№ას-38-38-2016 5 აპრილი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ყ., რ.მ., ი.მ., ი.მ., ი.მ., თ.მ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. ქუთაისში, .... (შემდეგში უძრავი ქონება) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან: ე.მ. 77/147 წილობრივი მონაცემით, ლ.მ. (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) 10/147 წილით და მ.ყ., ი.მ., რ.მ., ი.მ., ი.მ. და თ. მ. (შემდეგში მოსარჩელეები) 60/147 წილით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, შემდეგში სსკ-ის 173.1მუხლი, 953-მუხლი}.
2. სადავო ქონება (70/147 ნაწილი) წარმოადგენდა გ.მ–ის (შემდეგში მამკვიდრებლის) საკუთრებას.
3. 2013 წლის 14 იანვარს მამკვიდრებელი გარდაიცვალა, რის შემდგომაც სამკვიდრო ქონება წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული წილობრივი მონაცემებით აღირიცხა მოსარჩელეთა და მოპასუხის საკუთრებაში {სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
4. მესაკუთრეები, კერძოდ, მოსარჩელე პირები ვერ სარგებლობენ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (60/147) ნაწილით, მოპასუხე მათ არ აძლევს შესასვლელი კარის გასაღებს, რითაც ხელს უშლის სადავო უძრავი ქონების სარგებლობაში {სსკ-ის 172.2 მუხლი, 955.2 მუხლი}.
5. 2015 წლის 6 მაისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და სამკვიდრო ქონების განკარგვის მიზნით მოპასუხისგან ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვეს.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა სადავო უძრავი ქონების 60/147 ნაწილით მოსარჩელეების მიერ სარგებლობაში ხელშეშლა, კერძოდ, უძრავი ქონების შესასვლელ კარზე ახალი საკეტის დაყენება და დაევალა არსებული საკეტის გასაღების მოსარჩელეებისათვის გადაცემა. სასამართლო დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 170-ე.172-ე მუხლები.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგი საფუძვლებით:
9. ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას იდეალური წილობრივი მონაწილეობით, მოსარჩელეებს შორის არსებობს დავა ოთახებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მათ შეუძლიათ, მოითხოვონ რეალური წილის გამოყოფა, თუმცა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მათ არ დაუყენებიათ სასამართლოს წინაშე. იდეალური წილით სარგებლობაზე მოსარჩელეებს ხელი არ ეშლებათ.
10. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 172-ე მუხლი, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია ხელშეშლის არსებობის შემთხვევაში, ხოლო კონკრეტულ ვითარებაში ხელშეშლის არსებობის თაობაზე მხარეებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 102-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის მტკიცებულება არ წარუდგენიათ.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სადავო გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
13. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეშლის არარსებობის შესახებ მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აკისრია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი ხელშეშლის არსებობის შესახებ მოსარჩელის მტკიცების საგანია. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატამ ხელშეშლის ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია მოსარჩელე მხარეთა ახსნა-განმარტება, მართალია, ამავე ღირებულების მქონე მტკიცებულებით მოპასუხე მხარემ უარყო სადავო ფაქტობრივი გარემოება და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ქონებით სარგებლობის ხელშეშლა არ გამოვლენილა, მაგრამ სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სარჩელის წარდგენით სასამართლოს მისცა გონივრული ვარაუდის საფუძველი უფლების დარღვევის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე სასამართლოს არ მიმართავდა სარჩელით, არ გაიღებდა დამატებით ხარჯებს, არ დახარჯავდა დროს, ენერგიას, არ აიყვანდა ადვოკატს და ა.შ.
14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:
15. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის საკმარის მტკიცებულებად ჩათვალა სარჩელის წარდგენა, რაც დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო განმარტებაა, რამაც უკანონო განჩინების მიღება განაპირობა. სარჩელის წარდგენა არის არა მტკიცებულება, არამედ ფაქტი, იმის თაობაზე, რომ პირი მის უფლებას დარღვეულად მიიჩნევს და რამდენად არის უფლება დარღვეული, უნდა შეფასებულიყო საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
16. საკასაციო საჩივარი დასაშვებია, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ერთგვაროვან პრაქტიკას, სადაც ჩამოყალიბებულია მტკიცებულებათა სახეები, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ერთგვაროვანი პრატიკის ჩამოყალიბების მიზნითაც, რათა განიმარტოს, სარჩელის წარდგენა არის თუ არა მტკიცებულება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე სხვა მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. კასატორის მოსაზრებით, სარჩელის წარდგენისათვის მტკიცებულების ძალის მინიჭებით დაირღვა სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
2. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
5. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
6. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
8.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.მ.ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.მ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 26.01.2016წ. სს "საქართველოს ბანკი"), 300 ლარის, 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი