საქმე №ას-187-179-2016 6 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. კ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ქ-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ ი. მ-ია
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ. ქ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-იასა და მ. კ-ას (შემდგომში _ მოპასუხეები, მ.კ-ა, ასევე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა შემდეგი: 2012 წლის 22 თებერვალს მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად აღიარება; მოპასუხე მ.კ-ას სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმება; მოსარჩელესა და ი.მ-იას შორის 2008 წლის 7 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ვ.ქ-ის გასულად აღიარება, შესაბამისად, ხელშეკრულების გაუქმება და ი.მ-იას სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება; #... უძრავი ნივთის მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2008 წელს მოსარჩელე მ. კ-ას შეუთანხმდა ოზურგეთის რაიონის სოფელ შ-აში მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით. მიწის გადაფორმების პერიოდში ყველა ხარჯს იღებდა მ. კ-ა. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისაგან უნდა შეეძინა ზემოხსენებული ნაკვეთი 20 000 ლარად, რომელსაც შემძენი ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის მანძილზე გადაიხდიდა. მხარეთა შეთანხმებით, 2008 წლის 7 აპრილს მოსარჩელემ ი. მ-იასთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და თანხა უნდა გადაეხადა ორივე მოპასუხეს. მიუხედავად შეთანხმებისა, მათ ნასყიდობის ფასი არ აუნაზღაურებიათ. საქმეში არსებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არის სტანდარტული ფორმის და მასში აღნიშნული თანხის გადახდა არ ადასტურებს შემძენის მხრიდან ვალდებულების შესრულებას. მას შემდეგ, რაც მოპასუხეებისათვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების შესაძლო მოშლის შესახებ, 2012 წლის 22 თებერვალს მოპასუხეებმა გააფორმეს ნასყიდობის თვალთმაქცური ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთი გასხვისდა მ. კ-ას სახელზე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასსუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარადგინეს, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი, ისე მისი შემწყვეტი შესაგებელი, რომლითაც განმარტეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულბით დასტურდება მოპასუხე ი.მ-იაის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი, რაიმე მტკიცებულება, რაც თანხის ერთი წლის განმავლობაში გადახდაზე შეთანხმებას დაადასტურებდა, საქმეში არ არის წარმოდგენილი, რაც შეეხება მ.კ-ას, იგი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია, ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ 2015 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. მ-იასა და მ. კ-ას შორის 2012 წლის 22 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე; მოშლილად იქნა ცნობილი ვ. ქ-ესა და ი. მ-იას შორის 2008 წლის 7 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი დარეგისტრირდა ვ. ქ-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში. ვ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ამ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის გამოუცხადებლობა განაპირობა იმან, რომ იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, არამედ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მკურნალობის კურსს გადიოდა ქ.სანკტ-პეტერბურგის ბოტკინის სახელობის კლინიკაში. მან განცხადებით მიმართა სასამართლოს და ითხოვა სხდომის გადადება, რაც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6.1.2. კასატორის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომ სასარჩელო მოთხოვნები არ გამოუკვლევია, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება დაუსაბუთებელია.
6.1.3. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას ასევე არ გამოიკვლია საჩივრის საფუძვლები და კასატორის მიერ წარდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებას არ ჰყავს დირექტორი და მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილია დაწესებულების მთავარი ექიმი, ხოლო დაავადების ისტორიიდან ამონაწერის მომზადების უფლება გააჩნია მხოლოდ მკურნალ ექიმს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობა (ამონაწერის ფორმა) და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეჭვქვეშ დააყენა იმ პირის უფლებამოსილება, რომელსაც, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტზე ხელი ჰქონდა მოწერილი. პალატამ არც ის გარემოება შეაფასა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებით ამავე წლის 21 სექტემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რის თაობაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ მხარეებს;
1.2. სასამართლო სხდომის დღეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებმა წერილობით მიმართეს სასამართლოს და იშუამდგომლეს სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იმყოფებიან საზღვარგარეთ;
1.3. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;
1.4. აპელანტმა განმარტა, რომ ვ. ქ-ე მოპასუხეებმა მოატყუეს, თავიდანვე მიწის ნაკვეთის ნასყიდობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მასთან მართავდა მ. კ-ა, მხოლოდ ნასყიდობის დადების დღეს გაიგო, რომ ქონება უნდა გადაფორმებულიყო ი. მ-იას სახელზე, რომელსაც ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა 1 წლის ვადაში. იმის ნაცვლად, რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, ი. მ-იამ ქონება მოჩვენებითად გადაუფორმა მ. კ-ას, რითაც შეეცადა თავიდან აეცილებინა აპელანტის წინაშე პასუხისმგებლობა. სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული არ არის, რადგან ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება უფლების დარღვევის მომენტიდან, აპელანტს კი უფლება დაერღვა მაშინ, როცა დადგა ნასყიდობის ფასის გადახდის პირობა (2009 წლის 7 აპრილს) და არა ხელშეკრულების დადების დღეს.
1.5. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 405-ე მუხლის შესაბამისად, ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, აქვე პალატამ განმარტა, რომ არ იზიარებდა აპელანტის იმ პრეტენზიას, რომლის თანახმადაც რაიონულ სასამართლოს ი. მ-იას მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გაეუქმებინა, რადგან მ. კ-ას უფლების დაცვა შეუძლებელი იქნებოდა მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმების გარეშე. ის ფაქტი, რომ ი. მ-იამ არ გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვერ იქნებოდა მ. კ-ას კანონიერი უფლებების დაცვაზე უარის თქმის საფუძველი, ამასთან, თუ ძალაში დარჩებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სადავო უძრავი ნივთის ვ. ქ-ისათვის დაბრუნების თაობაზე, აზრს კარგავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება ი. მ-იასა და მ. კ-ას შორის დადებული გარიგების ბათილად (მოჩვენებითად) მიჩნევის ნაწილშიც, რადგან სადავო ქონება გადავიდოდა ვ. ქ-ის საკუთრებაში.
1.6. რაც შეეხება მ. კ-ას საჩივარს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, სააპელაციო პალატამ 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით იგი არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ საჩივარზე დართული მტკიცებულებით არ დასტურდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობა, კერძოდ, სამედიცინო ცნობა ხელმოწერილი იყო მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ, ამასთანავე, მ. კ-ას 2015 წლის 21 სექტემბრის განცხადებაში არ მიუთითებია ავადმყოფობის ფაქტზე. ამის თაობაზე მითითებულ იქნა და მტკიცებულებაც წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საჩივართან ერთად, ისე, რომ მომჩივანმა დამაჯერებლად და სარწმუნოდ ვერ ახსნა, თუ რატომ არ მიუთითა ამ გარემოებაზე 2015 წლის 21 სექტემბერს, თუ იგი, მისი მტკიცებით, სტაციონარში იმყოფებოდა უკვე 15 სექტემბრიდან. პალატის დასკვნით, ის გარემოება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, არ ქმნიდა საქმის განხილვის გადადების საფუძველს, რადგან იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და უმეტესად ცხოვრობს სწორედ მითითებულ ქვეყანაში.
1.7. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს და ძირითადად საპროცესო ნორმათა დარღვევასა და საჩივარზე დართულ მტკიცებულებათა არასრულ გამოკვლევაზე მიუთითებს.
1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:
1.8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
1.8.2. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები:
ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე;
ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
1.8.3. კასატორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას ასაბუთებს იმით, რომ გააჩნდა საპატიო მიზეზი, კერძოდ, მკურნალობის კურსს გადიოდა საავადმყოფოში. ამ გარემოების დადასტურების მიზნით წარმოდგენილ ცნობაში მითითებულია, რომ მ.კ-ა სტაციონარში გადაიგზავნა 2015 წლის 15 სექტემბერს და გაეწერა 26 სექტემბერს, დაუდგინდა მწვავე გასტროენტერიტი. მოკლე ანამნეზში, დაავადების მიმდინარეობასა და პაციენტის მდგომარეობის ამსახველ ნაწილში მითითებულია, რომ პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანით იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, ორჯერ დაკარგა გონება. ცნობის თანახმად, რეკომენდაციად მითითებულია უბნის თერაპევტისა და გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობა. ცნობა გაცემულია 2015 წლის 26 სექტემბერს, ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით.
1.8.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას, რომ კანონის ფორმალური კრიტერიუმების ზედმიწევნითი დაუცველობა მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია და აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ნორმით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად მტკიცებულების შეფასების გზით პალატა მიიჩნევს, რომ მ.კ-ამ საჩივრის განხილვის ეტაპზე უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება, მტკიცებულებაში ნათლადაა ასახული, როგორც ავადმყოფობის ფაქტი, ისე სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა (იგი მკურნალობდა სტაციონარში) და მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი (მით უფრო, როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით), არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (იხ. სუსგ №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი). აქვე მნიშვნელოვანია შეფასდეს ის გარემოება, რომ მიუხედავად სასამართლო სხდომის დღეს წარდგენილ განცხადებაში იმ გარემოებაზე მიუთითებლობისა, რომ მხარე იმყოფებოდა ავად, ვინაიდან დასტურდება მისი გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობა, არ არსებობს სამედიცინო ცნობის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა დამატებით იმ გარემოებაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ მ.კ-ას ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა ბ.მ-ი, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი კვლავ ძალაშია, თუმცა რწმუნებული პირის საქართველოს ადვოკატთა ერთიან სიაში რეგისტრაციის ფაქტი არ დასტურდება (www.gba.ge), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე კი, ეს პირი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობას ვერ გაწევდა.
1.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
1.10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც ამ გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს იმსჯელოს და შეაფასოს ის გარემოება, თუ რამდენად ამართლებდა კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას.
1.11. საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე მოპასუხე ი. მ-იას საჩივარი არ წარუდგენია, თუმცა ეს გარემოება კასატორის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება (მათ შორის ნაწილობრივ), ვინაიდან სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შემადგენლობაა მითითებული და თუკი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი.მ-იას მიმართ შევა კანონიერ ძალაში, იგი მ.კ-ასთან მიმართებით წარდგენილი მოთხოვნის ნამდვილობაზე გარკვეულ გავლენას იქონიებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ნამდვილი ინტერესი ნივთის დაბრუნებაა, რომლის მესაკუთრესაც კასატორი წარმოადგენს, შესაბამისად, მ.კ-ას ი.მ-იას მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების იურიდიული ინტერესი გააჩნია. საკითხის სხვაგვარად შეფასება კასატორის საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას ხელყოფს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).
1.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლად და არასწორადვე ჩათვალა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. საკასაციო საჩივარს მისმა ავტორმა დაურთო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლი.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, მით უფრო ყოველგვარ დსაბუთებასაა მოკლებული იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც საქმეში უკვე განთავსებულია. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 104-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მ. კ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლი 9 (ცხრა) ფურცლად (ტ. II ს.ფ. 123-131).
4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე