Facebook Twitter

საქმე № 010210014519248

საქმე №ას-1016-959-2015 18 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 2010 წლის 16 სექტემბრიდან 2014 წლის 9 ივნისის ჩათვლით მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობისათვის 21 196,6 ლარისა და 2014 წლის 9 ივნისიდან ფართის გამოთავისუფლებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20,68 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ თვითნებურად დაიკავა მისი კუთვნილი ფართი და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას – განთავსებული აქვს ავტოსადგომი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასური ქონებით სარგებლობის შეწყვეტამდე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21 196,6 ლარისა და 2014 წლის 9 ივნისიდან ფართის გამოთავისუფლებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20,68 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა, სანამ არ გადაწყდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან მიმართებით, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარდგინებით.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არა უმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მსგავსი კატეგორიის დავაზე (საქმე №..., აპელანტი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მოწინააღმდეგე მხარე – ს. გ.-ი) ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავისი 2015 წლის 31 მარტის განჩინებით განმარტა, რომ „ეს ნორმა („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი) შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდგომში – სსკ) მოწესრიგებულ ერთ-ერთ სამართლებრივ ურთიერთობას – უსაფუძვლო გამდიდრებას. საქართველოს სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი ამავე საკითხს ამგვარად არეგულირებს: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. ამ ორი ნორმის შინაარსი მსგავსია, თუმცა მათ შორის განსხვავება ის არის, რომ სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი საუბრობს უფლებამოსილი პირისათვის მიყენებულ ზიანზე, რაც დაზარალებულს შესაბამისი ფაქტების მითითებისა და მტკიცების ტვირთს აკისრებს. ამასთან, სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი დაკავშირებულია ამავე კოდექსის 981-ე მუხლის პირველ ნაწილთან. ამ ნორმის შესაბამისად კი, პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ მაშინ ეკისრება, თუ მან მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში. ამდენად, სსკ-ისგან განსხვავებით, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი უპირობოდ ადგენს თანხის გადახდის ვალდებულებას (მიუხედავად მიმღების სუბიექტური დამოკიდებულებისა ქონების ფლობის მიმართ) და, უფრო მეტიც, არსებითად განსაზღვრავს გარკვეული სახის მტკიცებულებას – მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს; საექსპეტო/აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც სადავო ფაქტები უნდა დადასტურდეს“.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას გამოსაყენებელი კანონი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, აწესრიგებს სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას, ზღუდავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის საშუალებას და გარკვეულწილად ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, კონსტიტუციური კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობაში შედის, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ შეიძლება დაარეგულიროს ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ქონების მართვისა და განკარგვის წესის განსაზღვრისას ავტონომიური რესპუბლიკა ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებული გამგებლობის სფეროში არ უნდა შეიჭრას.

11. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება სავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული და შრომის სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობა. შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკა სამოქალაქო-სამართლებრივი ქცევის სავალდებულო წესს ვერ დაადგენს და, მით უმეტეს, ვერ განსაზღვრავს სამართლებრივი დავისათვის საჭირო მტკიცებულებების ჩამონათვალს.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკა შეიჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების განსაკუთრებულ კომპეტენციაში, რის გამოც დავის გადაწყვეტისას გამოსაყენებელი კანონი – „აჭარის ავტონომიური ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო იყო, და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს „აჭარის ავტონომიური ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.

13. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა, რამდენად კანონშესაბამისად იქნა მიღებული და დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შეჩერებულიყო იმ საკითხის განხილვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოთხოვნას, ვიდრე არ გადაწყდებოდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის საკითხი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარდგინებით განიხილავდა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებულია ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაც სააპელაციო საჩივრის განხილვისას აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებას, კერძოდ, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სარჩელის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს თავისი ინიციატივით ზემოაღნიშნულზე მსჯელობის უფლებამოსილება არ გააჩნდა, რადგან საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილებოდა, რა დროსაც არ მოქმედებს ე.წ ინკვიზიციურობის პრინციპი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესი.

17. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი და თუ აღნიშნული ნორმების შესაბამისად, საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მაშინ უნდა გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვის შემდეგ შეეჩერებინა წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

18. მხარემ მიუთითა №ას-1350-1275-2012 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე, რომლითაც საკასაციო პალატამ სსსი-ის მე-4 მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

19. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევით, რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოების შეჩერების მართლზომიერება კანონის კონკრეტული დანაწესის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შემოწმების მიზნით.

22. საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას ზემოაღნიშნული საფუძველით ითვალისწინებს სსსკ-ის მე-6 მუხლის მეორე ნაწილი, რომელის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.

23. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი სარჩელის სამართლებრივი დასაბუთება ეფუძნება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტს.

24. აღნიშნული ნორმის თანახმად, ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არა უმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოვლინდა საქმის წარმოების შეჩერების იურიდიული წინაპირობა, კერძოდ:

26. გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, რომ მსგავსი კატეგორიის დავაზე (სამოქალაქო საქმე, №... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის გამო, მოწინააღმდეგე მხარე – ს. გ.-ის მიმართ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავისი 2015 წლის 31 მარტის განჩინებით განმარტა, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი შეეხება სსკ-ით მოწესრიგებულ ერთ-ერთ სამართლებრივ ურთიერთობას – უსაფუძვლო გამდიდრებას. საქართველოს სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი ამავე საკითხს ამგვარად არეგულირებს: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. ამ ორი ნორმის შინაარსი მსგავსია, თუმცა მათ შორის განსხვავება ის არის, რომ სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი საუბრობს უფლებამოსილი პირისათვის მიყენებულ ზიანზე, რაც დაზარალებულს შესაბამისი ფაქტების მითითებისა და მტკიცების ტვირთს აკისრებს. ამასთან, სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი დაკავშირებულია ამავე კოდექსის 981-ე მუხლის პირველ ნაწილთან. ამ ნორმის შესაბამისად კი, პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ მაშინ ეკისრება, თუ მან მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში. ამდენად, სსკ-ისგან განსხვავებით, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი უპირობოდ ადგენს თანხის გადახდის ვალდებულებას (მიუხედავად მიმღების სუბიექტური დამოკიდებულებისა ქონების ფლობის მიმართ) და, უფრო მეტიც, არსებითად განსაზღვრავს გარკვეული სახის მტკიცებულებას – მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს; საექსპეტო/აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც სადავო ფაქტები უნდა დადასტურდეს“.

27. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოცემულ საქმეზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული საფუძველია კანონი, რომლის დანაწესი საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობასთან შეუსაბამობაშია.

28. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა.

29. მითითებული ნორმის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობაში შედის, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაძლებელია ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის დარეგულირება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ. ქონების მართვისა და განკარგვის წესის განსაზღვრისას ავტონომიური რესპუბლიკა ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებული გამგებლობის სფეროში არ უნდა შეიჭრას.

30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება სავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული და შრომის სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობა. შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკა სამოქალაქო-სამართლებრივი ქცევის სავალდებულო წესს ვერ დაადგენს და, მით უმეტეს, ვერ განსაზღვრავს სამართლებრივი დავისათვის საჭირო მტკიცებულებების ჩამონათვალს.

31. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყევტილების მიღების კანონიერება მხოლოდ მხარის გამოუცხადებლობის საპატიობის კუთხით, ვინაიდან აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილს, კერძოდ, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

32. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიოდ გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმ ფაქტზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის საფუძველზე სარჩელი მითითებული დადგენილად ცნობილი გარემოებების სამართლებრივად შეფასებით შესაძლებელია თუ არა იმ შედეგის მიღება, რასაც მოსარჩელე ითხოვს. ასეთ დროს კი საჭიროა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება შესაბამისი კანონის თანახმად.

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაჩერა იმ საკითხის განხილვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოთხოვნას, სანამ არ გადაწყდებოდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის საკითხი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარდგინებით განიხილავდა.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე