Facebook Twitter

საქმე № 111210015001160917

საქმე №ას-290-276-2016 25 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. და მ. კ.-ები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. კ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. და მ. კ.-ებმა (შემდგომში – მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შ. კ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, მოითხოვეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და საქორწინო საჩუქრის (ოქროს სამაჯური, ოქროს საათი, ოქროს საყურე, ბეჭედი) დაბრუნება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე არის მათი რძალი. ქორწილში მოსარჩელეებმა საჩუქრის სახით გადასცეს ოქროს ნივთები, თუმცა მოპასუხემ უმადურობა გამოიჩინა ოჯახის მიმართ, რის საფუძველზეც მეუღლეები განქორწინდნენ. შესაბამისად, მოპასუხეს ნაჩუქარი ნივთები უნდა დაებრუნებინა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და უარყო მისი მხრიდან ოჯახის შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენის ფაქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ.-ნ კ.-ი არის მოსარჩელე ნ. კ.-ის შვილი, მ. კ.-ის ძმა და მოპასუხის მეუღლე. 2006 წლიდან მეუღლეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ, ხოლო 2008 წლიდან –რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შორის ქორწინება შეწყდა 2014 წლის 19 დეკემბერს.

7. დედამთილმა რძალს საქორწინო საჩუქრის სახით გადასცა 725 ლარად შეფასებული ოქროს საათი სამაჯურით, 480 ლარის ღირებულების მქონე ოქროს საყურე „მარაო“ და 100 ლარად შეფასებული ოქროს სამაჯური, მულმა კი – 500 ლარად შეფასებული ოქროს ბეჭედი ლალის თვლითა და ბრილიანტებით.

8. ტ. გ.-ა არის მოპასუხის ყოფილი მეუღლის დის ქმარი.

9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2014 წლის 2 ივლისს მოპასუხემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს პატივისა და ღირსების დაცვის თაობაზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ტ. გ.-ას დაევალა ზემოაღნიშნული გარემოების უარყოფა და მოპასუხისათვის ბოდიშის მოხდა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მითითებული გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ მხარეთა მორიგების გამო, სადაც ტ.გ.-ამ აღიარა, რომ მოპასუხე არასდროს ყოფილა მისი საყვარელი.

11. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ, მოსარჩელეთა განცხადებით, მოპასუხე სასიყვარულო მესიჯებს წერდა ტ.გ.-ას და სურდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. აღნიშნულ გარემოება უნდა განიმარტოს მოპასუხის მიერ უმადურობის გამოჩენად და ამ საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს. სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელეებმა მიუთითეს ფარულ ჩანაწერებსა და სატელეფონო მესიჯების ამონაწერზე.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე.

13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვისას სასამართლოს განჩინებით ფარული ჩანაწერები მიჩნეულ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებებად, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული, რაც შეეხება სატელეფონო მესიჯების ამონაწერს, იგი არ ყოფილა მსჯელობის საგანი, თუმცა ანალოგიურად, ამ მტკიცებულებაზეც სასამართლომ სწორად განმარტა შემდეგი:

14. სსსკ-ის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა სახით მოპოვებული მტკიცებულება ჩაითვლება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მტკიცებულების მოპოვება ხომ არ ეწინააღმდეგება რაიმე კანონს.

15. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით, ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება. ჩამონათვალი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საუბარია ადამიანის იზოლირებულ სფეროზე, რაზეც ყველას არა აქვს წვდომა.

16. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

17. პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ექცევა, პირთა კონკრეტული წრე, რომელთანაც პირადი ცხოვრების მატარებელი პირი ამყარებს კომუნიკაციას. პირადი ცხოვრების უფლება მისით მოსარგებლე პირს ანიჭებს იმის შესაძლებლობას, რომ დაცული იყოს მასთან კომუნიკაციაში ჩართული პირების ანონიმურობა, ისევე, როგორც იმ საკითხების საიდუმლოება, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს კომუნიკაცია.

18. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულია სამართლებრივი სიკეთე – კომუნიკაციის თავისუფლება, რაც გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის იმგვარ თავისუფალ თვითგამოსახვას, რომელიც თავისუფალია გარეშე წამკითხველისა და მარეგისტრირებელი სუბიექტის ჩარევით განპირობებული თავშეკავებისაგან. აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც.

19. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.

20. განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება პირად მიმოწერას, რომელიც მესამე პირისათვის ხელმისაწვდომი გახდა პირის თანხმობის გარეშე, რის გამოც სატელეფონო მესიჯების ამონაწერი დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან მოპოვებულ იქნა კანონის დარღვევით. ამასთან, ამონაწერს არ აქვს დოკუმენტის სახე და მისი წარმომავლობის დამადასტურებელი მონაცემები. გაურკვეველია, თუ ვის ეკუთვნის მასში მითითებული ტელეფონის ნომრები და დაუდგენელია, ვინ ახორციელებდა ამ ნომრით მიმოწერას. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების მტკიცებას საფუძვლად ვერ დაედებოდა.

21. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, ამავე კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება. მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული. რაიონულმა სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს.

22. სწორედ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.

23. სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის: 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა.

24. სსკ-ის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება, შეფასდეს მძიმე შეურაცხყოფად ან უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, წარმოიშვას ჩუქების გაუქმების საფუძველი. თავისთავად „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.

25. სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ, დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

26. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს და არა თავად მოსარჩელის შეფასების საგანია, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.

27. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

28. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხე სასიყვარულო მესიჯებს წერდა ტ.გ.-ას და სურდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. მოსარჩელე აღნიშნულ გარემოებებს განმარტავს, როგორც მოპასუხის მიერ უმადურობის გამოჩენას. დასახელებული სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმე ტ.გ.-ას ჩვენება.

29. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა ის ფაქტიც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მხარეთა მორიგების საფუძველზე ტ.გ.-ამ აღიარა, რომ მოპასუხე არასდროს ყოფილა მისი საყვარელი.

30. ამდენად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს პოზიციას, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები მის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებულ გარემოებათა დასადასტურებლად. საქმის განხილვის შედეგად ვერ დადგინდა მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისა და მათი ოჯახის წევრის მძიმე შეურაცხყოფის ჩადენა და მათ მიმართ დიდი უმადურობის გამოვლენა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

31. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

32. კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემული საქმე იყო ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს განსჯადი და განიხილა ამავე სასამართლომ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ.

33. მხარის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად ცნო დაუშვებლად მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლზე დაყრდნობით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაციის საიდუმლოების შესახებ პირის უფლების ხელშეუხებლობაზე და არ შეუფასებია, არსებობდა თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, როდესაც დასაშვებია სადავო უფლების შეზღუდვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშეც. მხარეს შესაძლებლობა არ ჰქონდა, მოეპოვებინა რაიმე თანხმობა სატელეფონო საუბრის ჩანაწერის განხორციელებაზე, ვინაიდან წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, როდის შედგებოდა ასეთი საუბარი.

34. კასატორმა მიუთითა, რომ არსებობს სასამართლო პრაქტიკაც მსგავს შემთხვევებში ამა თუ იმ მასალის მტკიცებულებად მიღებასთან დაკავშირებით.

35. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 529-ე მუხლი და მიუთითა, რომ სარჩელში დასახელებული მოპასუხის ქმედება არ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობას, თუმცა არ დაუსაბუთებია, რის საფუძველზე მივიდა აღნიშნულ დასკვნამდე, ვინაიდან მოპასუხის ქმედება საქართველოს წეს-ჩვეულებებს ეწინააღმდეგება.

36. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსსკ-ის 380-ე მუხლი და არ დაკითხა მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ მასთან აღიარა ჩადენილი ქმედება.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

38. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

39. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ.-ნ კ.-ი არის მოსარჩელე ნ. კ.-ის შვილი, მ. კ.-ის ძმა და მოპასუხის მეუღლე. 2006 წლიდან მეუღლეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ, ხოლო 2008 წლიდან –რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შორის ქორწინება შეწყდა 2014 წლის 19 დეკემბერს.

40. დედამთილმა რძალს საქორწინო საჩუქრის სახით გადასცა 725 ლარად შეფასებული ოქროს საათი სამაჯურით, 480 ლარის ღირებულების მქონე ოქროს საყურე „მარაო“ და 100 ლარად შეფასებული ოქროს სამაჯური, მულმა კი – 500 ლარად შეფასებული ოქროს ბეჭედი ლალის თვლითა და ბრილიანტებით.

41. ტ. გ.-ა არის მოპასუხის ყოფილი მეუღლის დის ქმარი.

42. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2014 წლის 2 ივლისს მოპასუხემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს პატივისა და ღირსების დაცვის თაობაზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ტ. გ.-ას დაევალა ზემოაღნიშნული გარემოების უარყოფა და მოპასუხისათვის ბოდიშის მოხდა.

43. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მითითებული გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ მხარეთა მორიგების გამო, სადაც ტ.გ.-ამ აღიარა, რომ მოპასუხე არასდროს ყოფილა მისი საყვარელი.

44. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ, მოსარჩელეთა განცხადებით, მოპასუხე სასიყვარულო მესიჯებს წერდა ტ.გ.-ას და სურდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. აღნიშნულ გარემოება უნდა განიმარტოს მოპასუხის მიერ უმადურობის გამოჩენად და ამ საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს. სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელეებმა მიუთითეს ფარულ ჩანაწერებსა და სატელეფონო მესიჯების ამონაწერზე.

45. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სასამართლოს დასკვნას ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობათა არარსებობის შესახებ, ასევე, სატელეფონო ჩანაწერის, როგორც დაუშვებელი მტკიცებულების მიღებასა და სააპელაციო სასამართლოში მოწმის დაკითხვაზე უარის თქმას.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

48. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეშვა მტკიცებულებად მოპასუხის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი.

49. აღნიშნული კუთხით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და განმარტავს შემდეგს:

50. სსსკ-ის 103-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა სახით მოპოვებული მტკიცებულება ჩაითვლება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მტკიცებულების მოპოვება ხომ არ ეწინააღმდეგება რაიმე კანონს.

51. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

52. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულია სამართლებრივი სიკეთე – კომუნიკაციის თავისუფლება, რაც გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის იმგვარ თავისუფალ თვითგამოსახვას, რომელიც თავისუფალია გარეშე წამკითხველისა და მარეგისტრირებელი სუბიექტის ჩარევით განპირობებული თავშეკავებისაგან.

53. აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.

54. კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე ყველა პარტნიორი, როგორ გარე, ასევე შიდა ჩარევისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე პირადი კომუნიკაციის გასაჯაროება.

55. ვინაიდან საუბარი, მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად არის ჩაწერილი, ამიტომ იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის კონტექსტში. მითითებული დასკვნის საფუძველს კი წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება.

56. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1165 რეზოლუციაში „Right to Privacy“ (1998) განმარტებულია, რომ „ევროპული კონვენციის მე-8 მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის პირადი ცხოვრება არა მარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც“. თუმცა, იმის მიხედვით, პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ინტიმური სფერო, რომელიც აბსოლუტური დაცვით სარგებლობს. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კერძო საუბარს, რომელიც კერძო სფეროს განეკუთვნება და რომელიც არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას.

57. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. ამგვარი დასკვნა, პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა და მტკიცებულება პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში მოიპოვონ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე სათანადოდ არ უზრუნველყოფს სამართალურთიერთობას მტკიცებულებებით, არ გულისხმობს იმას, რომ მას შემდგომ აღნიშნული მტკიცებულების შექნის უფლება მეორე მხარის პირად ცხოვრებაში ჩარევის გზით წარმოეშობა. ამგვარი სახით მოპოვებულ მტკიცებულებათა ლეგიტიმაციის პირობებში მივიღებთ არა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დამყარებულ საზოგადოებას, არამედ კონსტიტუციურ ღირებულებათა დაუშვებელ ხელყოფას, რა დროსაც, განსაკუთრებით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობის უფლება იქნება შეზღუდული, რაც დაუშვებელია. ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა (კერძო სფეროში ჩარევა) ემსახურებოდა.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გარემოების დასადგენად ფარული აუდიო-ჩანაწერი, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, არ შეიძლება იქნას გამოყენებული (სუსგ 4.05.2015წ. №ას-1155-1101-2014).

59. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. კანონის დასახელებული დანაწესის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას კანონი უკავშირებს ისეთი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას, როგორიც არის: 1. დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა, ანდა 2. მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. მითითებული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. ამდენად, სასამართლო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს (სუსგ 5.11.2013წ. საქმე №ას-62-59-2012).

60. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წანამძღვრების არსებობა საქმის მასალებით არ დადასტურდა.

61. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წამოადგენს კასატორის მითითება, რომ მოცემული საქმე იხილებოდა ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოში და გადაწყვეტილება გამოიტანა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ.

62. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოდან გადაყვანილ იქნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და შემდეგ – თბილისის საქალაქო სასამართლოში (ს.ფ. 103). მოცემული საქმე კი, გადაეცა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც საქმე გაანაწილა ამავე სასამართლოს სხვა მოსამართლეზე. დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საქმე განხილულ იქნა იმ წესით, რაც გათვალისწინებულია მაგისტრატი სასამართლოსათვის და განსჯადობის წესი არ დარღვეულა.

63. ასევე, საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოში მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით. მოწმის ახსნა-განმარტება წარმოადგენს სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებელი მტკიცებულებების ერთ-ერთ სახეს. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, საპატიო მიზეზის დადასტურების გზით (სსკ-ის 380-ე მუხლი). კასატორს არ მიუთითებია, რა საპატიო მიზეზით ვერ განხორციელდა დასახელებული მოწმის დაკითხვა პირველი ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, მისი პრეტენზია დაუსაბუთებელია.

64. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

65. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

67. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

68. მოცემულ შემთხვევაში კასატორ მხარეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 300 ლარი, 150 ლარის ნაცვლად. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.-ნ კ.-ის მიერ 2016 წლის 16 მარტს №25 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან 150 ლარი სრულად და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ – 255 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და მ. კ.-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. და მ. კ.-ებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ.-ნ კ.-ის მიერ 2016 წლის 16 მარტს №25 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან 150 ლარი სრულად და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ – 255 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე