკოლმეურნეო კომლის წევრის სტატუსი და ამ ქონებაზე, როგორც კომლის ქონებაზე, თანასაკუთრების უფლება არ ჰქონდა მოპოვებული, ვინაიდან, ეს ქონება აღარ წარმოადგენდა კომლის ქონებას. აღნიშნული ქონება ა. შ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა და მასზედ ვრცელდებოდა სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია) გათვალისწინებული საკუთრების რეჟიმი.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 44-ე, 131-ე, 269-ე, 239-ე მუხლების შესაბამისად, უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელ სახლზე) ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო გარიგების სანოტარო წესით დადასტურება და მისი რეგისტრაცია ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება სანოტარო წესით დადასტურებული გარიგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, დადასტურებულად უნდა ჩითვალოს, რომ ა. შ-ს, 1994 წელს, მოპასუხისათვის საკუთრების უფლება არ გადაუცია მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, შესაბამისად, მოპასუხეს სადავო ქონებაზე საკუთრება არ მიუღია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 ივნისის №451 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის” მე-5 პუნქტითა და ამ დადგენილების საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის” თანახმად, მოქალაქეთა რეგისტრაციას ახდენდნენ შინაგან საქმეთა ორგანოები, რომლებიც ყველა სარეგისტრაციო პირზე ავსებდნენ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ სარეგისტრაციო ბარათს (ფორმა №1). სხვის საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში რეგისტრაციის შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებული იყო შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოში განცხადებასთან ერთად წარედგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. ვინაიდან, საქმეში არ არსებობდა ა. შ-ის წერილობითი თანხმობა მის საცხოვრისში (საკუთრებაში) მოპასუხის რეგისტრაციის თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ 1994 წელს, ა. შ-ის საკომლო წინში კ. ლ-ის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული ჩანაწერი არ იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით დასაბუთებლად მიიჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მოპასუხის სახელზე საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერი.

13. სააპელაციო სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა 2006 წლის 28 ივნისს მოპასუხის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავო ქონებაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვეოდა, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღ...ი (წ...ა), სადავო უძრავი ქონება, რეგისტრირებული იყო მოპასუხის საკუთრებაში. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო მიწის კომისიის მიერ, ა. შ-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების №… აქტი, ასევე კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა. პალატმ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული საარქივო ცნობა კომლის წევრთა შესახებ ბათილი იყო, ამ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლებაც უნდა გაუქმებულიყო.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- ა. შ-მა, როგორც კომლის უფროსმა, მოპასუხის კომლის წევრად ჩაწერაზე თანხმობა მისცა იმ მოტივით, რომ იგი იყო მოპასუხის ნათლია და ზრუნავდა მასზე. ვინაიდან, მოპასუხე იყო კომლის წევრი, ა. შ-ის გარდაცვალების შემდეგ, მას წარმოეშვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება;

- მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს და არის უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი. იგი გაიცემოდა რეფორმის პერიოდში (1992 წლიდან 2000 წლამდე) ოჯახებზე, ხოლო ოჯახის წევრებად ითვლებოდნენ ის პირები, ვინც რეფორმის პერიოდში იყვნენ კომლში ჩაწერილი. მოპასუხის ჩაწერა კომლში მოხდა რეფორმის პერიოდში, ამიტომ მან კანონიერად მოიპოვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება;

- სასამართლოს აღნიშნული დავა უნდა განეხილა ადმინისტრაციული წესით.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სწორია.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, საქართველოში კოლმეურნეობების გაუქმების შემდეგ (1992-1993წწ), სადავო ქონება კომლის ქონებას აღარ წარმოადგენდა და, შესაბამისად, ამ ქონების ერთადერთი მესაკუთრე იყო ა. შ-ი, ვინაიდან კოლმეურნეობის გაუქმების მომენტში, იგი იყო კომლის ერთადერთი წევრი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ასევე, რომ მოპასუხემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა 1994 წლის საკომლო ჩანაწერის საფუძველზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 1994 წელს, ა. შ-ის კომლში მოპასუხის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის დარღვევით, შესაბამისად, ამ რეგისტრაციით მოპასუხეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია. სადავო ქონებაზე საკუთრების გადაცემის სხვა საფუძველი კი მოპასუხეს არ გააჩნია.

22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მან კანონიერად მოიპოვა, ვინაიდან იგი იყო ა. შ-ის კომლის წევრი 1994 წლიდან. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოში კოლმეურნეობების გაუქმების შემდეგ (1992-1993წწ), სადავო ქონება კომლის ქონებას აღარ წარმოადგენდა და, შესაბამისად, ამ ქონების ერთადერთი მესაკუთრე იყო ა. შ-ი. აქედან გამომდინარე, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, სადაო ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიიღო გარდაცვლილის მეორე რიგის მემკვიდრემ - მოსარჩელემ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ 14.03.2007, #ას-652-1029-06, სუსგ 21.05.2007, #ას-663-1040-06, სუსგ 12.11.2009, #ას-241-566-09, სუსგ 03.06.2010, #ას-92-87-10).

23. საკაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოცემული საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანი იყო სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმება და მისი მოსარჩელისათვის გადაცემა, შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარებოდა სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით განხილვას სსსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, მის საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტი).

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი