საქმე №ას-75-72-2016 27 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები – ამხანაგობა „თ. 138“, დამფუძნებელი წევრები: მ. ზ-ე, მ. ტ-ა, ლ. ჯ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ. 2007“ (მოსარჩელე)
მოპასუხე ძირითად სარჩელში _ გ. ც-ე
განმცხადებლების მოთხოვნა – საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ. 2007-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „თ. 138-ის“, მ. ზ-ის, გ. ც-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის (შემდგომში _ მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 83 945.44 ლარისა და პირგასამტეხლოს - 89 438 ლარის დაკისრება.
2. ამხანაგობა „თ. 138-მა“, მ. ზ-ემ, ლ. ჯ-მა და მ. ტ-ამ (შემდგომში _ შეგებებული სარჩელის ავტორები, აპელანტები ან დამკვეთები) შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს თავდაპირველი მოსარჩელისათვის შეგებებული სარჩელის ავტორების სასარგებლოდ 593 401 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე, 239 000 ლარის დაკისრება.
3. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა (ძირითად სარჩელზე) სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მათ დავალიანება არ გააჩნიათ, არამედ გადახდილი აქვთ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მხარეს ეკუთვნოდა, ამასთან, მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
4. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დამკვეთის მიერ მენარდისათვის იმაზე მეტი თანხის გადახდის ფაქტი, ვიდრე მას ხელშეკრულებით ეკუთვნოდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 83 985.44 ლარისა (მენარდის საზღაურის სახით) და 20 000 ლარის (პირგასამტეხლოს სახით) გადახდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა აპელანტთა წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს დაეკისრათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით კასატორისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის გადახდა, ასევე, გაუქმდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები.
9. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელმა და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. განცხადების თანახმად, კასატორს ახალი გადაწყვეტილების გამოტანა საკასაციო საჩივრით არ მოუთხოვია, ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, გასცდენოდა საკასაციო საჩვრის ფარგლებს. განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს გამორჩა საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებაზე მსჯელობა, რის გამოც მოითხოვა საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, საკასაციო განაცხადისა და განმცხადებლების არგუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორების მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი წარმოადგენს სამართალწარმოებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების ერთ-ერთ შესაძლებლობას და ადგენს კონკრეტულ ჩამონათვალს, თუ რა საკითხი შეიძლება იქნას განხილულ-გადაწყვეტილი დამატებითი გადაწყვეტილების ინსტიტუტის ფარგლებში, კერძოდ, ნორმის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამიომდინარე, ამ საკითხთა წრე შემდეგია:
ა) მოთხოვნა, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
2. განმცხადებლები განმარტავენ, რომ:
ა) საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილელად დაბრუნების საკითხზე;
ბ) საკასაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, გასცდენოდა საკასაციო საჩივრის ფარგლებს.
2.1. მითითებული პრეტენზიების შესაბამისად, უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მოთხოვნაზე (რომელიც იმავდროულად ზედმიწევნითაა ასახული განცხადებაში), კერძოდ, შპს „გ. 2007“ საკასაციო საჩივრით მოითხოვდა შემდეგს: „გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ სრულად, ვითხოვთ მის გაუქმებას და უარი ეთქვას მოპასუხეების მოთხოვნას, რაც დაკმაყოფილდა 2015 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით და ძალაში დარჩა 2016 წლის 11 იანვარს, ანუ გაუქმდეს 2015 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2016 წლის 11 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახალი შესწავლისთვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, გაუქმდება რა 2015 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2016 წლის 11 იანვრის განჩინება, რითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში“. მოთხოვნის მოხმობილი ფორმულირების ანალიზით უტყუარად დგინდება, რომ კასატორი, ერთი მხრივ, მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმებასა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
2.2. საკასაციო პალატამ 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რა საკასაციო საჩივარი, გააუქმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი, ამდენად, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მხარის მოთხოვნა და სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისია, თუმცა პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამატებით განმარტოს რამდენიმე საკითხი:
2.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმით დადგენილია გადაწყვეტილების ფარგლები, ნორმის მოქმედება ვრცელდება, როგორც პირველი, ისე _ სააპელაციო/საკასაციო სასამართლოების მიმართ (სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლები) და მისი მიზანი არის ის, რომ საქმის განხმილველმა სასამართლომ მოთხოვნის საფუძვლიანობა სარჩელის/საჩივრის ფარგლებში შეამოწმოს, ანუ იგი შეეხება გადაწყვეტილების მატერიალურ ფარგლებს, რაც შეეხება პროცესუალურ ფარგლებს _ ზემდგომი სასამართლო დავის თავად გადაწყვეტისა თუ ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტისას შებოჭილია თუ არა მომჩივანის მოთხოვნით, იგი ამ ნორმის ფარგლებში არ ჯდება. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე აღნიშნულს არეგულირებს საპროცესო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლები და ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად გადაწყვიტოს დავა, თუკი არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნების საფუძველი.
2.2.3. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით დაეყრდნო შემდგომ საფუძვლებს: ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა წინამდებარე საკასაციო საჩივრის საგანს არ წარმოადგენს, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, შეგებებულ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები კანონის ძალით მიიჩნევა დადგენილად, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად, თავადაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს დავა (სსსკ-ის 411-ე მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მენარდის მხრიდან სამუშაოების შესრულების ფაქტი, რომელთა ღირებულება სრულად არ აქვს ანაზღაურებული დამკვეთს, შეუძლებელია ამავე სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დასტურდებოდეს მენარდის მიერ დამკვეთისაგან კუთვნილზე მეტი ანაზღაურების მიღების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესრულების კონდიქციის საფუძვლით შეგებებული სარჩელის თუნდაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დაკმაყოფილების წინაპირობები.
1.3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელთა მოთხოვნას არც ფაქტობრივი საფუძველი გააჩნია და არც შინაარსობრივად გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლიდან, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ამხანაგობა „თ. 138-ის“, დამფუძნებელი წევრების: მ. ზ-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე