Facebook Twitter

საქმე №ას-205-195-2016 13 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „ილის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ია, ე. ჩ-ე, თ. გ-ი, დ. ნ-ი, ზ. ვ-ია, ლ. უ-ა, ლ. ხ-ია, ნ. ც-ე, მ. ბ-ი, ი. კ-ი, მ. ხ-ე, ვ. ნ-ი, ნ. ბ-ი, მ. უ-ე, ქ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა და მისი ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. კ-იამ, ე. ჩ-ემ, თ. გ-მა, დ. ნ-მა, ზ. ვ-იამ, ლ. უ-ამ, ნ. ც-ემ, მ. ბ-მა, ი. კ-მა, მ. ხ-ემ, ვ. ნ-მა, ნ. ბ-მა, მ. უ-ემ და ქ. ჩ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელეები, დასაქმებულები ან კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში _ მოპასუხე, დამსაქმებელი ან კასატორი) მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები დ.უ-ის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს წარმოადგენდნენ. 2010 წელს საზოგადოების განაწესის შესაბამისად ჩატარდა ატესტაცია და კონკურსი. საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ამავე წლის შემოდგომაზე დ.უ-ის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი შეუერთდა მოპასუხე უნივერსიტეტს და დასაქმებულებთან 2013 წლის 15 ოქტომბრამდე გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. 2011 წლის 30 ივნისს მოპასუხემ დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ შესრულებული სამუშაო არ ანაზღაურდებოდა, რასაც არ დაეთანხმნენ მოსარჩელეები და ამას შედეგად მათი გათავისუფლება მოჰყვა. გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუმცირდათ ასიგნებები კვლევით პროგრამებზე და ფსიქოლოგია არ იქნა მიჩნეული პრიორიტეტულ დარგად, რაც არასწორია, გარდა აღნიშნულისა, დ.უ-ის ინსტიტუტს 2010 წლის დეკემბერში გამოეყო 2011 წლის ბიუჯეტი, რომლითაც ის ინტეგრირდა მოპასუხე უნივერსიტეტში (იხ. სარჩელი).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი/შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობა კანონის მოთხოვნათა დაცვით შეწყდა. უნივერსიტეტის დაფინანსების განახევრების გამო, მოპასუხის წერილის პასუხად განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უნივერსიტეტს აცნობა, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებულ პრიორიტეტში არ აღმოჩნდა დ.უ-ის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. ამ გარემოების გათვალისწინებით შესთავაზა დამსაქმებელმა დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალი პირობები სანამ არ იქნებოდა მოძიებული დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები, რათა მოპასუხის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით ეწარმოებინათ კვლევა და მიეღოთ შესაბამისი გრანტი, რაც არ იქნა გაზიარებული მოსარჩელეთა მხრიდან, გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რომელიც, მისი მტკიცებით, შრომის კოდექსის ახალი რედაქციის შესაბამისად უნდა ათვლილიყო (იხ. შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებები მოსარჩელეთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დამსაქმებელს მ. კ-იას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ 4 860 ლარის ანაზღაურება, ე. ჩ-ის სასარგებლოდ - 5 400 ლარის, თ. გ-ის სასარგებლოდ - 6 750 ლარის, დ. ნ-ის სასარგებლოდ - 8 100 ლარის, ზ. ვ-იას სასარგებლოდ - 1 421 ლარის, ლ. უ-ას სასარგებლოდ - 4 860 ლარის, ლ. ხ-იას სასარგებლოდ - 798 ლარის, ნ. ც-ის სასარგებლოდ - 5 400 ლარის, მ. ბ-ის სასარგებლოდ - 9 450 ლარის, ი. კ-ის სასარგებლოდ - 5 940 ლარის, მ. ხ-ის სასარგებლოდ - 5 400 ლარის, ვ. ნ-ის სასარგებლოდ - 8 100 ლარის, ნ. ბ-ის სასარგებლოდ - 5 400 ლარის, მ. უ-ის სასარგებლოდ - 4 860 ლარის, ქ. ჩ-ის სასარგებლოდ - 4 860 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელეები სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხესთან და 2011 წლის 8 ივლისიდან, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. მოპასუხემ შესაგებელში, გათავისუფლების საფუძვლად, სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან დაფინანსების არსებით შემცირებაზე მიუთითა, ხოლო მოსარჩელეები შრომითი ურთიერთობის ახალ არსებით პირობებს არ დაეთანხმნენ, რის გამოც დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის არსებულ ფარგლებში გაგრძელება შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დასაქმებულთა შესაძლებლობებსა და ქცევის წესს არ უკავშირდება.

1.2.2. 2011 წლისათვის დამსაქმებლის დაფინანსება 6 191 750 ლარიდან 3 533 690 ლარამდე შემცირდა, რაც ინსტიტუტისთვის მოულოდნელი იყო, ამასთან, დ.უ-ის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი არ იქნა გათვალისწინებული სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი შემოერთებულ იმ ინსტიტუტთა სიაში, რომელთა კვლევითი საქმიანობის დაფინანსებაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრიორიტეტულად მიიჩნია, რაც, სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების საფუძველს და არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს ქმნიდა. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგების შეუძლებლობის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარე მხოლოდ მაშინ თავისუფლდება ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, როდესაც არსებობდა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგების ფაქტობრივი საფუძვლები, მხარე შეეცადა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგებას, თუმცა, შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. მოპასუხემ ვერ დაადასტურა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მცდელობის ფაქტი, რადგანაც საქმეში წარმოდგენილ, შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების ფარგლებში, დამსაქმებლის - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შედგენილ შრომითი ხელშეკრულების პროექტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების რეალიზაციის შედეგად წარმოებული სამუშაო დამსაქმებლის მიერ ანაზღაურებას არ უნდა დაქვემდებარებოდა. ამგვარი პირობით შრომითი ხელშეკრულების დადება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.

1.2.3. სარჩელი არ არის ხანდაზმული, რამდენადაც მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება 2011 წლის 7 ივლისს შეწყდა. სადავო დროისათვის არსებული რედაქციით შრომის კოდექსი სასამართლოსათვის მიმართვის სპეციალურ ვადას არ ადგენდა. შესაბამისად, მხარეს დარღვეული უფლების აღსადგენად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული 3-წლიანი ვადა ჰქონდა. მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი 2014 წლის 7 ივლისს წარადგინეს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ: სასამართლომ არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები და დაარღვია, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტში დ.უ-ის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა განაპირობებდა შრომით ურთიერთობაში მყოფ პირთა მიმართ დაფინანსების მეორე მიმართულების გამოყენებას, შესაბამისად, დამსაქმებელმა მოწინააღმდეგე მხარეებს შესთავაზა ახალი შრომითი პირობები; არაერთი შეხვედრის მიუხედავად, დასაქმებულებმა უარი განაცხადეს ახალ ხელშეკრულებაზე; შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო დამსაქმებელი იძულებული გახდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეეწყვიტა ვადიანი შრომითი ურთიერთობა; მსგავსად სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებისა (სუსგ #ას-106-101-2014), განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა გათავისუფლება კანონიერი საფუძვლით განხორციელდა; სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საწინააღმდეგოდ, გაურკვეველია, რა ფორმატით გაწეული შრომის ანაზღაურება ეკისრება უნივერსიტეტს და რომელი წყაროდან.

1.5. საკასაციო პრეტენზიების წინააღმდეგ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის შეთავაზება ანაზღაურების გარეშე დასაქმების თაობაზე პალატამ მართებულად მიიჩნია საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ აქტად (სკ-ის 54-ე მუხლი) და იგი სწორად არ ჩათვალა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მცდელობად (სკ-ის 398-ე მუხლი), რამდენადაც შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 38-ე მუხლით შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტა სწორად დაადგინა ქვემდგომმა სასამართლომ, ამასთანავე, მან მართებულად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 32-ე, 44-ე, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლებით და სწორად დააკისრა დამსაქმებელს იძულებითი განაცდური (ზიანი), რომლის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე კასატორს დასაშვები შედავება არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მხარის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, მისი მტკიცება ემყარება ახალი რედაქციის შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილს, თუმცა საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ კანონის დროში მოქმედების პრინციპის გათვალისწინებით, უკვე შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის მიმართ შეუძლებელია გავრცელდეს სამართლის ის ნორმა, რომელიც შეწყვეტის შემდგომ ამოქმედდა და ამ ნორმის საფუძველზე მხარეს ჩამოერთვას საკუთარი უფლების დაცვის შესაძლებლობა, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით და სადავო სამართალურთიერთობაზე სწორად გაავრცელა სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 25.03.2016წ. #06595 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 920 ლარის 70% _ 3 444 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს“ (ს/#204861970) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 25.03.2016წ. #06595 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 920 ლარის 70% _ 3 444 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე