Facebook Twitter

საქმე №020211415700002223 13 მაისი, 2016 წელი

№ას-331-316-2016 ქ.თბილისი

ას-331-316-2016-რ-ე

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ბმა ,,ე-ი”, ვ. წ-ე, ი. ა-ე, მ. ფ-ე, ლ. გ-ა, მ. ბ-ე, მ. შ-ე, ჯ. ჯ-ე, თ. დ-ე, ვ. ქ-ე და თ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ. რ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ბმა ,,ე-ის”, ვ. წ-ის, ი. ა-ის, მ. ფ-ის, ლ. გ-ას, მერი ბ-ის, მ. შ-ის, ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ვ. ქ-ის და თ. ნ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ამხანაგობის კრების ოქმების ბათლად ცნობა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2.1. ბათილად იქნა ცნობილი ბმა ’’ე-ის’’ 2009 წლის 10 აგვისტოს №10 და ბმა ’’ე-ის’’ 2008 წლის 04 ნოემბრის №10 კრების ოქმები სრულად;

2.2. ბმა ’’ე-ის’’ 2009 წლის 27 დეკემბრის №2 კრების ოქმი ბათილად იქნა ცნობილი მ. ბ-ისათვის, ი. ა-ისათვის და მ. შ-ისათვის სხვენის გადაცემის ნაწილში;

2.3. ბმა ’’ე-ის’’ 2008 წლის 06 აპრილის №4 კრების ოქმი ბათილად იქნა ცნობილი მანსარდის მოწყობაზე თანხმობის გაცემის შესახებ, ჯ. ჯ-ის, ვ. წ-ის, თ. ხ-ის, ფ. დ-ის, მ. ბ-ის, მ-ა შ-ის, ვ. ქ-ისა და ი. ა-ის ნაწილში;

2.4. ლ. რ-ის სარჩელი ბმა ’’ე-ის’’ 2008 წლის 06 აპრილის, მანსარდის მოწყობაზე თანხმობის გაცემის შესახებ №4 კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, თ. დ-ის, მ. ფ-ის, ქ. ჩ-ის და თ. ლ-ის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძველობის გამო;

2.5. ლ. რ-ის სარჩელი ბმა ’’ე-ის’’ 2009 წლის 15 აგვისტოს №11 კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძველობის გამო.

3. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით:

4.1. ბმა ,ე-ის“, ვ. წ-ის, ი. ა-ის, მ. ფ-ის, ლ. გ-ას, მ. ბ-ის, მ. შ-ის, ჯ. ჯ-ის, თ. დ-ის, ვ. ქ-ის, თ. ნ-ის და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

4.2. თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

4.3. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

4.4. ლ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. რ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

6. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დასაბუთებული (არგუმენტირებული) საკასაციო საჩივრის წარმოდგენა და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დასაბუთებული (არგუმენტირებული) საკასაციო საჩივრის წარმოდგენა და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წრმოდგენა.

10. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 18 აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით პირადად ეცნობა კასატორ ლ. რ-ეს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 19 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 25 აპრილს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 25 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე