Facebook Twitter

საქმე №240210015704282

№ას-928-878-2015 29 იანვარი, 2016 წელი

ას-928-878-2015-თავდაცვის სამინისტრო თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „...ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში მოსარჩელემ) შპს „...ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის დაკისრება.

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 5 000 ლარის გადახდა;

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ხოლო, მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 2 000 ლარის გადახდა.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2013 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №911 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელის სხვადასხვა სამხედრო ნაწილის კვებით მომსახურებაზე, გაზრდილი კერძების რაოდენობით და საკვების მრავალფეროვნებით, რამდენიმე სახეობის სხვადასხვა კერძის შეუზღუდავი რაოდენობის მიწოდებით დღეში სამჯერ, საკუთარი კვების პროდუქტებით (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31, 2007 წლის 26 სექტემბრის №560, 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებისა და ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

- ხელშეკრულების მე-6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლისა და სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გამოყოფილი პირები;

- 2013 წლის 30 დეკემბრის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №911 ხელშეკრულების 15.1. პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, რომლის თანახმად, მიმწოდებელს, მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულების (კერძოდ: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯარით გათვალისწინებული ნორმების არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა) შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით;

- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №911 ხელშეკრულების მე-6 დანართით დადგინდა სადღესასწაულო მენიუ, კერძოდ, არმიის დღესთან დაკავშირებით საუზმე მოიცავდა: ბრინჯის ტკბილ ფლავს, ხაჭაპურს, მოხარშულ კვერცხს, ჩაის, კარაქს, ხილფაფას, კაკაოს და პურს; სადილი – ბოსტნეულისა და სტაფილოს სალათებს, სუპ-ხარჩოს საქონლის ხორცით, შემწვარი ქათმის ხორცს ბაჟეში, შემწვარ კარტოფილს, ღომს, საწებელს , გამაგრილებელ სასმელს, ხილს, საკონდიტრო ნაწარმს, კანფეტებს, პურს, ხოლო ვახშამი – ოლივიეს, ჩაშუშულ ღორის ხორცს, წიწიბურას გარნირს, ჩაის, კარაქს, ხილფაფას, საკონდიტრო ნაწარმს და პურს;

- 2014 წლის 30 აპრილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა შეამოწმეს ქ.სენაკში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი, რაზეც შედგა №85 აქტი. მითითებული აქტის მიხედვით, სასადილოში შემოწმდა ვახშმისათვის მომზადებული კერძების ნორმა და საგემოვნო თვისებები, რაც ხელშეკრულებით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. ამავე აქტის მიხედვით, სასადილოს შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ შპს „ქართულმა კვების კომპანიამ” არ შეასრულა №911 ხელშეკრულების №6 დანართში მითითებული პირობა, კერძოდ, არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის არ მომზადდა სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძები, სასადილოს არ გააჩნდა სტაციონალური გამანაწილებელი, მაგიდის კომპლექტი (საპილპილე, სამარილე). მიღებული ჰქონდათ მაცივარი, რომელიც დამონტაჟებული არ იყო და ამის გამო, ძეხვი საყინულე მაცივარში ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით ინახებოდა;

- ზემოაღნიშნული აქტის საფუძველზე, 2014 წლის 24 ივლისს შედგენილ იქნა №911-47 აქტი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ, რომლის მიხედვით, მოპასუხეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარი;

- მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო და გაეგზავნა შეტყობინება, დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ პირგასამტეხლო არ გადაიხადა;

- მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2013 წლის 30 დეკემბრის №911 ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი (მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) ვალდებული იყო, უზრუნველეყო მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, საველე პირობებში – კვების საჭიროების შემთხვევაში საველე სამზარეულოთი და საველე სამზარეულოს დანადგარის ტექნიკური მომსახურებით, რაზეც მხარეები აფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს. ამავე ხელშეკრულების 21.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დანართები (სულ 6 დანართი) წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი საპროცესო მოვალეობის შესასრულებლად, მოსარჩელემ წარადგინა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2014 წლის 30 აპრილს შედგენილი №85 აქტი, რომლის მიხედვითაც, შემოწმდა ქ.სენაკში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მე-10კადრირებული ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. მითითებული გარემოება, რომ არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეთათვის არ მომზადდა სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძები, ასევე, სასადილოს არ გააჩნდა სტაციონალური გამანაწილებელი და მაგიდის კომპლექტი, მოპასუხეს არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სასამართლომ ეს გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 102-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ასევე, რომ მოპასუხემ ვერ გააქარწყლა 2014 წლის 30 აპრილის №85 აქტის მტკიცებულებითი ძალა, მოპასუხემ სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ წარადგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც მის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტს დაადასტურებდა. ამდენად, მოპასუხემ 2013 წლის 30 დეკემბრის №911 ხელშეკრულება არაჯეროვნად შეასრულა, სამხედრო მოსამსახურეებისათვის დღესასწაულზე, კერძოდ, არმიის დღეს, საკვები არ მოამზადა სადღესასწაულო მენიუს მიხედვით, რასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულების მე-6 დანართი.

8. რაც შეეხებოდა ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგენილ №85 აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქ.სენაკში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სასადილოს გააჩნდა დაუმონტაჟებელი მაცივარი, რის გამოც კომპანია ძეხვს საყინულე მაცივარში ინახავდა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, თუმცა მხარეებმა სადავოდ გახადეს – მიმწოდებლის, თუ შემსყიდველის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა მაცივრის დამონტაჟება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა შპს „...ის” წარმომადგენლის პოზიციას, რომ მაცივრის დამონტაჟების ვალდებულება ეკისრებოდა შემსყიდველს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №911 ხელშეკრულების 8.1.1 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით... ხელშეკრულების ამ პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს ეკისრებოდა ტექნიკურად გამართული და ფუნქციონირებადი მაცივრით მიმწოდებლის უზრუნველყოფა, რაც არ განხორციელებულა შემსყიდველის მიერ, ხოლო მიმწოდებლის მიერ საყინულე მაცივარში ძეხვის შენახვით ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს, მაცივრის დაუმონტაჟებლობისა და ძეხვის საყინულე მაცივარში შენახვით, ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის (მომსახურეობის) ხელშეკრულებიდან, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, რომ არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეთათვის სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძების მოუმზადებლობით მოპასუხემ დაარღვია №911 ხელშეკრულების პირობები. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს არც შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე, სადავო არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სასადილოს არ გააჩნდა ჩაის სტაციონალური გამანაწილებელი და მაგიდის კომპლექტი(საპილპილე, სამარილე). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 102-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად უნდა მიჩნეულიყო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავად იყო ვალდებული დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ სასადილოში ჩაის სტაციონალური გამანაწილებელისა და მაგიდის კომპლექტის (საპილპილე, სამარილე) შეძენა მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა და, რომ, ამ მოქმედების განუხორციელებლობით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

10. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N911 ხელშეკრულებაზე. სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნული ხელშეკრულების 8.1.1 პუნქტის ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე თავად იყო ვალდებული, უზრუნველეყო მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით. ამდენად, ინვენტარის, მათ შორის სასადილოში ჩაის სტაციონალური გამანაწილებელისა და მაგიდის კომპლექტის შეძენა, შესაბამისი საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ №85 აქტში დაფიქსირებული დარღვევა-სასადილოში ჩაის სტაციონალური გამანაწილებელისა და მაგიდის კომპლექტის (საპილპილე, სამარილე) არარსებობა, მოპასუხეს ბრალად ვერ შეერაცხებოდა, რაც გამორიცხავდა ამ დარღვევის გამო მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ N85 აქტში დაფიქსირებული დარღვევებიდან მოპასუხეს ბრალად უნდა შერაცხვოდა მხოლოდ არმიის დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო მენიუს მიხედვით საკვების მოუმზადებლობა. აღნიშნული დარღვევის სიმძიმის, სიხშირის, დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, კერძოდ, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ზიანი არ დამდგარა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 10 000 ლარი, შეუსაბამოდ მაღალს წარმოადგენდა და დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და თანაზომიერების ინტერესის მხედველობაში მიღებით 2 000 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

– დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარის დაკისრების ნაწილში, კერძოდ, სასამართლოს საქმის გარემოებები სრულყოფილად არ გამოუკვლევია და არ მოუხდენია საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზი;

- სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია ჩაის სტაციონალური გამანაწილებლისა და მაგიდის კოპლექტის არარსებობა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტად. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო თავისი სახსრებით ეწარმოებინა გადაცემულ კვების ობიექტებზე არსებული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, შეესყიდა სამზარეულო ინვენტარისა და მოწყობილობა დანადგარების შესაკეთებლად საჭირო საქონელი და ასევე, ხელშეკრულების 7.5 ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო, შეესყიდა სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ ამ უკანასკნელმა არ მოამზადა სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული საკვები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობებიც დაარღვია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N911 ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე თავად იყო ვალდებული, უზრუნველეყო მიმწოდებელი სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, შესაბამისად, ინვენტარის, მათ შორის სასადილოში ჩაის სტაციონალური გამანაწილებლისა და მაგიდის კომპლექტის შეძენა, შესაბამისი საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ №85 აქტში დაფიქსირებული დარღვევა - სასადილოში ჩაის სტაციონალური გამანაწილებელისა და მაგიდის კომპლექტის (საპილპილე, სამარილე) არარსებობა - მოპასუხეს ბრალად ვერ შეერაცხებოდა.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

21. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, დარღვევის სიმძიმის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 2 000 ლარი.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოსარჩელის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი