Facebook Twitter

საქმე №080210014477532

№ას-332-317-2015 31 მარტი, 2016 წელი

ას-332-317-2015-ქ-ე თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ნ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. ჯ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2011 წლის 24 მაისს, ლ. ჯ-ესა (შემდეგში მოსარჩელესა ან გამსესხებელს) და ნ. ქ-ეს, წარმოდგენილის ე. კ-ის მიერ 15.05.2011 წლის მინდობილობის საფუძველზე, (შემდეგში მოპასუხეს, მსესხებელს ან კასატორს) შორის, საჯარო რეესტრში დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით გადასცა 8000.00 ევრო, 6 თვის ვადით, 2011 წლის 23 ნოემბრამდე - უპროცენტოდ. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო (ხელშეკრულების 1.7. პუნქტი), რომლის თანახმადაც, შეთანხმებულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მოვალეს უნდა გადაეხადა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი თანხის 0.3% (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის - შემდეგში სსკ-ის - 623-ე, 417-ე, 418-ე მუხლები).

2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ტ-ის ქ. №… (სსკ-ის 286.1, 289.1).

3. მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა სესხის ნაწილი - 2150.00 ევრო.

4. სესხის დაბრუნების ვადაგადაცილება შეადგენს 858 დღეს.

5. გამსესხებელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალქო სასამართლოს მსესხებლის წინააღმდეგ და მოითხოვა:

- სესხის ძირი თანხის დარჩენილი ნაწილისა - 5850.00 ევროს, ასევე პირგასამტეხლოს - 7650.00 ევროს მოპასუხისათვის დაკისრება;

- დავალიანების ანაზღაურების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

6. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეს ასესხა 8000.00 ევრო 6 თვის ვადით, უპროცენტოდ. მხარეებმა გაითვალისწინეს, ასევე, პირგასამტეხლოც - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი თანხის 0.3%. მოპასუხემ დააბრუნა სესხის ნაწილი - 2150 ევრო, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 5850.00 ევრო. მოსარჩელის განმარტებით, ვადაგადაცილებამ შადგინა 858 დღე, შესაბამისად, პირგასამტეხლომ - 15 558.00 (5850X0.3%=17.55X858=15558) ევრო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ამცირებდა პირგასამტეხლოს ოდენობას და სარჩელით მოითხოვდა მხოლოდ 7650 ევროს გადახდას.

7. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 3100 ევროს ნაწილში, ხოლო, პირგასამტეხლოს გადახდაზე უარი განაცხადა, ვინაიდან, მისი განმარტებით, შეთანხმება პირგასამტეხლოზე არ არსებობდა, კერძოდ, მას ასეთი უფლებამოსილება წარმომადგენლისათვის არ მიუცია.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სესხის ძირი თანხის - 5650 ევროსა და პირგასამტეხლოს - 5019.30 ევროს, სულ 10869.30 ევროს გადახდა;

- დადგინდა, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით.

9. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოპასუხემ დაადასტურა მხოლოდ 2150 ევროს მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი, ამიტომ მას უნდა დაკისრებოდა დარჩენილი თანხის - 5850 ევროს გადახდა.

10. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას წარმომადგენლისათვის არ მიუცია პირგასამტეხლოზე შეთანხმების დადების უფლებამოსილება. სასამართლომ მიუთითა, 15.05.2011 წლის მინდობილობაზე და აღნიშნა, რომ ამ მინდობილობით წარმომადგენელეს მინიჭებული ჰქონდა სადავო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი უნდა შემცირებულიყო, კერძოდ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა 5019.30 ევროს გადახდა.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი იმეორებდა მოპასუხის შესაგებლის პრეტენზიებს.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით:

- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს სახით 5019.30 ევროს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი), ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 652.70 ლარის (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს - 3393.39 ევროს გადახდა.

13. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სესხის ძირი თანხის გაანგარიშების ნაწილში, ასევე, იმაში, რომ 15.05.2011 წლის მინდობილობით მსესხებლის წარმომადგენელეს მინიჭებული ჰქონდა პირგასამტეხლოზე შეთანხმების დადების უფლებამოსილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირება, კერძოდ, 0.07%-მდე, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო - 3393.39 ევრო.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ 15.05.2011 წლის მინდობილობით მსესხებლმა წარმომადგენელს მიანიჭა პირგასამტეხლოზე შეთანხმების დადების უფლება. კასატორის მოსაზრებით, ასეთი დასკვნა არ გამომდინარეობდა ზემოხსენებული მინდობილობის შინაარსიდან.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის შესახებ.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ აღარ ხდის სესხის ძირიდან დარჩენილი თანხის - 5850.00 ევროს მისთვის დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ვინაიდან, 15.05.2011 წლის მინდობილობით, მას თავისი წარმომადგენლისათვის პირგასამტეხლოზე შეთანხმების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია.

22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და მიუთითებს 15.05.2011 წლის მინდობილობაზე, რომლის თანახმად, მსესხებელმა თავის წარმომადგენელს მიანიჭა არამარტო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება, არამედ ამ ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის უფლებამოსილებაც (სსკ-ის 107-ე მუხლი). ზემოხსენებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა იყო შეთანხმება პირგასამტეხლოზე, რისი უფლებაც რწმუნებულს გააჩნდა მსესხებლის მიერ მიცემული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, პირგასამტეხლოზე შეთანხმება ნამდვილია და წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს წარმოდგენილი პირის - მსესხებლისათვის (სსკ-ის 104.1 მუხლი). აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მას არასწორად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებას, რომ ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით დაანგარიშებული პირგასამტეხლო - 15558.00 ევრო, ჯერ თავად მოსარჩელემ შეამცირა 7650.00 ევრომდე, ხოლო, შემდეგ სასამართლოებმა შეამცირეს 3393.39 ევრომდე. ამდენად, მთლიანობაში პირგასამტეხლო შემცირებულია თითქმის 5-ჯერ, შესაბამისად, მისი კიდევ უფრო მეტად შემცირების საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ, თუნდაც არ ყოფილიყო შეთანხმება პირგასამტეხლოზე, მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მაინც ექნებოდა (სსკ-ის 394.1 და 411-ე მუხლები), რომელიც შესაძლებელია იმდენივე ყოფილიყო, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაეკისრა მოპასუხეს.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 17.07.2015წ., #ას-236-223-2015, სუსგ 28.07.2015წ., #ას-550-522-2014).

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (414.63 ლარის, გადახდის თარიღი – 20/04/2015 წელი, საგადასახადო დავალება №1) 70% – 290.24 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. ქ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (414.63 ლარის, გადახდის თარიღი – 20/04/2015 წელი, საგადასახადო დავალება №1) 70% – 290.24 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი