Facebook Twitter

საქმე №010210013391471

№ას-216-203-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ას-216-203-2015-შპს „ე...“ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ე...“ (მოსარჩელე, შპს „E...-ის“ სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E...-ი“ (მოსარჩელე, შპს „ე...-ის“ სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ნარდობის საზღაურის გადახდა (შპს „ე...-ის“ სარჩელში), ზიანის ანაზღაურება (შპს „E...-ის“ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 7 ივნისს შპს „E...-სა“ (შემდეგში პირველ მოსარჩელესა ან შემკვეთს) და შპს „ე...-ს“ (შემდეგში მეორე მოსარჩელეს ან მენარდეს) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მენარდემ იკისრა ვალდებულება, ქ.ქობულეთში, დ-ს გამზირის №...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე (შემდეგში სამშენებლო ობიექტზე), შემკვეთის სამშენებლო მასალით, შეესრულებინა შემდეგი სახის სამუშაოები: შენობის ფასადის კედლების ლესვის ხარვეზების გამოსწორება-დამთავრება და შეღებვა, ღიობების (კარ-ფანჯარების) ჩათვლით. შემკვეთს, მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოში (1კვ.მ-ზე გაანგარიშებით), უნდა გადაეხადა 17.50 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.

2. მენარდემ, შემკვეთის დირექტორის მითითებით, სამშენებლო ობიექტზე აწარმოა ისეთი სამუშაოები, რაც არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით, კერძოდ, ცემენტის ხსნარით ლესვითი და დეკორატიული ცემენტით მინაშხეფვითი სამუშაოები, რომელთა ღირებულებამ (დღგ-ს ჩათვლით) შეადგინა 132 008.96 ლარი.

3. მენარდემ არაჯეროვნად (სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით) შეასრულა ზემომითითებული სამუშაოები, რის გამოც სამშენებლო ობიექტის ფასადის კედლებზე აღინიშნება შემდეგი ხარვეზები: კედლები უსწორმასწორო და დეფორმირებულია, ნალესი რიგ ადგილებში ჩამოშლილია. ამ ხარვეზების (დაზიანების) აღმოფხვრისათვის ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 13 656.20 ლარს.

4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 26 ნოემბრის №... დასკვნის მიხედვით, მენარდემ შეასრულა 132 008.96 ლარის ღირებულების სამუშაო. შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 124 119.17 ლარი.

5. შემკვეთმა მენარდეს მოსთხოვა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზების გამოსწორება. მენარდემ მითითებული ხარვეზები არ გამოასწორა.

6. შემკვეთმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა:

- ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება;

- ზედმეტად გადახდილი თანხის - 61 508.20 ლარის მენარდისაგან დაბრუნება;

- სარჩელის აღძვრამდე დაგროვილი პირგასამტეხლოს - 16 607.70 ლარის დაკისრება მენარდისათვის;

- სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება მენარდისათვის;

- სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით გამოწვეული ნაკლის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხის - 13 656.20 ლარის დაკისრება მენარდისათვის;

- არასწორად დარიცხული ზედნადები ხარჯის - 4942.98 ლარის გადახდის დაკისრება მენარდისათვის.

7. თავის მხრივ, სასამართლოში სარჩელი აღძრა, ასევე, მენარდემ შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა:

– შემკვეთისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 32 995.04 ლარის გადახდის დაკისრება;

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით ზემოხსენებული სამოქალაქო საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით:

- მენარდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 23 375.85 ლარის გადახდა;

- შემკვეთის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ შეასრულა 147 495.04 ლარის ღირებულების სამუშაო. შემკვეთმა სამუშაო მიიღო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 649-ე მუხლი), მაგრამ მენარდეს გადაუხადა მხოლოდ 124 119.00 ლარი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ, სსკ-ის 629.1 მუხლის საფუძველზე, შემკვეთი ვალდებული იყო მენარდისათვის დამატებით გადაეხადა 23 375.85 ლარი.

11. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთმა ვერ დაამტკიცა მენარდის მიერ სამუშაოების უხარისხოდ შესრულების ფაქტი, შესაბამისად, მისი სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა შემკვეთმა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- შემკვეთის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- შეკვეთის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- შეწყვეტილად იქნა აღიარებული ნარდობის ხელშეკრულება;

- მენარდეს, შემკვეთის სასარგებლოდ, დაეკისრა 13 656.20 ლარის გადახდა;

- მენარდეს, შემკვეთის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს - 57.35 ლარის გადახდა;

- მენარდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- შემკვეთს, მენარდის სასარგებლოდ, დაეკისრა 7 888.79 ლარის გადახდა.

14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ნარდობის მომწესრიგებელი ნორმებით უნდა დარეგულირებულიყო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 629-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად, მენარდეს უნდა დაემტკიცებინა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, ხოლო, შემკვეთს - შეთანხმებული საზღაურის გადახდის ფაქტი.

15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთი მიუთითებდა მენარდის მიერ სხვა სახის სამუშაოების შესრულებაზე, რაც არ იყო გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმებით. მენარდე ამ ფაქტს არ უარყოფდა, მაგრამ აცხადებდა, რომ მან ეს სამუშაოები შეასრულა შემკვეთის მითითებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მართლაც დასტურდებოდა შემკვეთის მითითებები ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაოების შესრულებაზე. ამ სამუშაოების ღირებულებამ კი შეადგინა 132 008.96 ლარი. უდავო იყო, რომ შემკვეთმა გადაიხადა მხოლოდ 124 119.17 ლარი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სსკ-ის 629.1 მუხლის საფუძველზე, შემკვეთს უნდა დაკისრებოდა საზღაურის დარჩენილი ნაწილის – 7 888.79 ლარის გადახდა მენარდის სასარგებლოდ.

16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ასევე, რომ შემკვეთი მენარდეს ედავებოდა შესრულებული სამუშაოს ხარისხში, კერძოდ, შემკვეთის მოსაზრებით, მენარდემ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რომლის გამოსასწორებლადაც შემკვეთს დამატებითი ხარჯი უნდა გაეწია. აღნიშნული ხარჯი შეადგენდა 13 656.20 ლარს.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 639-ე და 641-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მენარდემ შემკვეთს წარუდგინა ნივთობრივად ნაკლიანი ნაკეთობა. შემკვეთმა მენარდეს მოსთხოვა დამატებითი შესრულება (სსკ-ის 642.1 მუხლი). მიუხედავად ამისა, მენარდემ ნაკლი არ გამოასწორა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შემკვეთს წარმოეშვა სსკ-ის 644-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, მენარდე ვალდებული იყო შემკვეთისათვის აენაზღაურებინა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც, მოცემულ შემთხვევაში, შეადგენდა 13 656.20 ლარს.

18. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შემკვეთის მოთხოვნა მენარდისათვის 61 508.20 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან, პალატის მოსაზრებით, შემკვეთს ასეთი ხარჯი არ გაუწევია.

19. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსკ-ის 172-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 მარტის №001174114 დასკვნა ზედმეტად დარიცხული ზედნადების ხარჯების ნაწილში დაუსაბუთებელი იყო, რამდენადაც არ შეიცავდა კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, თუ რატომ ჩათვალა ექსპერტმა 4 942.98 ლარი ზედმეტად დარიცხულად. დასკვნაში მითითებული ნორმატიული აქტის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1463 ბრძანება) თანახმად, საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯები უნდა განსაზღვრულიყო არა უმეტეს 10%-ით. სამუშაოების შესრულების საქმეზე წარდგენილი აქტებით ირკვეოდა, რომ მენარდე ზედნადებ ხარჯებს ანგარიშობდა შესრულებული სამუშაოს 10%-ის ოდენობით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტის დასკვნა ამ ნაწილში არ გაიზიარა და მოპასარჩელის მოთხოვნა დასახელებულ ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია.

20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოვალეს ეკისრება ვალდებულების დარღვევისათვის არაადეკვატური ოდენობის თანხა, არამედ – მაშინაც, როდესაც არაგონივრული და სამოქალაქო ბრუნვისათვის აშკარად შეუსაბამოა პირგასამტეხლოს განაკვეთიც. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 7 ივნისის ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, მენარდეს, ვალდებულების დარღვევის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა შესასრულებელი სამუშაოს 1%. სააპელაციო სასამართლომ, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულ განაკვეთად მიიჩნია 0.07%-ი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დამტკიცდა, რომ მენარდეს შესასრულებელი დარჩა 13 656.20 ლარის სამუშაოები, ხოლო შემკვეთმა მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდევინება მენარდისათვის დამატებით დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლიდან (2013 წლის 12 დეკემბერი) სარჩელის აღძვრამდე (2013 წლის 18 დეკემბერი) პერიოდისათვის, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრებოდა 13 656.20 ლარის 0.07% გამრავლებული 6 დღეზე, რაც 57.35 ლარს შეადგენდა.

21. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენისას სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან ეს დასკვნა სუბიექტურია. სინამდვილეში, მენარდის მიერ შესრულებულია 147 495.04 ლარის სამუშაო, რაც შემკვეთს სადაოდ არ გაუხდია;

- სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 643.1-ე მუხლი, რაც შემკვეთის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ვინაიდან, ჯერ ერთი, ნაკლიანი შესრულება არ არსებობდა და, მეორეც, შემკვეთს არანაირი ხარვეზი არ გამოუსწორებია და, შესაბამისად, არც ხარჯი გაუწევია.

22. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით მენარდის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე სწორია.

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

28. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ შეასრულა 132 008.96 ლარის სამუშაო, ხოლო შემკვეთმა მას გადაუხადა 124119.17 ლარი, შესაბამისად, მენარდისათვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 7 888.79 ლარს.

29. კასატორის მოსაზრებით, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენისას სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან ეს დასკვნა დაუსაბუთებელია. სინამდვილეში, მენარდემ შეასრულა 147 495.04 ლარის სამუშაო, რაც შემკვეთს სადაოდ არ გაუხდია.

30. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შემკვეთი არ დაეთანხმა მენარდის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ (იხ. შემკვეთის შესაგებელი, ტომი 2, ს.ფ. 54-65). პირიქით, შემკვეთმა შესაგებელს დაურთო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოთა საერთო ღირებულებაა 132 008.96 ლარი, დღგ-ს ჩათვლით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 66-69). ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ შემკვეთს სადაოდ არ გაუხდია შესრულებული სამუშაოს ღირებულება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ასევე, კასატორის პრეტენზიას მითითებული დასკვნის დაუსაბუთებლობის თაობაზე, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ფაქტს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (იხ. წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტი) მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსკ-ის 629.1 მუხლის საფუძველზე, შემკვეთს მართებულად დაეკისრა 7 888.79 ლარის გადახდა, რადგან უფრო მეტის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.

32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მენარდეს შემკვეთისათვის ნაკლიანი ნაკეთობა არ გადაუცია. საკასაციო პალატა მიუთითებს შემკვეთის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე (იხ. ტომი 2, ს.ფ. 66-69, 115-125), რომლებითაც დასტურდება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგის უხარისხობა. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია, ასევე, ხარვეზის გამსწორებისათვის საჭირო თანხა - 13 656.20 ლარი. კასატორს არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯის გაწევამდე, შემკვეთს არა აქვს უფლება, წინასწარ მოითხოვოს ამ ხარჯის ანაზღაურება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შემკვეთს აღნიშნულ უფლებას ანიჭებს სსკ-ის 644-ე და ამავე კოდექსის 643.3-ე მუხლები.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მენარდის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. უ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1458.00 ლარის, საგადახდო დავალება N3, გადახდის თარიღი – 05.03.2015 წელი) 70% – 1020.60 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე...-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ე...-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. უ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1458.00 ლარის, საგადახდო დავალება N3, გადახდის თარიღი – 05.03.2015 წელი) 70% – 1020.60 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი