საქმე №ა-4087-შ-85-2015 23 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ბ.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ბ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ა.--ს“ (6010, საქართველო, ქ.ბათუმი, თ.. №.., ბ.., ს/კ №...) შპს „ბ.-ის“ (02091, ქ.კიევი, ხ.- №.., ს/კ №...) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების – 30600 აშშ დოლარის ეკვივალენტი 760119 გრივნისა და 15 კაპიკის, 13 აშშ დოლარისა 20 ცენტის ეკვივალენტი 327 გრივნისა და 89 კაპიკის და სასამართლო ხარჯების – 15208 გრივნისა და 94 კაპიკის გადახდა. დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შპს „ბ.-ის“ გენერალურმა დირექტორმა ე.ტ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 13 მაისს და უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „ბ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინების ასლი, შპს „ბ.-ის“ შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს.
შპს „ა.--ის“ დირექტორმა ჯ. დ.-ემ წარმოადგინა მოსაზრებები შპს „ბ.-ის“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მოითხოვა შუამდგომლობაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განჩინებით შპს „ბ.-ის“ შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
2016 წლის 19 აპრილს საკასაციო სასამართლოს სხდომაზე შპს „ა.--მა“ სადავოდ გახადა ის ფაქტი, რომ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა შპს „ბ.-ის“ სარჩელი და აგრეთვე აღნიშნა, რომ არ იყო ინფორმირებული უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის სხდომის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ბ.-ს“ დაევალა წარმოედგინა იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ შპს „ა.--ს“ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა შპს „ბ.-ის“ სარჩელი და ინფორმირებული იყო სასამართლოს სხდომის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ბ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება საკასაციო საჩივრის მიმართაც.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს დაევალა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა. შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გახდებოდა შუამდგომლობის წარმოებაში მიღების წინაპირობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორსმასასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება ვერ განახორციელა, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ბ.-ის“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, რაც არ ართმევს მხარეს უფლებას ხელმეორედ მიმართოს სასამართლოს იგივე მოთხოვნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე