საქმე №ას-370-354-2016 5 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ზ.-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ზ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ა.-ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ზ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ა.-ის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის სახით 1240 ლარის გადახდა. შპს ,,ა.-ის’’ ა. ზ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2013-2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდა 2480 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს ,,ა.-ის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის 333.31 ლარის გადახდა. შპს ,,ა.-ის’’ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა.-იმ’’ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ა.-ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2., 1.3. და მე-3 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,ა.-ის’’ მოსარჩელე ა. ზ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის – 1240 ლარის გადახდა. შპს ,,ა.-ის’’ მოსარჩელე ა. ზ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის 206,5 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა.-იმ’’ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით შპს „ამტელ მედიქალ პროპერთის“ წარმომადგენელ ნ. მ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შპს ,,ა.-ის’’ წარმომადგენელ ნ. მ.-ს ჩაბარდა 2016 წლის 22 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა.-ის’’ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ნ. მ.-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2016 წლის 22 აპრილს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.235). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 23 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 27 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ა.-ის’’ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი