Facebook Twitter

საქმე №ას-328-313-2016 20 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს _ 5 505,72 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელის თანახმად, 22.10.2013წ. მხარეთა შორის გაფორმდა #660 ხელშეკრულება, რომლის პირობებისა და #1 დანართის თანახმად, მოპასუხემ იკისრა შემსყიდველისათვის საქონლის ორ ეტაპად მიწოდება: საქონლის საერთო რაოდენობის 20% 01.11.2013 წლამდე, ხოლო დარჩენილი საქონელი _ 15.12.2013 წლამდე. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც 16.01.2014წ. #660-1 აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო (2 100,12+3 405 ლარი). წერილობითი შეტყობინების მიუხედავად პირგასამტეხლო მიმწოდებელს არ გადაუხდია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მიწოდებული პროდუქტი, მოსარჩელის განმარტებით აღმოჩნდა წუნდებული, რაც დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით, თუმცა, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მოპასუხეს არ გადაეცა ექსპერტის დასკვნა, რათა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობებისა და ვადის გათვალისწინებით, ნაკლი აღმოფხვრილიყო მწარმოებლის მიერ, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს წერილობით ეცნობა ამ თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 752,86 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 22.09.2014 წელს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #660 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულების დანართების შესაბამისად, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა საქონელი _ საპოხი „LITHOL-24“ (გოსტ 21150-87)-15000კგ. საერთო ღირებულებით 70950 ლარი. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულების #1 დანართის შესაბამისად, მიეწოდებინა შემსყიდველისათვის საქონელი; მე-8 პუნქტის თანახმად, საქონლის არანაკლებ 20%-ის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2013 წლის 15 დეკემბრისა; 6.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრებოდა შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა შემდეგი ოდენობით: საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 16.5. პუნქტის თანახმად კი, საქონლის მიუწოდებლობისათვის დღეების მიხედვით დასარიცხი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.

1.2.2. 31.10.2013წ. მოპასუხემ თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 15000კგ. საპოხი მასალა კილოგრამებიან კარდონის კმბ-ს ტიპის ტარით, რომელიც არ იყო დალუქული მწარმოებლის მიერ, რის გამოც მყიდველმა არ მიიღო მიწოდებული საქონელი და მიწოდებული საქონელი სინჯების აღების გარეშე გატანილ იქნა საწვავ-საპოხი მასალების ბაზიდან,ხოლო 2013 წლის 14-25 ნოემბერს, მოპასუხემ თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 12 800 კგ. საპოხი მასალა.

1.2.3. საპოხი მასალა მიმწოდებელს მოსარჩელისათვის #1 დანართის მიხედვით უნდა მიეწოდებინა. ექსპერტიზის 20 13 213წ. დასკვნის თანახმად, მიწოდებული მასალა არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სტანდარტებს, რაც ადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევას. ვინაიდან მიწოდებული პროდუქციის ნაწილი არ იყო შეთანხმებული ხარისხის, მანვე დაარღვია მიწოდების ვადებიც.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ შეუფასებია მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობაზე, ისე შეამცირა იგი, აღნიშნულით კი დაირღვა კრედიტორის უფლებები. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა და კანონი თანაბარ მდგომაროებაში განიხილავს მის სუბიექტებს. იმისათვის, რათა დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლება, კანონმდებელი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საკითხს, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, „სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური