Facebook Twitter

№010211415700002900

საქმე №ას-353-338-2016 15 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ- მ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

I. სასარჩელო მოთხოვნა:

1. ფ- მ-ემ(შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდეგში: მოპასუხე ან დამსაქმებელი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

ა) 2010 წლის 30 დეკემბრის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ N439-კ ბრძანების ბათილად ცნობა;

ბ) მოსარჩელის აღდგენა პროდიუსინგის დეპარტამენტის წარმოების სამსახურის კოორდინატორის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული პირობებით;

გ) მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით 2010 წლის 30 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

II. მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება; მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხის პროდიუსერინგის დეპარტამენტის წარმოების სამსახურის კოორდინატორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით 2010 წლის 30 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი მოპასუხე ორგანიზაციაში პროდიუსინგის დეპარტამენტის წარმოების სამსახურის კოორდინატორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 18,200 ლარი (იხ., უსწორობის გასწორების შესახებ 31.03.2016წ.-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატის განჩინება) .

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის 2010 წლის 25 იანვრის 4--- ბრძანების თანახმად, მოსარჩელე უვადოდ დაინიშნა კოორდინატორის თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 700 ლარით.

7. მოპასუხის 2010 წლის 30 დეკემბრის №439-კ ბრძანებით, მოსარჩელე - პროდიუსინგის დეპარტამენტის წარმოების სამსახურის კოორდინატორი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შრომის შინაგანაწესის მე-6 მუხლის 6.1. ნაწილის „დ“ პუნქტის, 6.3. ნაწილის შესაბამისად, 2011 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდა სამუშაოდან და მიეცა ერთი თვის შრომის ანაზღაურება.

8. მოპასუხე ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის #244 გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა მოპასუხე ორგანიზაციის დებულებაში და შეიცვალა მაუწყებლის სტრუქტურა. მოპასუხე ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 01.03.2013 წლის N-- ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულები, რომლის მიხედვით დგინდება, რომ პროდიუსინგის დეპარტამენტის წარმოების სამსახურის კოორდინატორის თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე, გაუქმებულია.

9. შესაბამისად, ის პოზიცია რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს.

10. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

11. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე შეუძლებელია შესაბამისი შტატის გაუქმების გამო, უნდა დადგინდეს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, გადაუხადოს მოსარჩელეს კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

12. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა მოპასუხე ორგანიზაციის 25.08.2015 წლის N2992/01 წერილი, მოპასუხე ორგანიზაციის 2013 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება N244, მოპასუხე ორგანიზაციის 2015 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება N317 მოპასუხე ორგანიზაციის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობების დამადასტურებელი მტკიცებულების და მის მიერ მითითებული სავარაუდო ტოლფასი თანამდებობის ფუნქციური უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ, სასამართლოს დავალების საფუძველზე, მოპასუხე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი იქნა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკში შემავალი პოზიციების ჩამონათვალი და რაოდენობა.

აპელანტმა მიუთითა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს 2008 წლის N108 (ოქმიN68) გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების, კერძოდ, მასში სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 5 ოქტომბრის N317 (ოქმი N303) გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოპასუხე ორგანიზაციის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს - წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკი, რომელსაც ხელმძღვანელობს წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი..... მოპასუხე ორგანიზაციის დებულების 3.1.5. ქვეპუნქტის შესაბამისად „წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკი, როგორც სტრუქტურული ერთეული, ახორციელებს გადაცემების/პროექტების მომზადების და შესაბამისად ეთერში გაშვების მიზნით, დამტკიცებული პროექტების ტექნიკურ-ინფრასტრუქტურული და შესაბამისი ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას“......მიმდინარე ეტაპზე, მაუწყებლის წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკში (მათ შორის, ბლოკში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში) არ არის ვაკანტური თანამდებობა/პოზიცია.

13. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე მოპასუხე ორგანიზაციაში ეკავა პირადი შემადგენლობის, შიდა წარმოების კოორდინატორის თანამდებობა. სააპელაციო სასამართლოში, საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ჩამონათვალში, კერძოდ, წარმოების დეპარტამენტში შედიოდა მის მიერ დაკავებული თანამდებობა, თუმცა დღეის მდგომარეობით, ფუნქციური თვალსაზრისით იგი გადანაწილებულია სამ პოზიციაზე - ტექნიკური დაგეგმარების მენეჯერი, ტრანსლაციების კოორდინატორი, თანაშემწე, შესატყვის თანამდებობად, ასევე შეიძლება განხილული იქნეს, მაუწყებლობის და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანაშემწის თანამდებობა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.01.2016წ. სხდომის ოქმი)

14. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი - სტრუქტურული ერთეულების შესახებ წერილობითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის შესატყვისი თანამდებობა მოცემულ ეტაპზე მოპასუხე ორგანიზაციაში არ არის და ის ფუნქციები, რომელსაც ასრულებდა მოსარჩელე გადანაწილებულია რამოდენიმე პოზიციაზე, რომელზეც ვაკანსია არ არის. შესაბამისად, არ არის ვაკანტური თანამდებობა, რომელიც შეიძლებოდა დაეკავებინა მოსარჩელეს, როგორც ტოლფასი თანამდებობა.

15. პალატამ მიიჩნია, რომ რამდენადაც ამ დროისათვის, მოპასუხე ორგანიზაციაში არ არის პროდიუსინგის დეპარტამენტის წარმოების სამსახურის კოორდინატორის თანამდებობა, ან მისი ტოლფასი თანამდებობა, მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაუსაბუთებელია.

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

17. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისი დანაწესი კონკრეტულად არ ითვალისწინებს თუ რა წესით უნდა მოხდეს კომპენსაციის განსაზღვრა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად უნდა გადაწყდეს.

18. სშკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

19. ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ’’ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ღონისძიებანი, ამ უფლების სრულად განხორციელების მიზნით, შეიცავს პროფესიულ-ტექნიკური სწავლებისა და მომზადების პროგრამებს, განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისა და სრული საწარმოო დასაქმების გზებსა და მეთოდებს ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებს.

1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების

შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

20. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით კანონმდებელი ადგენს დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის სტანდარტს და ითვალისწინებს უფლების აღდგენის ყველა შესაძლებლობას, რაც უპირველესად დასაქმებულის სამსახურში აღდგენაში უნდა გამოიხატოს, მაგრამ ამ შესაძლებლობის გამორიცხვის შემთხვევაში დამსაქმებელს ეკისრება კომპენსაციის გადახდა, რათა აღდგენილ იქნეს დარღვეული შრომითი უფლება, რაც დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილებით იქნა შელახული.

21. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ორგანიზაციის 2010 წლის 25 იანვრის 4--- ბრძანებით მოსარჩელე უვადოდ დაინიშნა კოორდინატორის თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 700 ლარით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით იყო დადებული, მოსარჩელეს ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი ხანგრძლივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფილიყო დამსაქმებელთან, რომ არა სადაო ბრძანება, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი და გადაწყვეტილება ამ ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში.

22. დღეის მდგომარეობით, მოპასუხე ორგანიზაციაში აღარ არსებობს ის საშტატო ერთეული - პროდიუსინგის დეპარტამენტის წარმოების სამსახურის კოორდინატორი, რომელიც გათავისუფლებამდე დაკავებული ჰქონდა მოსარჩელეს. შესაბამისად, მისი დარღვეული უფლების სრული აღდგენა (დასაქმება) შეუძლებელია. საქმეში წარმოდგენილი საშტატო განრიგით დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში, მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა გაუქმდა 2013 წლის 01 მარტიდან.

23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს მოსარჩელის გათავისუფლებიდან (2011 წლის 1 იანვრიდან), ამ უკანასკნელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმებამდე პერიოდის გათვალისწინებით, ვინაიდან პალატამ მიიჩნია, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანების არ არსებობის პირობებში, მოსარჩელე სწორედ ამ პერიოდამდე - 2013 წლის 1 მარტამდე, შეძლებდა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას და შესაბამისი ანაზღაურების მიღებას, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით უნდა დაეკისროს 18 200 ლარი (იხ., უსწორობის გასწორების შესახებ 31.03.2016წ.-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატის განჩინება) .

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები:

24. გადაწყვეტილება ორივე მხარის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით.

25. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხულველად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 მაისის განჩინებით.

26. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა და არასწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, რადგან დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, როდესაც არ კმაყოფილდება მოთხოვნა სამუშაო ადგილზე აღდგენის შესახებ, არც კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 მარტამდე პერიოდისთვის, სასამართლომ 26 თვეზე გაამრავლა 700 ლარი, რომელიც მოგვიანებით გასწორდა უსწორობის გასწორების შესახებ 31.03.2016წ.-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით.

ამ შემთხვევაში, უხეშად დაირღვა სსკ-ის ნორმები, რადგან მოყოლებული პირველი ინსტანციიდან, ყველა ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის დროს, აღინიშნებოდა, რომ 700 ლარი იყო მხოლოდ მოსარჩელის დარიცხული ხელფასი საშემოსავლოს ჩათვლით, ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა კი შეადგენდა 560 ლარს.

კასატორი უმართებულოდ მიიჩნევს დამკვიდრებულ პრაქტიკას იმის თაობაზე, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლოები მხდეველობაში იღებენ არა ხელზე ასაღებ თანხას, არამედ დარიცხულ ხელფასს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

VII. საკასაციო პალატის დასკვნები:

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა როგორც კომპენსაციის გადახდის დაკისრება ისე, მისი ოდენობა. კასატორს მიაჩნია, რომ არ უნდა კმაყოფილდებოდეს კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში არ კმაყოფილდება, ხოლო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა დარიცხული ხელფასი, არამედ მისი ხელზე ასაღები ოდენობა.

30. საკასაციო პალატას მიაჩია, რომ კასატორის პოზიციას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი გამომდინარე იქედან, რომ კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე გათავისუფლებამდე არსებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიულ მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო (ტოფასი თანმდებობა) ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება სულ მცირე, კომპენსაცია.

31. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ისე რომ როგორც ამას კასატორი აღნიშნავს უპრიანი არ არის მხოლოდ სახელფასო ანაზღაურება ყოფილიყო კომპენსაციის განსაზღვრის ერთადერთი კრიტერიუმი და ისიც თუ რამდენს შეადგენა მოსარჩელის დარიცხული სახელფასო განაკვეთი. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. მოცემულ კონკრეტიულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობის განსასაზღვრის კრიტერიუმად გამოიყენა დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელეს უნდა ემუშავა მოპასუხე ორგანიზაციაში და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. ამდენად, საკითხის იმგვარად დასმა, რომ კომპენსაციის თანხა უნდა მოიცავდეს საშემოსავლო გადასახდასაც უმართებულოა (იხ., სუსგ საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; აგრეთვე, მითითებული განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ სუსგ საქმე №ა-2020-გან-4-2015; 17 ივნისი, 2015 წელი).

32. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე. შესაბამისად, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც (იხ., სუსგ საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; აგრეთვე, მითითებული განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ სუსგ საქმე №ა-2020-გან-4-2015; 17 ივნისი, 2015 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 938 ლარის 70% - 656.60 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 12 აპრილს საგადახდო მოთხოვნა N----- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (938 ლარი) 656.60 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე