Facebook Twitter

№ას-1116-1063-2014 23 დეკემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. უ-ა, ა. გ-ი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - მ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - თ. კ-ე, მ., რ. და თ. ზ-ები

წარმომადგენელი - დ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 22 ნოემბერს მ., რ. და თ. ზ-ებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. და ც. გ-ების წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ვ. ზ. პ-ს მე-2 მიკრორაიონის მე-20 კორპუსში მდებარე N16 ბინის გამოთხოვის მოთხოვნით.

2013 წლის 22 ნოემბერს თ. კ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში ი. უ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ვ. ზ. პ-ს მე-2 მიკრორაიონის მე-20 კორპუსში მდებარე N31 ბინის გამოთხოვის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით აღნიშნული ორი საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი ი. უ-ას მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მფლობელობიდან ქ. თბილისში, ვ. ზ. პ-ს მე-2 მიკრორაიონის მე-20 კორპუსში მდებარე N31 ბინა. ასევე დაკმაყოფილდა მ., რ. და თ. ზ-ების სარჩელი ა. გ-ის მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ვ. ზ. პ-ს მე-2 მიკრორაიონის მე-20 კორპუსში მდებარე N16 ბინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. უ-ას და ა. გ-ის წარმომადგენელმა მ. კ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით მ. კ-ას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა, ვინ იყო სააპელაციო საჩივრის ავტორი და წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განჩინების პასუხად მ. კ-ამ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი მისი მარწმუნებლების სახელით შეიტანა და წარადგინა 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით გაგრძელდა. განჩინებაში მითითებულია, რომ პალატა ვარაუდის საფუძველზე აპელანტად ვერ მიიჩნევდა ი. უ-ას ან ა. გ-ს ან ორივეს ერთად, შესაბამისად, მ. კ-ას დაევალა აპელანტების სახელის, გვარის და მისამართის დაზუსტება, ასევე ა. გ-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის წარდგენა.

2014 წლის 21 აგვისტოს მ. კ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და განმარტა, რომ ი. უ-ასა და ა. გ-ის მირ გაცემული მინდობილობით, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება გააჩნდა. 160 ლარი ი. უ-ას სააპელაციო საჩივარზე იყო გადახდილი, ხოლო რაც შეეხებ ა. გ-ს, განცხადებას თან ერთვოდა მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა. განმცხადებლის მითითებით, ა. გ-ი რაიონში იმყოფებოდა და ვერ შეძლო, როგორც ვარაუდობდა, დილის საათებში ქ. თბილისში ჩამოსვლა სოციალური მომსახურების სამსახურში საბუთის მისაღებად. აპელანტის მტკიცებით, ეს საპატიო მიზეზი იყო საპროცესო ვადის აღსადგენად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება საპატიოდ არ მიიჩნია და მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. კ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, საქმეში არსებული მინდობილობების საფუძველზე ი. უ-ასა და ა. გ-ის ინტერესებს იცავდა. აპელანტის გრაფაში კი, საკუთარი თავი იმიტომ მიუთითა, რომ მათ მიერ გაცემული მინდობილობებით ამგვარი უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული. 1.08.2014 წლის განცხადებით მ. კ-ამ დააზუსტა, რომ საჩივარი მისი მარწმუნებლების სახელით ჰქონდა შეტანილი და სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა. 8 აგვისტოს განჩინებით განემარტა, რომ ვინაიდან აპელანტი ორი იყო, სახელმწიფო ბაჟი ორივეს სახელით უნდა ყოფილიყო გადახდილი ან უნდა წარედგინა ა.გ-ის სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა. განჩინებით დადგენილი ხარვეზი 1 დღის დაგვიანებით შეივსო, რადგანაც ა. გ-ი რაიონში იმყოფებოდა, ხოლო მ. კ-ა შვებულებაში იყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. კ-ა უნდა ეცნობებინა ი. უ-ას მისამართი და საკონტაქტო მონაცემები. ეს უკანასკნელი საქართველოში არ იმყოფება, საბერძნეთში ცხოვრობს და მისი სახელით ყველა მოქმედებას მ. კ-ა ასრულებს. ის ვერც მიუთითებდა ი. უ-ას საკონტაქტო მონაცემებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93.2 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირის წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში შეიძლება იყოს მხოლოდ ადვოკატი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარე და მისი წარმომადგენელი სხვადასხვა საპროცესო სუბიექტები არიან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. წარმომადგენლისათვის მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილების მინიჭება, მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებების გადაცემა, წარმომადგენელს მხარედ არ აქცევს, არამედ იგი მხარის სახელით მონაწილეობს საქმის განხილვაში და ასრულებს შესაბამის საპროცესო მოქმედებებს. ამ დასკვნას ნათლად ადასტურებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98.1 მუხლი, რომლის თანახმადაც უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მ. კ-ას მტკიცებას, რომ რადგანაც ი. უ-ამ და ა. გ-მა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება გადასცეს, ამ საქმეზე აპელანტი თავად იყო. როგროც უკვე აღინიშნა, მხარე არის მხარე, ხოლო წარმომადგენელი მოქმედებს მისი სახელით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის მეორე წინადადებით სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სააპელაციო საჩივრის ფორმაში აპელანტის და მისი წარმომადგენლის მონაცემები ცალ-ცალკე ივსება, მ. კ-ამ კი, აპელანტის გრაფაში საკუთარი თავი მიუთითა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხარვეზი მართებულად დაადგინა და მ. კ-ას აპელანტების მითითება დაავალა. ხარვეზის განჩინების პასუხად მ. კ-ამ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი მისი მარწმუნებლების სახელით შეიტანა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ. კ-ა ი. უ-ასა და ა. გ-ის ინტერესებს იცავდა, ასევე თავად სააპელაციო საჩივრის ტექსტიდან ირკვეოდა, რომ საჩივარი მოპასუხეების სახელით იყო შეტანილი, ამდენად, აპელანტთა წრის დადგენა შესაძლებელი იყო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს შემდგომი მოთხოვნა, რომ მ. კ-ას მიეთითებინა აპელანტების სახელები და გვარები, არ იყო გამართლებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია ორ დამოუკიდებელ დავის საგანზე ი. უ-ასა და ა. გ-ის მიმართ ცალ-ცალკე, შესაბამისად, სახეზეა მ. კ-ას მიერ შეტანილი ორი დამოუკიდებელი სააპელაციო საჩივარი, რომელთა დასაშვებობის წინაპირობები ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს.

მ. კ-ამ სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარადგინა. მართალია, თავად ქვითრის დანიშნულების გრაფაში ზოგადადაა მითითებული „სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე“, მაგრამ ვინაიდან შემდგომში მ. კ-ამ ა. გ-ის სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა წარადგინა, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბაჟი ი. უ-ას სააპელაციო საჩივარზეა გადახდილი, ამდენად, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა.

რაც შეეხება ა.გ-ის აპელაციას, მის მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ცალკე განისაზღვრება. მართალია, საქმეში წარმოდგენილი იყო მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მაგრამ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლები უნდა არსებობდეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპისათვის. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 26 ივნისს იყო შეტანილი, სააპელაციო სასამართლოს სრული უფლებამოსილება ჰქონდა, მხარისათვის ამ მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის წარდგენა დაევალებინა.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდიდა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება საპროცესო ვადის დარღვევით შეიტანა, მან საპროცესო ვადის აღდგენა მოითხოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215.3 მუხლის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

განმცხადებლის მითითებით, ა. გ-ი რაიონში იმყოფებოდა და ვერ შეძლო, როგორც ვარაუდობდა, დილის საათებში ქ. თბილისში ჩამოსვლა სოციალური მომსახურების სამსახურში საბუთის მისაღებად. განსხვავებულ გარემოებებზე მხარეს არც კერძო საჩივარში არ მიუთითებია.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ეს გარემოებები ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან, ჯერ ერთი, მხარეს შეეძლო, არა საპროცესო ვადის ამოწურვის ბოლო დღეს ეცადა შესაბამისი მტკიცებულების მოპოვება, არამედ ამ ვადის ფარგლებში, უფრო ადრეც. გასათვალისწინებელია, რომ აპელანტის წარმომადგენლისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის ეტაპზევე უნდა ყოფილიყო ცნობილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესახებ. გარდა ამისა, თუნდაც ა. გ-ი რაიონში ყოფილიყო, მისი სახელით საჭირო მოქმედებების განხორციელება მ. კ-ასაც შეეძლო, ან მას შეეძლო, რომ სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით მიემართა, რაც არ შეუსრულებია, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შუამდგომლობა მართებულად არ დააკმაყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ი. უ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა, შესაბამისად, ამ ნაწილში კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. გ-ის ნაწილში კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. უ-ასა და ა. გ-ის წარმომადგენელ მ. კ-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ი. უ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება და ამ ნაწილში საქმე ი. უ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. ა. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე