საქმე №060210014574056
№ას-913-863-2015 30 ნოემბერი, 2015 წელი
ას-913-863-2015-...ა თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „...ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-რი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 7 ოქტომბერს შპს „პ-რსა“ (შემდეგში მოსარჩელესა ან მენარდეს) და შპს „...ას“ (შემდეგში მოპასუხეს ან შემკვეთს) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მენარდემ იკისრა ვალდებულება, შემკვეთისათვის დაემზადებინა 144 144.00 ლარის ღირებულების პოლიეთილენის მილები და სხვადასხვა ფასონური ნაწილები. შემკვეთმა კი იკისრა ვალდებულება, დამზადებული პროდუქციის ყოველი მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აენაზღაურებინა საქონლის ღირებულება მენარდისათვის.
2. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. 2014 წლის 7 აპრილს მხარეებმა შეადგინეს მიღება- ჩაბარების აქტი, რომლითაც შემკვეთმა დაადასტურა მენარდისაგან 144 144.00 ლარის ღირებულების პრდუქციის მიღების ფაქტი.
4. ამავე მხარეებმა 2014 წლის 19 მაისს შეადგინეს შედარების აქტი, რომლითაც დაადასტურეს, რომ შემკვეთს გადახდილი ჰქონდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების (144 144.00 ლარის) ნაწილი, კერძოდ, 75 000.00 ლარი და გადასახდელად დარჩენილი იყო 69 144.00 ლარი.
5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, მენარდემ შემკვეთს დააკისრა პირგასამტეხლო 69 109.91 ლარი.
6. მენარდემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
- დამზადებული და შემკვეთისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 69 144.00 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;
- პირგასამტეხლოს - 84 631.91 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
7. მოპასუხემ შესაგებლით აღიარა ძირითადი დავალიანების (69 144.00 ლარის) არსებობის ფაქტი, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში განმარტა, რომ 19.05.2014 წლის შედარების აქტში პირგასამტეხლოს გადახდაზე მითითება არ ყოფილა. გარდა ამისა, მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ძირითად დავალიანებას გადაიხდიდა ერთ წელიწადში. ამასთან, მოპასუხის მოსაზრებით, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო.
8. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: ა) 69144 ლარის გადახდა; ბ) 17000 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების გამოტანამდე დარიცხული პირგასამტეხლოს სახით; გ) ყოველდღიურად 69.144 ლარის 0.05%-ის გადახდა, გადაწყვეტილების გამოტანიდან მის აღსულებამდე; დ) 2150 ლარის გადახდა, საპროცესო ხარჯების ანაზღაურებისათვის.
9. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 131-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სარჩელი, ძირითადი დავალიანების დაკისრების ნაწილში, სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებლით აღიარა ძირითადი დავალიანების (69 144.00 ლარის) არსებობის ფაქტი.
10. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 420-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი უნდა შემცირებულიყო.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. აპელანტის მოსაზრებით, დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და ეწინააღმდეგებოდა დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. აპელანტმა აღნიშნა, ასევე, რომ 19.05.2014 წლის შედარების აქტით განისაზღვრა საბოლოო დავალიანება და იქ პირგასამტეხლოს გადახდაზე მითითება არ ყოფილა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით;
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5 და 9-10 პუნქტები). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო სასამართლომ თითქმის 5-ჯერ, ხოლო, გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 10-ჯერ შეამცირა, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს უფრო მეტად შემცირების საფუძველი არ არსებობდა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- 19.05.2014 წლის შედარების აქტით განისაზღვრა საბოლოო დავალიანება და იქ პირგასამტეხლოს გადახდაზე მითითება არ ყოფილა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება არასწორია;
- ერთჯერადად დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სწორია.
20. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან 19.05.2014 წლის შედარების აქტით განისაზღვრა საბოლოო დავალიანება და იქ პირგასამტეხლოს გადახდაზე მითითება არ ყოფილა.
21. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას, ვინაიდან პირგასამტეხლოს გადახდაზე მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ 07.10.2013 წლის ხელშეკრულებით, ხოლო შედარების აქტში პირგასამტეხლოს გადახდაზე მიუთითებლობა, მოპასუხეს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. ამასთან, რომც მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელეს, შედარების აქტის შედგენის დროს, იმ მომენტისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოზე პრეტენზია არ გააჩნდა, ფაქტია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პირგასამტეხლოს გაანგარიშება მოიცავს შედარების აქტის შემდგომ პერიოდსაც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 5-ჯერ შეამცირა, ხოლო, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 10-ჯერ. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ მას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო დააკისრა.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 16.05.2014, #ას-1200-1145-2013, სუსგ 04.11.2015, #ას-825-776-2015).
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დავით ხარატის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1500.00 ლარი, გადახდის თარიღი – 06/10/2015 წელი, საგადახდო დავალება №1) 70% – 1050.00 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „...ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დავით ხარატის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1500.00 ლარი, გადახდის თარიღი – 06/10/2015 წელი, საგადახდო დავალება №1) 70% – 1050.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი