№ას-65-62-2016 12 აპრილი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ს.ქ.ე.ს. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –მ.მ–ძე(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკეკმბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 18 მარტს მ.მ–ძეს (შემდეგში მოპასუხე, მოიჯარე) და სსიპ ს.ქ.ე.ს–ოს (შემდეგში, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მეიჯარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება {საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, შემდეგში სსკ-ის 581-ე მუხლი}, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს დროებით საგებლობაში, 10 წლით გადასცა ქ. თბილისში, ..... მდებარე 203 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შემდეგში უძრავი ქონება) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (საერთო ფართი 77.00 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....) .
2. ხელშეკრულებით ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 270 ლარით, რაც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 5 რიცხვამდე. ამასთან, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე {სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები}.
3. ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტით მოიჯარე უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების ვადამდე მოშლაზე, თუ ქონება გამოუსადეგარი გახდებოდა იმ გარემოებათა გამო, რომლისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
4. 2014 წლის 20 მარტს მოიჯარემ განცხადებით მიმართა მეიჯარეს და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულებით აღებული ფართის სახურავის საკუთარი სახსრებით შეკეთების შემთხვევაში, გაწეული ხარჯის ანაზღაურება ამ ხარჯების საიჯარო ქირაში გაქვითვის გზით {სსკ-ის 581.2, 535-ე, 442-ე მუხლები}. მეიჯარე არ დაეთანხმა და საპასუხო წერილით იჯარით აღებული ქონების მიმდინარე რემონტის საკუთარი (მოიჯარის) ხარჯებით ჩატარება მოიჯარის ვალდებულებად მიიჩნია.
5. 2014 წლის 31 მარტს მოიჯარემ განცხადებით მიმართა მეიჯარეს. მან მიუთითა, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული საიჯარო უძრავი ქონების ადგილმდებარეობა ზუსტი არ იყო და მან იჯარის ხელშეკრულებაში შეცდომით მითითებული მისამართის გასწორება მოითხოვა.
6. 2014 წლის 31 მარტს მოიჯარემ სურვილი გამოთქვა, შეესყიდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საიჯარო ქონება, რაზეც უარი მიიღო.
7. 2014 წლის 23 აპრილს მოიჯარემ მეიჯარეს წერილობით აცნობა, რომ უარს ამბობდა ხელშეკრულებაზე {სსკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილი, 541-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები}.
8. მეიჯარემ 2015 წლის 2 თებერვალს გამოსცა №1/1-... ბრძანება სააგენტოსა და მოიჯარეს შორის 2014 წლის 18 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
9. 2015 წლის 17 თებერვალს მეიჯარემ მოიჯარის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოპასუხისათვის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2888.34 ლარის (საიჯარო ქირის 2445 ლარის, პირგასამტეხლო 443,34 ლარის) დაკისრება მოითხოვა.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე აპელირებით:
11. მოსარჩელემ მოპასუხეს სარგებლობაში გადასცა ნაკლის მქონე ნივთი, რის შესახებაც მეიჯარეს წერილობით ეცნობა 2014 წლის 20 მარტს.
12. საიჯარო საგნის მისამართი არასწორად იყო მითითებული ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, ვერ მოხერხდა ობიექტზე კომუნიკაციების: ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფა. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. აღნიშნულის გამო მან ვერ ისარგებლა იჯარის საგნით.
13. 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 548-ე, 533-ე, 535-ე, 532-ე, 545-ე, 405-ე, 541-ე, 581-ე, 572-ე, 316-ე, 317-ე მუხლები.
14. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეიჯარემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
15. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 18 მარტის იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მხარეს გადაეცა ნაკლის მქონე ნივთი. ხელშეკრულებით კონკრეტულად არ იყო მითითებული საიჯარო საგნის მდგომარეობა. განსახილველ შემთხვევაში, მეიჯარისათვის ნივთის მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო ხელშეკრულების დადებამდეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადებამდე, 2014 წლის 31 მარტს მოიჯარემ სურვილი გამოთქვა, შეესყიდა იჯარის საგანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნივთი ნაკლიანი არ იყო, ვინაიდან ნაკლიანი შესრულების პირობებში მხარე იჯარის საგნის შესყიდვის ნებას არ გამოავლენდა.
16. სასამართლომ არასწორად დაადგინა ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2014 წლის 23 მარტი, ვინაიდან საქმეში დაცულია მეიჯარის 2014 წლის 2 თებერვლის ბრძანება #1/1-.., რომლითაც მოპასუხესთან შეწყდა 2014 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
19. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, ხელშეკრულების დადებიდან მოთხოვნის წაყენებამდე, დროის სიმცირის გამო, ფაქტობრივად ნივთით შესატყვისად ვერ ისარგებლებდნენ, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. შესაბამისად, ვლინდებოდა ნაკლის მქონე ნივთის გადაცემა. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მეიჯარემ დაკისრებული ვალდებულება, რომელიც მოიჯარისათის ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემას ან ნივთობრივი ნაკლის აღმოფხვრას ითვალისწინებდა და მოცემულ სამართალურთიერთობაში წინმსწრებ ვალდებულებას წარმოადგენდა, ჯეროვნად არ განახორციელა.
20. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის არგუმენტს 2014 წლის 18 მარტის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად მეიჯარის 02.02.2015 წლის N1/1-.. ბრძანების მიჩნევასთან დაკავშირებით. პალატამ წინამდებარე დავის ფარგლებში ყურადღება გაამახვილა მოიჯარის 2014 წლის 23 აპრილს შედგენილ განცხადებაში გამოხატულ ნებაზე ნივთის ნაკლის გამო ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაობაზე. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტის გათვალისწინებით, სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია მოიჯარის 23.04.2014 წ. განცხადებაში მითითებული მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და თარიღიც სწორედ მის განცხადებას დაუკავშირა.
21. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეიჯარემ შემდეგი დასაბუთებით:
21.1. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე, არასწორად განმარტა კანონი, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოიჯარეს გადაეცა ნაკლის მქონე ნივთი. ნივთის შეფასების შესახებ მოპასუხის ახსნა-განმარტების გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულება სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებს მოპასუხე მხარის ნებას, შეესყიდა იჯარის საგანი, ასევე, ის ფაქტი, რომ მოიჯარისათვის საიჯარო ურთიერთობის დამყარებამდეც ცნობილი იყო ნივთის მდგომარეობის შესახებ და იგი იჯარის საგნით ხელშეკრულების დადებამდეც სარგებლობდა, სამართლებრივად არ შეფასდა.
21.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2014 წლის 23 აპრილი, ვინაიდან საქმეში დაცულია წერილობითი მტკიცებულება მეიჯარის 2015 წლის 2 თებერვლის N1/1-. ბრძანება, რომლითაც შეწყდა სადავო ხელშეკრულება, სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება სსკ-ის 591-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს, რომელიც მეიჯარეს პირდაპირ ანიჭებს უფლებამოსილებას, მოითხოვოს მოიჯარისგან დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, თუ კი ეს უკანასკნელი საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას და არ შეესაბამება ნორმის მიზანს, თავიდან იქნეს აცილებული მეიჯარის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც მას შეეძლო მიეღო საიჯარო ქონების სარგებლობაში სხვა პირისათვის გადაცემით.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
2. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
5. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
6. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით (იხ.სუსგ ას-344-663-09, 22 სექტემბერი, 2009 წელი)
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ს.ქ.ე.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ს.ქ.ე.ს. გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი