საქმე №060210015704328
№ას-1110-1045-2015 29 იანვარი, 2016 წელი
ას-1110-1045-2015-თავდაცვის სამინისტრო თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „-ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდეგში მოსარჩელემ) შპს „-იის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის დაკისრება.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 5 000 ლარის ოდენობით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ხოლო, მოსარჩელემ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- სამტრედიის რაიიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2013 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №911 ხელშეკრულება;
- მითითებული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს, კვების უსაფრთხოების ნორმებსა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;
- ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან, ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯარით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალიწინებული სხვა ვალდებულების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით;
- 2014 წლის 18 თებერვალს, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების, საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილებამ შეამოწმა, მოპასუხის მიერ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2013 წლის 30 დეკემბრის №911 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა ქ.ხონში დისლოცირებული მე-2 საარტილერიო ბრიგადასთან მიმართებით, კერძოდ, შემოწმდა ვახშმისათვის მომზადებული კერძების ნორმა და საგემოვნებო თვისებები, რაც დამაკმაყოფილებლად შეფასდა. ამავე შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ სასადილოს საწყობში აღმოაჩინეს 16 ყუთი ვაშლის ჯემი დაფასოებული პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში, რომელიც მოთავსებული იყო როშენის ფირმის მეორად მუყაოს ყუთებში გარედან დამოწმებული ბეჭდით შპს ,,კულა“. შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ სასადილოს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის მაცივარ-დანადგარები, რის გამოც ძეხვი და სოსისი ინახებოდა საყინულე კონტეინერში ხორცთან ერთად;
- მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2013 წლის 30 დეკემბრის №911 ხელშეკრულებას, 2014 წლის 7 თებერვლის №911/1 შეთანხმების ოქმის საფუძველზე, დაემატა 7.5 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებელი (მოპასუხე) უფლებამოსილი გახდა შეესყიდა სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები (რომელთა ღირებულება შემსყიდველის მხრიდან არ ანაზღაურდებოდა);
- 2014 წლის 24 ივლისს, მოსარჩელემ შეადგინა №911-29 აქტი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 10 000 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე არ ჩაურიცხავს;
- მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2013 წლის 30 დეკემბრის №911 ხელშეკრულების 2.1. პუნქტის (ხელშეკრულების საგანი) თანახმად, მიმწოდებელი (მოპასუხე) უზრუნველყოფდა მოსარჩელე სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურეობას გაზრდილი კერძების რაოდენობით და საკვების მრავალფეროვნებით. ამავე ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, უზრუნველეყო მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, საველე პირობებში - კვების საჭიროების შემთხვევაში საველე სამზარეულოთი და საველე სამზარეულოს დანადგარის ტექნიკური მომსახურებით, რაზეც მხარეებს უნდა გაეფორმებინათ მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე ხელშეკრულების 13.1 პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომლის გამო ფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებ მხარეს, რაც შეიძლება მოკლე დროში, უნდა ეცნობებინა მეორე მხარისათვის თავისი გადაწყვეტილება ამ გარემოებებთან დაკავშირებით;
- მოსარჩელე ორგანიზაციის დირექტორისადმი შპს „-ს” 2014 წლის 27 ნოემბრის წერილში დაფიქსირებულია, რომ შპს „-ს” მიერ 2014 წლის 25 თებერვლის №250202 ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული ჯემის ტარა და ეტიკეტები სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედ ნორმებს, კერძოდ: ჯემი შეფუთული იყო ჰერმეტულად, საკვებ პროდუქტთან თავსებადი პოლიეთილენის მასალით, შეფუთვაზე დატანილი იყო საქონლის სპეციფიკაცია და ვარგისიანობის ვადა. რამდენიმე ცალი შეფუთული ჯემი მოთავსებული იყო პირველადი გამოყენების (ახალი, ექსპლოატაციაში არ ნამყოფი) მუყაოს ყუთებში (”როშენის” დასახელებით). ყუთები ძირითადად გამოიყენებოდა პროდუქტის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით და არ წარმოადგენდა საქონლის უშუალო შეფუთვას;
- სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საყინულე კონტეინერი ეს იყო დიდი ზომის, ოთახის მოცულობის მაცივარი, სადაც ხორცპროდუქტები: ძეხვი, სოსისი და ხორცი ინახება ერთ სივრცეში, თითოეულისათვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე. ამასთან, თითოეული პროდუქტი იმყოფებოდა შეფუთულ მდგომარეობაში, რაც გამორიცხავდა მათი ორგანოლეპტიკური თვისებების დაკარგვას;
- მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათთვის უცნობი იყო და არც საქმის მასალებით არ ირკვეოდა ხორცის პროდუქტები რა სახით იყო მაცივარში განლაგებული და ერთად შენახული.
6. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა ,,სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების მ-4 თავის მე-17 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, „ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის № 173 დადგენილების მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, აღნიშნული დადგენილების მე-9 მუხლის მე-7 ნაწილი, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი.
7. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავად იყო ვალდებული დაემტკიცებინა და დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ძეხვის, სოსისისა და ხორცის ერთ სივრცეში შენახვისას ცალკეულმა სურსათმა დაკარგა მისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები, თუმცა №75 აქტი, ამ მიმართებით, არ შეიცავდა ფაქტებს, რომელთა შეფასების შედეგად სასამართლო დაასკვნიდა, რომ დაირღვა სამხედრო მოსამსახურეთა სურსათით უზრუნველყოფის ნორმები. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N911 ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი (მოსარჩელე) თავად იყო ვალდებული, უზრუნველეყო მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით. ამდენად, ინვენტარითა და შესაბამისი საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არასაკმარისი ოდენობით მაცივარ-დანადგარების არსებობა მოპასუხის პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი კი არ უნდა გამხდარიყო, არამედ მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო, დაუყოვნებლივ, მასზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და მოპასუხისათვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა. №75 აქტში დაფიქსირებული დარღვევა მოპასუხეს ბრალად ვერ შეერაცხებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ თავად თავდაცვის სამინისტროს მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მოპასუხემ არ შეატყობინა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აქტში ასახული დარღვევა, რომ სასადილოს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის მაცივარ-დანადგარები, რის გამოც ძეხვი და სოსისი საყინულე კონტეინერში ხორცთან ერთად ინახებოდა, მოსარჩელის ბრალით იყო განპირობებული, და ამ დარღვევის გამო შეუტყობინებლობის საფუძვლით მოპასუხეს პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა.
9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 7 თებერვლის №911/1 შეთანხმების ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულებაზე დამატებული 7.5 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი, ანუ მოპასუხე თავად იყო ვალდებული, შეესყიდა სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მაცივარ-დანადგარები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია 2014 წლის 07 თებერვლის №911/1 შეთანხმების ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულებას დაემატა 7.5 ქვეპუნქტი, მაგრამ ამ პუნქტით მიმწოდებელს დაევალა სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის შეეძინა ელექტრო, სანტექნიკური, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები. გარდა ამისა, შეთანხმებით არ გაუქმებულა 911 ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ვალდებული იყო, უზრუნველეყო მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, საველე პირობებში კვების საჭიროების შემთხვევაში საველე სამზარეულოთი და საველე სამზარეულოს დანადგარის ტექნიკური მომსახურებით. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ №911/1 შეთანხმების ოქმის 7.5. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის ვალდებულებას შეადგენდა ღირებულების ანაზღაურების გარეშე შეეძინა ელექტრო საშუალებები (ნათურა, ჩამრთველი და ა.შ.) და არა ელექტრო ტექნიკა, და რომ №911 ხელშეკრულების 81.1. პუნქტის შესაბამისად, სწორედ შემსყიდველი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო ვალდებული უზრუნველეყო მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, მათ შორის მაცივარ-დანადგარებით.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს მარეგულირებელი ნორმები, თუმცა ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგინა, არასწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ N75 აქტში დაფიქსირებული დარღვევა, რომელიც შეიძლებოდა მოპასუხეს ბრალად შერაცხვოდა, არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა მითითებულ აქტში ასახული დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი წინაპირობა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სასამართლომ არასწორად შეაფასა 2014 წლის 18 თებერვლის №36 აქტში დაფიქსირებული დარღვევები;
- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-181 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. ამავე კოდექსის 101 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან ვეტერინალურ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომხმარებელი დაცული უნდა იქნეს მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ ბუნებასთან, შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით. აქტში დაფიქსირებული დარღვევა, რომ ვაშლის ჯემი ინახება როშენის ყუთებში დამოწმებული ბეჭდით შპს „გსქ კულა“, წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან, ვინაიდან არ იძლევა მომხმარებლისათვის სრულყოფილ და უტყუარ ინფორმაციას პროდუქტის შემადგენლობაზე, მწარმოებელზე, რაც მომხმარებელს არჩევანის საშუალებას ართმევს. აღნიშნული კი, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევაზე მიუთითებს და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
18. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ დაურღვევია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ ძეხვის, სოსისისა და ხორცის ერთ სამაცივრე სივრცეში შენახვით, სურსათმა დაკარგა მისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები და, რომ დაირღვა სამხედრო მოსამსახურეთა სურსათით უზრუნველყოფის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, ასევე, რომ მოსარჩელე თავად იყო ვალდებული უზრუნველეყო მოპასუხე სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, მათ შორის, მაცივარ-დანადგარებით. სააპელაციო სასამართლომ შპს „-ს” 2014 წლის 27 ნოემბრის წერილზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ 2014 წლის 25 თებერვლის №250202 ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული ჯემის ტარა და ეტიკეტები სრულად შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედ ნორმებს, კერძოდ: ჯემი შეფუთული იყო ჰერმეტულად, საკვებ პროდუქტთან თავსებადი პოლიეთილენის მასალით, შეფუთვაზე დატანილი იყო საქონლის სპეციფიკაცია და ვარგისიანობის ვადა.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
20. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, ამ უკანასკნელს პირგასამტეხლოს გადახდა ვერ დაეკისრებოდა.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოსარჩელის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი