Facebook Twitter

საქმე № 330210015696352

საქმე №ას-402-385-2016 6 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – კ. ს.-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჭ.-ა (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, შენატანის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. ჭ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.-ის“ წევრების – ბ. ჭ.-ის, კ. ს.-ის, ჯ. გ.-ას, თ. გ.-ას, ნ. ლ.-ისა და ე. ვ.-ის (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 15 ივლისს ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.-სა“ და ი. ჭ.-ას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, 2009 წლის 31 ივლისს ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.-სა“ და ი. ჭ.-ას შორის გაფორმებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, 37 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 15 ივლისს ამხანაგობა „ა.-სა“ და ი. ჭ.-ას შორის დაიდო ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.-ში“ წევრად მიღების, ფულადი შენატანის განხორციელებისა და მისთვის წილის გადაცემის შესახებ წინარე ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს უნდა გადაეცა ამხანაგობისათვის 37 000 აშშ დოლარი, ხოლო ამხანაგობას უნდა აეშენებინა ქ.თბილისში, ს.-ის ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი, მრავალფუნქციონალური საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელეს, როგორც ამხანაგობის წევრს, ფულადი შენატანის სანაცვლოდ, უნდა გადასცემოდა 70კვ.მ საცხოვრებელი ბინა.

3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან ვალდებულება შეასრულა და ამხანაგობა „ა.-ს“ გადასცა 37 000 აშშ დოლარი, ხოლო ამხანაგობას მშენებლობა საერთოდ არ დაუწყია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს, ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, ამხანაგობის წევრებისათვის 37 000 აშშ დოლარის დაკისრებას.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო ჯ. გ.-ამ, თ. გ.-ამ, ნ. ლ.-მა და ე. ვ.-ემ (შემდგომში – შეგებებული სარჩელის ავტორები) შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოსარჩელის მიმართ და მოითხოვეს, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2008 წლის 15 ივლისს ბინათმშნებლობის ამხანაგობა „ა.-სა“ და ი. ჭ.-ას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასა და 2009 წლის 31 ივლისს ბინათმშნენებლობის ამხანაგობა „ა.-სა“ და ი. ჭ.-ას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, მოსარჩელე ი. ჭ.-ას მიერ უარის თქმის გამო (ხელშეკრულებიდან გასვლის გამო), მოპასუხე ბინათმშენებლობის ამახანაგობა „ა.-ის“ წევრებს – ბ. ჭ.-ესა და კ. ს.-ს ი. ჭ.-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 37 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ბ. ჭ.-ემ და კ. ს.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 მარტის განჩინებით ი. ჭ.-ას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამხანაგობა „ა.-ს“ აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ.თბილისში, გ.-ის №...-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კ. ს.-მა შეიტანა საჩივარი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-60 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 61-ე, 59-ე, 63-ე მუხლებით და დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განჩინება ჩაიბარა კ. ს.-ის წარმომადგენელმა ნ. ა.-ემ 2016 წლის 11 მარტს (ტ.2. ს.ფ. 120).

10. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა ნ. ა.-ის, როგორც კ. ს.-ის უფლებამოსილების ვადა, ფარგლები და დარწმუნდა, რომ მას განჩინების ჩაბარების უფლებამოსილება ჰქონდა (ტ.1. ს.ფ. 275).

11. კ. ს.-ის მიერ კი საჩივარი წარდგენილ იქნა დაგვიანებით, 2016 წლის 21 მარტს (ტ.2. ს.ფ. 127-128).

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ კ. ს.-ის საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

15. წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ კ. ს.-ის საჩივარი შეტანილ იქნა კანონის მოთხოვნის დარღვევით, შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან.

17. კანონის მითითებული დანაწესი განამტკიცების მხარის უფლებას, საჩივრის შეტანის გზით სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოყენებული სარჩელის ან გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა განუსაზღვრელი არ არის და შემოფარგლულია საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლის მიერ დადგენილი კონკრეტული ვადით. აღნიშნული ვადა აითვლება მხარის მიერ მის მიმართ მიღებული ზემოთ დასახელებული შინაარსის განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან და გრძელდება 5 დღის განმავლობაში. მითითებული ვადის დარღვევისას მხარე კარგავს საჩივრის წარდგენის უფლებას.

18. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 მარტის განჩინებით ი. ჭ.-ას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამხანაგობა „ა.-ს“ აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ.თბილისში, გ.-ის №...-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი მოპასუხე კ. ს.-ის წარმომადგენელ ნ. ა.-ეს ჩაბარდა 2016 წლის 11 მარტს (ტ. 2, ს.ფ 120).

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.

21. დასახელებული ნორმის შესაბამისად, სასამართლოს მიერ ამა თუ იმ საპროცესო დოკუმენტის მხარისათვის ჩასაბარებლად საკმარისია, იგი ჩაბარდეს მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

22. ნ.ა.-ის სათანადო წარმომადგენლობითი უფლებამილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებით (ტ. 1, ს.ფ 275).

23. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება საჩივრის ავტორს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 21 მარტს (ტ. 2, ს.ფ 127-128).

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას წარმოდგენილი საჩივრის შეტანის ვადის ათვლის წესი არ დაურღვევია, საჩივარი მხარის მიერ წარდგენილ იქნა 5-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ს.-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე