Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-433-410-2014 18 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. და კ. ა.-ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა.-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდროს ნაწილის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე. და კ. ა.-ებმა (შემდგომში – მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორები) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ა.-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს 2010 წლის 7 მაისის სამკვიდრო მოწმობით ნ. ჩ.-ას მიერ მ. ა.-ას სამკვიდროს სრულად მიღებისა და მოსარჩელეთათვის სამკვიდროს 1/3 (თითოეულისათვის – 1/6-ის) მიკუთვნების შესახებ. ასევე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან გარდაცვლილი მ. ა.-ას მშობლები, რომელთაც მიიღეს შვილის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით, თუმცა სამკვიდრო სრული მოცულობით დაირეგისტრირა მამკვიდრებლის მეუღლე ნ. ჩ.-ამ, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი – მ. ა.-ასა და ნ. ჩ.-ას შვილმა – მოპასუხე რ. ა.-ამ.

3. მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ გაასხვისა სამკვიდრო ბინაში არსებული მოძრავი ნივთები და არსებობს საშიშროება, რომ იგი გაყიდი თავად ბინასაც. მოსარჩელეებმა შეიტყვეს, რომ ნ. ჩ.-ამ მათთან შეუთანხმებლად უკანონოდ გაიფორმა სამკვიდრო სრულად და უგულებელყო მათი უფლება სამკვიდროზე.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს სადავო სამკვიდრო კანონის მოთხოვნათა დაცვით არ მიუღიათ და არც ფაქტობრივად დაუფლებიან, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ფ.-ში, რ.-ის რკალის №..-ში მდებარე №.. ბინა ეკუთვნოდა მ. ა.-ას. ამ უკანასკნელმა თავისი ქონება უანდერძა არარეგისტრირებულ მეუღლე ნ. ჩ.-ას.

8. 2008 წლის 27 დეკემბერს მ. ა.-ა გარდაიცვალა, ხოლო 2010 წლის 7 მაისს ნ. ჩ.-ამ მის დანაშთ ქონებაზე მიიღო სამკვიდრო მოწმობა.

9. მოპასუხე არის მ. ა.-ასა და ნ. ჩ.-ას შვილი.

10. 2013 წლის 15 იანვარს ნ. ჩ.-ა გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო, ასევე, მიიღო მოპასუხემ.

11. მოსარჩელეები არიან მ. ა.-ას მშობლები, მათ შვილის სამკვიდრო არ მიუღიათ.

12. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სრულიად მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მ. ა.-ას სამკვიდროს მიღების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა ევალებოდათ აპელანტებს, რომლებმაც თავიანთი მოთხოვნა ვერ დაამტკიცეს. მეტიც, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. მოსარჩელეებს სარჩელში საერთოდ არ მიუთითებიათ ის ფაქტები, რომლითაც მათ მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება დადასტურდებოდა. აღნიშნული ფაქტები ვერ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა – მ. ა.-ამ და ი. ა.-ამაც.

13. უპირველესად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმე მ. ა.-ა არის აპელანტების შვილი, მოწმე ი. ა.-ა კი – მათი შვილიშვილი, ამიტომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი მოიპოვებდნენ სადავო ქონებაზე უფლებებს.

14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება უთუოდ მოახდენდა გავლენას მითითებული მოწმეების მიერ ფაქტების აღქმასა და შეფასებაზე. ამის გამო, მოწმეთა ჩვენებები არადამაჯერებელი იყო, თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, მოწმეებს არ მიუთითებიათ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებითაც აპელანტების მიერ მ. ა.-ას სამკვიდროს მიღება დადასტურდებოდა. მართალია, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მ. ა.-ას გარდაცვალების შემდეგ, კ. ა.-ა ეხმარებოდა ნ. ჩ.-ას, მაგრამ არ განუმარტავთ, თუ რაში გამოიხატებოდა ეს დახმარება. მათ, ასევე, მიუთითეს, რომ კ. ა.-ამ შესაკეთებლად წაიღო ტელევიზორი.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ფაქტობრივად დაუფლება ჩაითვალოს სამკვიდროს მიღებად, აუცილებელია, მემკვიდრის მოქმედებიდან აშკარად ჩანდეს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. გაფუჭებული ტელევიზორის შესაკეთებლად წაღება არანაირად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სამკვიდროს მიღებად, მით უმეტეს, რომ ტელევიზორის საიდენტიფიკაციო მონაცემები მოწმეებს არ დაუსახელებიათ. გარდა ამისა, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ კ. ა.-ა დაეუფლა მ. ა.-ას კუთვნილ „მოსკვიჩს” და ფერმას, თუმცა მათ არც ამ ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებზე მიუთითებიათ და, ამასთან, მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მამკვიდრებელს მსგავსი ქონება მართლაც ჰქონდა, წარდგენილი არ იყო.

16. სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ისიც, რომ, როგორც მოწმე ი. ა.-ას ჩვენებიდან გამომდინარეობდა, ავტომობილი, რომლის დაუფლებაზეც მოწმეები საუბრობდნენ, ეკუთვნოდა არა მამკვიდრებელს, არამედ აპელანტს. ი. ა.-ამ განაცხადა, რომ ეს ავტომობილი „მ.ი ბიძიამ უყიდა ბაბუას, რომ მოეხმარა... ტვირთის გადასაზიდად“.

17. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით აპელანტების პოზიცია არ დასტურდებოდა, სხვა მტკიცებულებები კი მათ არ წარუდგენიათ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

19. როგორც კასატორებმა (მოსარჩელეებმა), ასევე, მოწმეებმა, დაასაბუთეს ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები სამკვიდროს ფლობას შეუდგნენ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან და სადავო სამკვიდრო ამჟამადაც მათ მფლობელობაშია.

20. კასატორთა მითითებით, მოწმე მ. ა.-ამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მ. ა.-ას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მხარემ ნაავარიები ავტომანქანა დაშალა, ზოგიერთი ნაწილი აწ გარდაცვლილი შვილის მეუღლესა და შვილიშვილს მოახმარა, ხოლო ნაწილი თავის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანისათვის გამოიყენა, რომელიც მანამდე აწ გარდაცვლილ მ. ა.-ას ეკუთვნოდა.

21. გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ მ. ა.-ას ბინაში კასატორებს მათთვის განკუთვნილი ოთახიც გააჩნდათ. ამ ოთახს ისინი ფლობდნენ შვილის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც.

22. მოწმის მითითებით, კასატორები დაეუფლნენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, მაგალითად, ტელევიზორს, რომელიც შესაკეთებლად წაიღეს, შეაკეთეს და ამჟამად ფლობენ მას. მ. ა.-ას გარდაცვალების დღიდან დღემდე, სადავო ბინის გასაღები მოსარჩელეების მფლობელობაში იმყოფება, დღემდე მათ მფლობელობაშია სადავო ბინაც. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეები შვილის გარდაცვალების დღიდან ფლობენ მის ტანსაცმელს, რაც მოწმეებმა დაადასტურეს.

23. კასატორებმა მოწმეებთან ერთად დაადასტურეს, რომ ისინი მ. ა.-ას დანაშთი ქონების მართვისა და განკარგვის გზით ეხმარებოდნენ აწ გარდაცვლილის ოჯახს, ვინაიდან ნ. ჩ.-ა იმთავითვე მძიმე ავადმყოფი იყო და მეუღლის დანატოვარი ქონების მართვისა და შვილის მოვლის შესაძლებლობაც არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, კასატორები ყიდიდნენ გარკვეულ ნივთებს, მაგალითად, აწ გარდაცვლილი მ. ა.-ას ფერმაში არსებულ და მის საკუთრებაში მყოფ მსხვილფეხა ცხოველებს, აგრეთვე, რძის პროდუქტებს და ამით ეხმარებოდნენ შვილიშვილსა (მოწინააღმდეგე მხარე) და ნ. ჩ.-ას, ამავდროულად, კასატორები დაეუფლნენ მ. ა.-ას წისქვილს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარემ საწინააღმდეგო გარემოება ვერ დაადასტურა, მათ სასამართლო პროცესზე არც ერთი მოწმე არ მიუწვევიათ და არანაირი საპირისპირო მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

24. სსკ-ის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. კასატორები მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან შეუდგნენ სამკვიდროს ნაწილის ფლობას, დახმარება გაუწიეს აწ გარდაცვლილის ოჯახს, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოში დაადასტურეს შესაბამისმა მოწმეებმა. მიუხედავად ამისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ პროცესუალური თვალსაზრისით (მკაცრი მტკიცების ტვირთის მიხედვით) შეაფასეს. ]

25. ამასთან, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ქ.ფოთის ცენტრის უბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2013 წლის ... გაცემულ №.. ცნობაზე, რომლითაც დასტურდება კასატორთა მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან დღემდე და იგი საქმეს არ დაურთო. პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული მტკიცებულება ვერ იქნა წარდგენილი, რადგან მოპასუხის ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და მუქარის ქვეშ იმყოფებოდნენ მეზობლები, რომელთა დასტურის შედეგადაც ეს ცნობა გაიცა. ამასთან, მითითებული ცნობის მიღება კასატორებისათვის შესაძლებელი გახდა ამ პერიოდში, დასახელებული მტკიცებულება ადასტურებს მათ მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს და იგი ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს საქმის ობიექტურად განხილვისათვის.

26. განსახილველ საკასაციო საჩივარს კასატორებმა თან დაურთეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის ... №... ცნობა და საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს ამ მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ.

27. 2014 წლის 5 მაისს კასატორებმა განცხადებით მიმართეს საკასაციო სასამართლოს, რომელსაც დაურთეს 2014 წლის 16 აპრილს შედგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

28. კ. ა.-ას (პირადი ნომერი №...) და ე. ა.-ას (პირადი ნომერი №...) წარმომადგენელი მ. ა.-ა თანახმაა, შევიდეს ცვლილება ნ. ჩ.-ას სამკვიდროში, მ. ა.-ას სამკვიდროში და ე. ა.-ასა და კ. ა.-ას სახელზე დარეგისტრირდეს მ. ა.-ას სამკვიდროს 1/3 წილი.

29. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, შესაბამისი ცვლილება შევიდეს ნ. ჩ.-ას მიერ მ. ა.-ას სამკვიდრო მოწმობაში 1/3 წილზე და შესაბამისად დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონება.

30. ასევე, მხარეები თანხმდებიან, მ. ა.-ას სამკვიდროს მ. ა.-ას სახელზე აღრიცხვის მიზნით, რ. ა.-ამ მიიღოს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

33. უპირველესად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარეთა მოთხოვნას მორიგების აქტის დადასტურების შესახებ.

34. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ნებისმიერ მორიგების აქტი სასამართლოს მხრიდან დამტკიცებას არ ექვემდებარება. მორიგების აქტის შემოწმებისას სასამართლო იმსჯელებს, მორიგების პირობები ხომ არ ეწინააღმდეგება კანონს და ნათლად არის თუ არა გამოხატული მხარეთა ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მხარეებს მორიგების დამტკიცებაზე.

35. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ მითითებული მორიგების პირობები ბუნდოვანი, მკაფიოდ და გასაგებად არ გამოხატავს მხარეთა ნებას, რის გამოც იგი არ უნდა დამტკიცდეს.

36. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შესაძლებლობა გააჩნიათ მორიგებას მიაღწიონ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, აღსრულების პროცესში.

37. ამდენად, წინამდებარე განჩინებით საკასაციო სასამართლო იმსჯელებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე.

38. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ ქ.ფ.-ში, რ.-ის რკალის №..-ში მდებარე №.. ბინა ეკუთვნოდა მ. ა.-ას. ამ უკანასკნელმა თავისი ქონება უანდერძა არარეგისტრირებულ მეუღლე ნ. ჩ.-ას.

39. 2008 წლის 27 დეკემბერს მ. ა.-ა გარდაიცვალა, ხოლო 2010 წლის 7 მაისს ნ. ჩ.-ამ მის დანაშთ ქონებაზე მიიღო სამკვიდრო მოწმობა.

40. მოპასუხე არის მ. ა.-ასა და ნ. ჩ.-ას შვილი.

41. 2013 წლის 15 იანვარს ნ. ჩ.-ა გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო, ასევე, მიიღო მოპასუხემ.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

44. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე მუხლების შესაბამისად, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის – მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე.

45. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვა; სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება.

46. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატოს სამკვიდროს მიღების სურვილი თუნდაც სამკვიდროს ნაწილის დაუფლების გზით, თუმცა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შემთხვევაში მემკვიდრეს ეკისრება აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად.

47. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა სადავო სამკვიდროს მიღების ფაქტი სარწმუნოდ ვერ დაადასტურეს.

48. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოსარჩელეთა მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოხმობილი მოწმეების ჩვენებები არ იყო საკმარისი სადავო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დამაჯერებლად დადგენისათვის. მოწმე მ. ა.-ა არის მოსარჩელეების შვილი, მოწმე ი. ა.-ა კი – მათი შვილიშვილი, ამიტომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი მოიპოვებდნენ სადავო ქონებაზე უფლებებს, შესაბამისად, არსებობს მათი დაინტერესება დავის სამართლებრივი შედეგის მიმართ, რაც მოწმეთა მიკერძოებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველია. ასეც რომ არ ყოფილიყო, მოწმეებს არ მიუთითებიათ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებითაც აპელანტების მიერ მ. ა.-ას სამკვიდროს მიღება დადასტურდებოდა.

49. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

50. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

52. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. და კ. ა.-ების მიერ 2014 წლის 27 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

53. რაც შეეხება კასატორების შუამდგომლობას საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების დართვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მხარის ამ მოთხოვნას ვერ გაიზიარებს ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, საპატიო მიზეზის დადასტურების გზით (სსკ-ის 380-ე მუხლი), საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კი მხარე ასეთ შესაძლებლობას სრულებით მოკლებულია.

55. სწორედ აღნიშნული წესის დაცვით სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მხარეს არ გააჩნდა საპატიო მიზეზი, დაგვიანებით წარმოედგინა სადავო ახალი მტკიცებულება. ასევე, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს საკასაციო საჩივართან ერთად დართულ ქ.ფოთის ცენტრის უბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2013 წლის ... გაცემულ №... ცნობას, რომლითაც, მხარის მითითებით, დასტურდება კასატორთა მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან დღემდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. და კ. ა.-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე. და კ. ა.-ებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. და კ. ა.-ების მიერ 2014 წლის 27 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. არ დაკმაყოფილდეს კასატორთა შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების წარდგენის შესახებ.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური