საქმე №ას-604-572-2015 6 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბენეფიაციარი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან გარანტი) მიმართ, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის _ 180 050 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და შპს „ა-ს“ (შემდგომში _ პრინციპალი) შორის 2013 წლის 30 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-ის საავტომობილო გზისა და ქ.წყალტუბოს ქუჩების რეაბილიტაციის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 2 161 000 ლარს, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში პრინციპალის ინიციატივით 2013 წლის 26 დეკემბრის შეთანხმებით შეტანილ იქნა ცვლილება და სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის პირველ მარტამდე, თუმცა სამუშაო მაინც არ შესრულდა. პრინციპალის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 23 აპრილს წარდგენილ იქნა მოპასუხის მიერ 2014 წლის 23 აპრილს გაცემული №03/01-0... საბანკო გარანტია 108 050 ლარზე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 24 აპრილიდან 24 ივლისის ჩათვლით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 5 ივნისის #... ბრძანებით შეწყდა 2013 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და პრინციპალს დაეკისრა საჯარიმო სანქციები. 2014 წლის 5 ივნისს მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა საგარანტიო თანხის ჩარიცხვის თაობაზე, რაზეც მიღებულ იქნა პასუხი, რომ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ 10 დღის ვადაში, თუმცა ასეთი პასუხი სადაზღვევო კომპანიას არ გაუგზავნია და არც თანხა ჩაურიცხავს მოსარჩელის ანგარიშზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ისე მისი გახორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და განმარტა, რომ საბანკო გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა მოტყუებით, მას შემდეგ, რაც პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა, გარდა აღნიშნულისა, ბენეფიციარმა გარანტს თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა კანონით დადგენილი წესის დაუცველად წარუდგინა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 108 050 ლარის, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 3 241,5 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და პრინციპალს შორის, 2013 წლის 30 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მისი ჯამური ღირებულება შეადგენდა 2 161 000 ლარს. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. მხარეთა 2013 წლის 26 დეკემბრის შეთანხმებით, #... ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 1 მარტის ჩათვლით.
1.2.2. 2014 წლის 23 აპრილს, კასატორმა (გარანტი) გასცა №03.01-0... საბანკო გარანტია, რომლითაც საგარანტიო თანხა განისაზღვრა 108 050 ლარით. საბანკო გარანტია მოქმედებდა 2014 წლის 24 აპრილიდან 24 ივლისის ჩათვლით. საბანკო გარანტია გაცემულ იქნა პრინციპალს და ბენეფიციარს შორის 2013 წლის 23 სექტემბრის №1878 წერილის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-ის საავტომობილო გზის და ქალაქ წყალტუბოს ქუჩების რეაბილიტაციის შესახებ) გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
1.2.3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #... ბრძანებით 2014 წლის 4 ივნისს პრინციპალმა, ბენეფიაციარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვიტა 2013 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება და პრინციპალს დაეკისრა საჯარიმო სანქციები, ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ მოპასუხეს მოეთხოვებოდა საგარანტიო თანხის ჩარიცხვა.
1.2.4. 2014 წლის 5 ივნისს, გარანტს ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით გაეგზავნა წერილი, 2013 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მასვე ეცნობა, რომ საგარნტიო თანხა უნდა ჩაერიცხა მოსარჩელის ანგარიშზე. წერილს ერთვოდა წყალტუბოს მუნიცაპილიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #... ბრძანება და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის 2014 წლის 5 ივნისის დასკვნა.
1.2.5. გარანტი ბენეფიციარისადმი მიმართვაში ადასტურებს ბენეფიციარის წერილის მიღებას და მასვე ატყობინებს, რომ 10 დღის ვადაში აცნობებდა საგარანტიო თანხის ჩარიცხვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგარანტიო თანხის ჩარიცხვის წერილი გარანტს ფოსტითაც გაეგზავნა 2014 წლის 6 ივნისს ქ.თბილისში, ლ-ის ქუჩა №...-ში, რაც არის საგარანტიო ფურცელში მითითებული მისამართი, მაგრამ ადრესატს, არყოფნის გამო, ვერ ჩაბარდა.
1.2.6. გარანტს ბენეფიციარისათვის არ გადაუხდია 2014 წლის 23 აპრილის საბანკო გარანტიით განსაზღვრული 108 050 ლარი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებაზე და მიიჩნევს, რომ პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლი, რამდენადაც სასამართლომ საწარმოს რეგისტრირებული მისამართი, სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, მის ნამდვილ მისამართად მიიჩნია, სადაც გარანტს წერილობით გაგზავნილი შეტყობინება არ ჩაბარებია, ხოლო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ნამდვილად მიიჩნია იმ მითითებით, რომ გარანტმა იგი მიიღო და პრეტენზია არ გამოუთქვამს. სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არ გამომდინარეობს არც მატერიალური სამართლის ნორმიდან და არც სასამართლო პრაქტიკის ანალიზიდან (სუსგ #ას-1058-992-2014, 14.11.2012წ.), რამდენადაც წერილობითი შეტყობინების განმეორებით გაგზავნა ან სატელეფონო საუბრის შედეგად მისამართის დაზუსტება ბენეფიციარს არ უცდია, ხოლო მათ შორის ელექტრონული დოკუმეტბრუნვის თაობაზე შეთანხმება არ არსებობდა.
1.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გარანტის მითითებული პრეტენზია საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველი ვერ გახდება, რამდენადაც კასატორი არ შედავებია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ელექტრონული მიმართვა ბენეფიციარმა გარანტიით განსაზღვრულ ვადაში გაუგზავნა მას, ეს ნება ადრესატმა მიიღო და ბენეფიციარისათვის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ არ უცნობებია (იხ. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.5. პუნქტი), ამდენად, ადრესატს (გარანტს) ბენეფიციარის მიერ ნების გამოვლენა სადავოდ არ გაუხდია, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მიზნებისათვის გადამწყვეტია გარანტის მიერ ბენეფიციარის ნამდვილი ნების მიღება. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (#ას-1058-992-2012), იგი შეეხება არა გარანტის მიმართ ბენეფიციარის ნების გამოვლენის ფორმას, არამედ გარანტის ვალდებულების არსებობა-არარსებობას (შეწტყვეტას) იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება მიმდინარეობს. აქვე პალატა განმარტავს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი და მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 20.05.2015წ. #1... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 322 ლარისა და მის მიერვე 30.06.2015წ. #1... საგადახდო დავალებით გადახდილი 1 080,50 ლარის, სულ _ 5 402,5 ლარის 70% _ 3 781,75 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს-ას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 20.05.2015წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 322 ლარისა და მის მიერვე 30.06.2015წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი 1 080,50 ლარის, სულ _ 5 402,5 ლარის 70% _ 3 781,75 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე