Facebook Twitter

№ა-4329-ა-18-2015 10 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის წარმოების განახლების შესახებ გ.ო-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე გ.გ-ის სარჩელისა გამო გ.ო-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე

პალატამ გამოარკვია:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2015 წლის 13 ნოემბერს განსახილველად გადმოეცა გ.ო-ის წარმომადგენლის - ნ.ქ-ს კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და კერძო საჩივრის განხილვას.

საკასაციო პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი თავისი შინაარსით წარმოადგენდა განცხადებას საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გ. ო-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:

ა. დადასტურება მის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის თაობაზე ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.

ბ. კერძო საჩივრის, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შესაბამისი 50 ან 100 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასანართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინების თაობაზე გ. ო-ის წარმომადგენელს - ნ. ქ-ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 24 ნოემბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 25 ნოემბერს და დასრულდა იმავე წლის 30 ნოემბრის 24 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის განმავლობაში გ. ო-ს ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში გ. ო-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ შეავსო ხარვეზი, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე, 63-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ო-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე დატოვებული იქნეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა