Facebook Twitter

საქმე №330210014543962 6 ივნისი, 2016 წელი

№ას-374-358-2016 ქ.თბილისი

ას-374-358-2016-ს-ე

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. ს-ე, მ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ს-ემ (შემდეგში მოსარჩელემ), ზ. და მ. ს-ეების (შემდეგში მოპასუხეების) წინააღმდეგ და მოითხოვა დედის, მ. (მ.) ს-ის სამკვიდრო უძრავი ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი აღმოფხვრისათვის განესაზღვრა 5 დღე.

7. 2016 წლის 27 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება.

8. 2016 წლის 10 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დასაბუთებული (არგუმენტირებული) საკასაციო საჩივრის წარმოდგენა იმაზე მითითებით, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება და მოითხოვს თუ არა კასატორი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას; კასატორს ასევე დაევალა 2 346.95 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წრმოდგენა.

12. 2016 წლის 4 მაისს საკასაციო სასამართლოს გაცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

13. 2016 წლის 10 მაისის განჩინებით კასატორს გაუგძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 5 დღის ვადაში 2 346,95 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

14. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 13 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 14 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 18 მაისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 18 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

17. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე