№ას-912-862-2015 11 მარტი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ხ. (მოსარჩელე)
წარმომადგენელი -ვ.კ.
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ. (მოპასუხე)
წარმომადგენელი- ა.თ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ხ. (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და ზ.მ. (შემდეგში მოპასუხე, ალიმენტვალდებული პირი) 1993 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. 2007 წლის 20 ნოემბრიდან მათი ქორწინება რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე, 1151-ე მუხლები}.
2. ქორწინების პერიოდში მხარეებს შეეძინათ შვილები: ბ., დაბადებული 2000 წლის 22 მარტს და თ., დაბადებული 2009 წლის 9 იანვარს {სსკ-ის 1187-ე და 1189-ე მუხლები}.
3. მოპასუხეს 2010 წლის 14 მაისს არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინა ვაჟი - ნ.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა და მოპასუხეს შვილების სარჩენად დაეკისრა ალიმენტის, 500 ლარის, გადახდა {სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტი, 1212-ე და 1214-ე მუხლები}.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის გაზრდა 1000 ლარამდე შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, იგი ეწევა სალომბარდო მომსახურებას, გახსნილი აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. მან 2014 წლის 7 ნოემბერს 30 000 აშშ დოლარად ქ. ქუთაისში, ..... შეიძინა უძრავი ქონება (შემდგომში - ქონება);
5.2. შვილების სწავლის ხარჯის, ტანსაცმლის, დამატებითი ხარჯებისა და კომუნალური გადასახადების დასაფარავად 500 ლარი საკმარისი არ არის;
6. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
7.1. მისი მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. იგი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას (არ აქვს გახსნილი ლომბარდი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი);
7.2. აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა და აღებული აქვს კრედიტები;
7.3. ქონება არ წარმოადგენს მის საკუთრებას და იგი დროებითაა აღრიცხული მის სახელზე, რასაც ადასტურებს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შეთანხმება;
7.4. არ არის დასაბუთებული, რატომ არ არის საკმარისი სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი (500 ლარი) შვილების სარჩენად;
7.5. თვითონ მოსარჩელე დასაქმებულია და აქვს სოლიდური შემოსავალი.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის ფაქტობრივ საფუძვლადაც სასამართლომ მიუთითა შემდეგი:
8.1. წარმოდგენილი არ იქნა მტკიცებულება ბავშვების აღზრდა-განვითარებაზე გასაწევი ხარჯების გაზრდის თაობაზე;
8.2. მოპასუხეს ბანკიდან აღებული აქვს კრედიტი;
8.3. არ არსებობს ერთ-ერთი ის გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის აღძვრას, კერძოდ, ქონება არ ირიცხება მოპასუხის სახელზე და დაუბრუნდა თავდაპირველ მესაკუთრეს. სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სსკ-ის 1221-ე და 1241-ე მუხლები.
9. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელაციის წესით, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
9.1. საააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, ასევე, მოპასუხის შემოსავლებთან დაკავშირებით დამატებით მიუთითა სს „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაზე, რომ მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისას შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენია.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
10.1. მოსამართლემ არ გაითვალისწინა სსკ-ის 1214-ე და 1230-ე მუხლების მოთხოვნები;
10.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის შედეგადაც დადასტურებულად არ მიიჩნია მოპასუხის ქონებრივი და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
10.3. განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა და გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საქმის მასალების გაცნობა, შესწავლა და ანალიზი, ასევე, მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი}, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე, სახელდობრ:
13.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ამ ტიპის დავების განხილვის თავისებურებანი {სსსკ-ის XLIII თავი} და არასწორად გადააკისრა მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს, როცა დაასკვნა, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ჯერ ერთი, ამ ტიპის საქმეებზე სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრე და უფრო მეტიც, მას შეუძლია, გამოითხოვოს ის მტკიცებულებებიც, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ {სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი}. მეორეც, დავა ეხებოდა ბავშვთა ინტერესებს, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელ სახსრებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, „ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპიდან“ გამომდინარე, სრულყოფილად გამოეკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიეღო ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით {„ბავშვის უფლებათა“ კონვენციის მე-18 მუხლი}.
13.2. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილი იყო ალიმენტის დადგენილი ოდენობის, 500 ლარის, შეცვლა 1000 ლარით. ამგვარი სამართლებრივი შედეგის მიღება სსკ-ის 1222-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, უკავშირდებოდა შემდეგი სამართლებრივი წინაპირობების განხორციელებას:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა.
ბ) ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო.
გ) დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
13.3. ამრიგად, მოცემულ საქმეზე გამოსაკვლევი იყო: რამდენი თანხა უნდა გაეღოთ ყოველთვიურად ორივე მშობელს, რომ ორივე ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდა უზრუნველყოფილიყო, რას შეადგენდა თითოეული მშობლის ყოველთვიური შემოსავალი, ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა. სააპელაციო სასამართლოს ჩამოთვლილთაგან არცერთი გარემოება სრულყოფილად არ გამოუკვლევია, რითაც დარღვეულ იქნა სსსკ-ის 105.2-ე მუხლის მოთხოვნები.
13.4. სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელი. მან არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მოპასუხეს 2014 წლის 30 აპრილიდან 120 თვის ვადით სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილი აქვს საკრედიტო ხაზი 200 000 აშშ დოლარი, რომლის ფარგლებშიც მის სახელზე გაიცა სესხი 100000 აშშ დოლარი. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საბანკო კრედიტის გაცემის ერთ-ერთი წინაპირობაა მისი დაბრუნებადობა {„კომერციული ბანკების საქმიანობის“ შესახებ კანონის მუხლი 1, „თ“ ქვეპუნქტი}, რაც იმას გულისხმობს, რომ სესხის მიღებამდე მსესხებელმა ბანკს უნდა წარუდგინოს მისი კრედიტუნარიანობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, მისი შემოსავლების ამსახველი დოკუმენტაციაც. ბანკის 2015 წლის მაისის წერილი, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო, არ ასახავს რეალობას და არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას მოპასუხის სახელზე გაცემული კრედიტის დაბრუნებადობისა და მიზნობრიობის შესახებ.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს როგორც სარჩელის გარემოებები, ისე მოპასუხის შესაგებელი, შეისწავლოს წინამდებარე განჩინების პ.13.2-ში მითითებული გარემოებები (საჭიროების შემთხვევაში, თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები) და ისე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 372-ე, 399-ე, 412-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ხ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი