საქმე №ას-281-267-2016 20 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განაცდურის ანაზღაურება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ი. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 24.06.2015წ. #... ბრძანების ბათილად ცნობა, სპეციალისტის თანადმებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის _ გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე სპეციალისტის თანამდებობაზე დამსაქმებლის 06.07.2012წ. ბრძანებით დაინიშნა, ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 500 ლარით. დასაქმებულის გათავისუფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე განხორციელდა. გათავისუფლების ბრძანება ემყარება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტს, 38-ე მუხლის მე-5, მე-6, მე-7 ნაწილებს, ასევე სამსახურის #3 ოქმს, თუმცა დამსაქმებელს არ გამოურკვევია მოსარჩელე რეალურად არღვევდა თუ არა შრომის პირობებს, არც ერთი შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს, რაც დაადატურებს დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ დასაქმებულის გათავისფლება მართლზომიერად განხორციელდა, რადგან მან დაარღვია შინაგანაწესის მოთხოვნები, გათავისუფლებას წინ უსწრებდა სასტიკი საყვედურის გამოცხადება საბოლოო გაფრთხილებით. საკითხის შესასწავლად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში თავად დასაქმებულმა აღიარა გადაცდომის ჩადენა, გარდა აღნიშნულისა, სამსახურებრივი მოვალეობის სრულყოფილად განხორციელებას ხელს უშლიდა მოსარჩელის მიმართ თანამშრომელთა ნეგატიური დამოკიდებულება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. ზემოხსენებულ კონკრეტულ დანაწესებთან საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმებამდე საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:
1.2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე ადრესატს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც, 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (სსსკ-ის 396.3 მუხლი), ხოლო ამავე პალატის 28 აპრილის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
1.2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმებულის მართლზომიერად გათავისუფლების (ბრძანების კანონიერად მიჩნევის) ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, ამ ფაქტის საფუძვლიანობას საკასაციო პალატა ვეღარ შეამოწმებს თანახმად საპროცესო კოდექსის 106.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 266-ე მუხლისა.
1.3. პალატა განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული ნორმის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციის გათვალისწინებით, გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებამ საფუძველი გამოაცალა დამსაქმებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, უფრო მეტიც, შემოწმებას აღარ ექვემდებარება შრომის კოდექსის 32-ე მუხლის უმთავრესი ელემენტი _ იძულებით მოცდენის ფაქტი. ასეთ ვითარებაში კი, შეუძლებელია ვიმსჯელოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე.
1.4. ამდენად, სადავო მოთხოვნის (განაცდურის ანაზღაურება) თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური