Facebook Twitter

საქმე №ას-215-205-2016 20 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ჩ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ბ. ჩ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ნ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მის მფლობელობაში არსებული #1 და #3 შენობა-ნაგებობის _ 2,74 კვ.მ ხის ღობის, ხის კარისა და სასაზღვრე მიჯნის ნაწილის (10,25 კვ.მ) მოშლა, ასევე, მისთვის მოსარჩელის კუთვნილი ეზოდან რკინის კარით სარგებლობის აკრძალვა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მხარეები არიან მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2010წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია #... მიწის ნაკვეთზე იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ადგილი ჰქონდა გადაფარვას 8,87 კვ. მეტრის ნაწილში. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.04.2010წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ასევე მოპასუხესა და მესამე პირს შორის ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში. ეს გადაწყვეტილებები რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში, რასაც შედეგად მოპასუხის სახელზე არსებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოყვა, ხოლო მოსარჩელის საკუთრებად, ნაცვლად 301 კვ.მეტრისა, აღირიცხა დაზუსტებული 320 კვ.მ უძრავი ქონება. მოპასუხის მიერ აღმართული კონსტრუქციის გამო მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ საცხოვრებელი სახლი მას მემკვიდრეობით აქვს მიღებული, განხორციელებულ მშენებლობაზე/რეკონსტრუქციაზე თანხმობა მისცა კომპეტენტურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისად, სადავო სათავსი კანონის მოთხოვნათა დაცვითაა შესრულებული. არსებული გეგმა-ნახაზი ადასტურებს იმ გარემოებას, მოპასუხე მოსარჩელის ფართში არ არის შეჭრილი, რაც შეეხება მიშენებული ფართის დემონტაჟს აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა მის მფლობელობაში არსებული #1 და #3 შენობა-ნაგებობების ნაწილის, 2,74 კვ.მ ხის ღობის, ხის კარებისა და სასაზღვრე მიჯნის ნაწილის _ 10,25 კვ. მეტრის დემონტაჟი. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მის საკუთრებაში არსებული ეზოდან მოპასუხისათვის რკინის კარებით სარგებლობის აკრძალვის მოთხოვნაზე.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა:

4.1. მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

4.2. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ეზოდან რკინის კარებით სარგებლობა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ქ.თბილისში, ბ-ს ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ჭიშკრით სარგებლობს მოპასუხე. 1926 წლის სააქტო ჩანაწერის მიხედვით, მესაკუთრეთა საერთო სარგებლობის უფლება ვრცელდება ბ-ს ქუჩა #...-ში მდებარე ჭიშკარზე, ხოლო სადავო ჭიშკარი მდებარეობს ბ-ს ქუჩა #...-ში. ამ ორი მისამართის იდენტურობა საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხეს არ გააჩნია მოსარჩელის თანხნობა ქონებით სარგებლობის თაობაზე, ამასთანავე, სააქტო ჩანაწერის შედგენის დროისათვის მიწა კერძო საკუთრებას არ წარმოადგენდა, ხოლო მოპასუხეს საკუთარ სახლამდე მისასვლელი სხვა შესასვლელიც გააჩნია.

1.2.2. მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა საჯარო რეესტრის მონაცემების უსწორობას, ხოლო საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს მოპასუხის მფლობელობაში არსებული #1 და #3 შენობა-ნაგებობების ნაწილი 2,74 კვ.მ ხის ღობე, ხის კარები და 10,25 კვ.მ სიგრძის სასაზღვრე მიჯნის ნაწილი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ ემყარება მტკიცებულებათა სრულყოფილ კვლევას, რამდენადაც კასატორი შემოიფარგლება ზოგადი მითითებებით, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები არასრულყოფილია და ეწინააღმდეგება ტექბიურიოს ჩანაწერებს, ასევე, თბილისის მერიის 21.08.2008წ. #...2 ოქმსა და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 17.09.2008წ. შეთანხმებულ პროექტს. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ თავისუფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) განსაზღვროს დავის საგანი და წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, ადასტურებენ მხარის პოზიციის მართებულობას, თუმცა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტი (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რომლის თანახმადაც, სასამართლო არკვევს ამ მტკიცებულებათა სანდოობას, იურიდიულ ძალას და ამ გზით წყვეტს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საკითხს. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, სადაც ასევე გასათვალისწინებელია საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის დებულება სადავო გარემოების განკუთვნადი მტკიცებულებით დადასტურების თაობაზე. მართალია, კასატორი აპელირებს ექსპერტიზის დასკვნის უსწორობაზე, თუმცა საპირისპირო დასკვნის წარდგენაზე იგი არ მსჯელობს, რაც შეეხება ქ.თბილისის მერიის აქტებს, ისინი ვერ აქარწყლებენ საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად განსაზღვრულ მდგომაროებას მხარეთა საკუთრების ფარგლების თაობაზე. აქვე პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ ადგილზე დათვალიერების შედეგად დაადგინა კასატორის სახლთან მისასვლელი გზის არსებობის ფაქტი, ხოლო მხარის აპელირება იმაზე, რომ მას შესასვლელი არ აქვს, მოკლებულია ფაქტობრივ დასაბუთებას.

1.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოში მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისად მიწაზე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სამართლებრივად სწორად იქნა შეფასებული 1926 წლის სააქტო ჩანაწერი, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლზომიერი მფლობელის უფლებრივ მდგომარეობას გამორიცხავს, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები _ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები და საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის კანონისმიერი პრეზუმფციიდან გამომდინარე (სკ-ის 312-ე მუხლი) სწორად გადაწყვტია დავა.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. 28.04.2016წ. საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა, წარმოადგინა მტკიცებულებები და ითხოვა მათი საქმისათვის დართვია.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს 28.04.2016წ. #ა-1619-16 განცხადებაზე დართული ექსპერტიზის დასკვნის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების, ს.ნ-ის განცხადების, ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართვისა და განცხადების რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულების ასლები 16 (თექვსმეტი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ვლადიმერ კიკნაძის მიერ ს. ნ-ის სახელით 22.02.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ს. ნ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვლადიმერ კიკნაძის მიერ ს. ნ-ის სახელით 22.02.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. ს.ნ-ს დაუბრუნდეს 28.04.2016წ. #ა-1619-16 განცხადებაზე დართული ექსპერტიზის დასკვნის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების, ს.ნ-ის განცხადების, ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართვისა და განცხადების რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულების ასლები 16 (თექვსმეტი) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური