Facebook Twitter

№ას-144-140-2016 19 აპრილი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –შპს ,,ს.ს.კ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება, პირგასამტეხლოს შემცირება, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში მოპასუხე, ბენეფიციარი, აპელანტი, კასატორი, ასევე კრედიტორი, შემკვეთი) და შპს „ს.ს.კ–ს“ (მოსარჩელე, პრინციპალი, კომპანია, მენარდე, მოვალე), შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება N1.1.1./30/282 {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი}.

2. ხელშეკრულების საგანი იყო ქ. თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე ..... კაპიტალური შეკეთება. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 238 640 ლარით {სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

3. სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღე.

4. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად, საგზაო სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე {სსკ-ის 417-418-ე მუხლები}.

5. ვალდებულების შესრულების ვადის 20 დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევისათვის პრინციპალმა შემკვეთს წარუდგინა 2014 წლის 6 ოქტომბერს სს „თიბისი ბანკის“ (შემდეგში: გარანტორი) წერილობითი საბანკო გარანტია. გარანტის ვალდებულება 23 864 ლარით შემოიფარგლებოდა {სსკ-ის 879-ე, 884-ე და 888-ე მუხლები}.

6. 2014 წლის 10 ნოემბერს შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 236 751,03 ლარით, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს შესრულების ვადამ გადაიწია 2014 წლის 30 ნოემბერამდე. ცვლილება 2014 წლის 6 ოქტომბრის საბანკო გარანტიაშიც შევიდა და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

7. 2014 წლის 28 ნოემბერს კომპანიამ კრედიტორს აცნობა, რომ საგზაო სამუშაოების შესრულების ადგილზე, ქუჩის სავალ ნაწილზე, უხვი ნალექის გამო, იდგა წყლის გუბეები, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების შესრულებას.

8. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 დეკემბრის წერილის თანახმად, 2014 წლის 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ნალექი 13 დღის განმავლობაში მოდიოდა.

9. მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში არ შეასრულა {სსკ-ის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი}. მან საგზაო სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 24 დეკემბერს.

10. მერიამ 2015 წლის 12 იანვარს პრეტენზია წაუყენა კომპანიას და, ვადის გადაცილების (2014 წლის 1 დეკემბრიდან - 24 დეკემბრის ჩათვლით) გამო, მოსთხოვა პირგასამტეხლოს, 28 410.12 ლარის, გადახდა.

11. კომპანიამ პირგასამტეხლო სრულად გადაიხადა.

12. მერიამ საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდის მოთხოვნით წერილობით მიმართა გარანტს, რომელმაც საბანკო გარანტიის ფარგლებში 23 864 ლარის მოცულობით დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა {სსკ-ის 885-ე,888-ე მუხლები}.

13. 2015 წლის 27 თებერვალს კომპანიამ სარჩელი აღძრა მერიის წინააღმდეგ და მოითხოვა მის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს 0.5%-იანი განაკვეთის 01%-მდე შემცირება, პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილი 26 043 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 23 864 ლარის უკან დაბრუნება.

14. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

14.1. მოსარჩელემ დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გზის საფარის დაგების მიმართ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, მხარის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო, უსასრულოდ ვერ გააგრძელებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადას. მას არ წარმოუდგენია სასამართლოში მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სამუშაოების შესრულების რეალურ შეუძლებლობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ერთხელ გადაუვადა ხელშეკრულების შესრულების ვადა, ვინაიდან ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანამდე, ხელშეკრულების შესრულების ვადად 2014 წლის 9 ოქტომბრიდან განსაზღვრული იყო 30 კალენდარული დღე.

14.2. პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, მხარემ გადაიხადა დაკისრებული პირგასამტეხლო და სადავოდ არ გაუხდია მისი ოდენობა, შესაბამისად, აღნიშნული მოწმობს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია.

14.3. მოსარჩელემ ხელშეკრულების შესრულების ვადას 20 დღეზე მეტი ვადით გადააცილა, ამდენად, კრედიტორმა საბანკო გარანტიის თანხა სახელშეკრულებო რეგულირების შესაბამისად მიიღო.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული გარემოებები. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა 316-ე, 317-ე, 327-ე, 400-ე, 417-ე, 629-ე, 991-ე მუხლები.

16. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მერიამ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

16.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელის ვადაგადაცილებული შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებებით. სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილითა და სარჩელზე დართული ფოტომასალით, ამასთან დაკავშირებით, აპელანტმა აღნიშნა, რომ წერილში მითითებული ინფორმაცია ნალექის თაობაზე არ შეიძლება გაიგივებულიყო სტიქიურ უბედურებასთან, როგორც ფორსმაჟორულ გარემოებასთან, საქმეში დაცული ფოტომასალა ასევე ვერ ადასტურებს ფორსმაჟორული გარემოებების არსებობას, ამასთან, არ დგინდება თუ კონკრეტულად, რომელ ქუჩაზე დგას წვიმის წყალი და ეჭვქვეშაა სურათების გადაღების თარიღიც.

16.2. პირველი ინსტაციის სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კომპანიას აღიარებული ჰქონდა მის მიერ ვადის გადაცილების ფაქტი, რაც პირგასამტეხლოს გადახდაში გამოიხატა. სასარჩელო მოთხოვნაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა კონკრეტული ნორმა, თუ რის საფუძველზე ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას და საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნებას.

16.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა საბანკო გარანტიის ინსტიტუტი. იგი დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა და მისგან გამომდინარე მოთხოვნები პრინციპალს, ანუ მოვალეს, არ შეიძლება გააჩნდეს.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

18.1. პალატამ დაასკვნა, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებული 23 დღიდან 13 - დღიანი ვადაგადაცილება გამოიწვია ფორსმაჟორულმა გარემოებებმა {სსკ-ის 401-ე მუხლი}.

18.2. პალატის მოსაზრებით, გზის საფარის სარემონტო სამუშაოების ჩატარება იმ პირობებში, როდესაც ქუჩა დაფარულია წყლის გუბეებით, ნამდვილად მიეკუთვნება იმ შემთხვევას, როდესაც ობიექტურად შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების შესრულება. მან აპელანტის ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის დადგენილებაზე, რომლის შესაბამისადაც, დაუშვებელია ნალექიან ამინდში ასფალტის დაგება.

18.3. პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკეთის 0.1%-დე შემცირება გონივრული იყო და არ არსებობდა აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

18.4. რაც შეეხება საბანკო გარანტიის თანხას, აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოვალის ვადაგადაცილებული შესრულების 23 დღიდან 13 დღე დაუძლეველი ძალით იყო განპირობებული, შესაბამისად, მიმწოდებლს ვალდებულების შესრულების ვადა 20 დღეზე მეტი ხნით არ გადაუცილებია, რასაც კონტრაჰენტებმა დაუკავშირეს საბანკო გარანტიის გამოყენება.

19. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა შემდეგი საფუძვლებით:

19.1 სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ მოვალის მხრიდან ვადაგადაცილება 13 დღის განმავლობაში გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებებით. მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენით დადებული ხელშეკრულება ამომწურავად განსაზღვრავს, ფორსმაჟორულ გარემოებათა წრეს და ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს 13 დღის მანძილზე თბილისში ნალექიანი ამინდი, მით უფრო რომ არც ნალექის ხანგრძლივობა არ არის დადასტურებული და არც მისი ინტენსივობა.

19.2 სასამართლომ იხელმძღვანელა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ფოტომასალით, თუმცა ამ მასალის საფუძველზე შეუძლებელია ქუჩის იდენტიფიცირება, რომელზეც წყლის გუბე დგას, ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილი სურათი ერთი დღის შედეგი ყოფილიყო, ხოლო შემდგომ დღეებში გზის საფარის დაგების დამაბრკოლებელი გარემოება აღრ არსებულიყო.

19.3. მხარემ პირგასამტეხლოს სადავო ოდენობა გადაიხადა, აქედან გამომდინარე, მისი გადახდა მძიმე ტვირთს არ წარმოადგენდა მისთვის. სასამართლომ არ დაასაბუთა შეთანხმებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდ ოდენობად მიჩნევის საკითხის განსაზღვრისას, თუ რა გარემოებები გაითვალისწინა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლია შემდეგი გარემოებების გამო:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

24.1 საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მენარდე ვერ შეძლებდა ვალდებულების შესრულებას, რადგანაც 13 დღის განმავლობაში ფორსმაჟორულ გარემოება არსებობდა (უხვი ატმოსფერული ნალექი), მერიამ დამაჯერებლად ვერ გააბათილა დასაშვები მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილისა და სარჩელზე დართული ფოტომასალის საწინააღმდეგოდ მხოლოდ სავარაუდო მოსაზრებებზე მითითება არ იყო საკმარისი ამ ფაქტის უარსაყოფად.

25. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან, როგორც საბანკო გარანტიის, ისე პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას დაკრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევიპირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალიგამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (13.04.2016წ., საქმე Nას-1199-1127-2015)

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან [იხ. სუსგ. 2016 წლის 9 მარტის განჩინება #ას-1247-117-2015; 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება #ას-914-864-2015; 2014 წლის 10 აპრილის განჩინება 23-23-2014; 2015 წლის 6 მარტის განჩინება 1342-1380-2014].

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ ს.ქ.ე.ს. გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი