Facebook Twitter

საქმე №ას-307-292-2016 13 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სპს „ ჯ-ი“, სს „ე-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა და მისი ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ ჯ-ისა“ და სს „ე-ის“ (შემდგომში _ მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 23 მარტს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ _ ქონების იპოთეკით დატვირთვის ნაწილში ბათილად ცნობა, ამავე ნაწილში ნოტარიუს დ.ფ-ის მიერ 2014 წლის 22 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ოში მდებარე 16856 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრედ სახელმწიფოს აღიარება, კერძო აღმასრულებელ დ.ც-ის მიერ 2014 წლის 23 ივლისის მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებული სამართლებრივი აკრძალვის გაუქმება და ზემოხსენებული ქონების (ს/კ #...) ყადაღისაგან გათავისუფლება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ ჯ-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 29.11.2011წ. #29/11/15 განკარგულების საფუძველზე 2011 წლის 2 დეკემბერს შპს „ ჯ-თან“ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება კონკრეტული პირობებით, რომელთა შესრულება უნდა დადასტურებულიყო საქართველოს მთავრობის 30.12.2009წ. #1064 განკარგულებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში, გამყიდველი მხარის თანხმობით მყიდველს შეეძლო ქონების იპოთეკით დატვირთვა. 2013 წლის 22 მარტს მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და სესხის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის თანხმობის გარეშე, დაიტვირთა ზემოხსენებული ქონება, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. სააგენტოს თავმჯდომარის 27.08.2014წ. ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა 02.12.2011წ. ხელშეკრულება, თუმცა ქონების თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე რეგისტრაცია შეუძლებელია აღმასრულებლის მიმართვის საუძველზე რეგისტრირებული ყადაღის გამო (იხ. სარჩელი).

2. მოპასუხის პოზიცია:

სს „ე-მა“ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ იპოთეკით ქონების დატვირთვის თაობაზე მოსარჩელის თანხმობა შპს „ ჯ-ს“ ნასყიდობის საფასურის სრულ გადახდამდე ესაჭიროებოდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შემძენმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, შესაბამისად, მოსარჩელემ თავადვე გააუქმა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აკრძალვა, რის გამოც ახალი მესაკუთრე უფლებამოსილი იყო, გამყიდველის თანხმობის გარეშე გაეფორმებინა სადავო ხელშეკრულება, ამასთანავე, მოპასუხე დაეყრდნო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, რის გამოც იგი კეთილსინდისიერია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ოში მდებარე შპს „ ჯ-ის“ საკუთრებად რიცხული 16858 კვ.მ #... მიწის ნაკვეთი ცნობილ იქნა სახელმწიფოს საკუთრებად, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელესა და შპს „ ჯ-ს“ (შემდგომში _ ასევე შემძენი) შორის 2011 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემძენს 40 000 ლარის საპრივატიზაციო საფასურის გადახდის სანაცვლოდ უნდა გადასცემოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სოფელ ს-ოში მდებარე 16 858 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობები. 2011 წლის 2 დეკემბერს შემძენმა ნასყიდობის ფასი გადაიხადა, რის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის სახელზე აღირიცხა. ხელშეკრულების საფუძველზე შემძენმა იკისრა განსაზღვრული საპრივატიზაციო ვალდებულებანი. გარიგების 5.4 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება უნდა დაბრუნებოდა პრივატიზაციის განმახორციელებელ ორგანოს.

1.2.2. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით 2012 წლის 17 სექტემბრამდე გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაეცა.

1.2.3. მოპასუხეთა შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „ე-მა“ (შემდგომში _ ასევე იპოთეკარი) სამი თვის ვადით გადასცა 35 000 ევრო, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სსადავო მიწის ნაკვეთი.

1.2.4. იპოთეკართან გარიგების გაფორმებამდე, შემძენის უძრავი ქონება ფიზიკური პირის - რ. რ-ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იყო იპოთეკით დატვირთული. მოპასუხეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის სადავო უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი არ შეიცავდა ინფორმაციას 2011 წლის 2 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების (შეზღუდვების) თაობაზე.

1.2.5. 2014 წლის 22 ივლისს ნოტარიუსმა გასცა #... სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, მესაკუთრის მიერ 2013 წლის 22 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

1.2.6. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2014 წლის 27 აგვისტოს #... ბრძანებით, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, შემძენთან 2011 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული გარიგება ცალმხრივად მოიშალა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრივატიზებული ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საგანზე რეგისტრირებულია ყადაღა.

1.2.7. საქმის მასალებით არ დგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 23 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელი არაკეთილსინდისიერ იპოთეკარს წარმოადგენს.

1.2.8. მოსარჩელის მოთხოვნები სააღსრულებო ფურცლის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში გაუქმებისა და სადავო ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ, გამომდინარეობდა და დამოკიდებული იყო პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე. თუმცა, ვინაიდან არ კმაყოფილდებოდა სასარჩელო მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლიდან გამომდინარე, კანონიერი იყო როგორც სააღსრულებო ფურცელი, ისე, აღსრულების მიზნით რეგისტრირებული სამართლებრივი აკრძალვა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ: ქვემდგომმა სასამართლოებმა სს „ე-ი“ არასწორად მიიჩნიეს კეთილსინდისიერ იპოთეკარად, რადგანაც ნასყიდობის ხელშეკრულება ემყარებოდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის მე-6 პუნქტს (3.2 მუხლი); საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვაზე კასატორს თანხმობა არ განუცხადებია, ხოლო შემძენმა ყველა საპრივატიზაციო პირობა დაარღვია; ამ გარემოებათა არასწორი შეფასების გამო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მაშინ, როდესაც არსებობდა ამავე კოდექსის 54-ე მუხლის საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობები; სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლების დისპოზიცია, რადგანაც გარიგების ერთი მხარის არამართლზომიერი ქმედება გარიგების მართლსაწინააღმდეგოდ და ამორალურად მიჩნევის საკმარისი საფუძველია; ამგვარ ქმედებას ადგილი ჰქონდა შპს „ ჯ-ის“ მხრიდან, რომელმაც კასატორის მიერ ვალდებულების (ნასყიდობის საფასურის გადახდის) შესრულების შემდგომ ყოველგვარი ვალდებულებისაგან გათავისუფლებული ქონების გადაცემით ისარგებლა და გააფორმა სადავო გარიგება, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს.

1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების საკითხი (უძრავი ქონების თაობაზე დადებული სანივთო თუ სახელშეკრულებო გარიგებისას) დგება სწორედ მას შემდეგ, როდესაც ნებას გარკვეული ნაკლი გააჩნია, როგორიცაა მაგალითად, კასატორის მიერ მითითებული გარიგების ერთ-ერთი მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედება და თუნდაც სამოქალაქო უფლების არამართლზომიერი განკარგვა (სკ-ის 115-ე მუხლი), თუმცა, თუკი სახეზე გვაქვს საცილო გარიგება (და არა უცილოდ ბათილი, მაგალითად, ფორმის დაუცველი) დღის წესრიგში დგება შემძენის ინტერესების დაცვა, რომელიც სუბიექტურ ფაქტორს _ შემძენის ჭეშმარიტ კეთილსინდისიერებას ემყარება სადავო გარემოების მიმართ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი კლასიკური გაგებით, შეეხება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა ასევე არეგულირებს იმგვარ ურთიერთობებს, რომლებიც შეეხება ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც, ანუ ამ ნორმათა ანალიზით, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობას, შემძენს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ მდგომარეობას არა არსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა (სკ-ის 185-ე მუხლი). დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე - რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე (იხ. სუსგ №ას-394-373-2013, 20 მაისი, 2014 წელი). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს შპს „ე-ის“ არაკეთილსინდისიერებაზე, თუმცა რაიმე გარემოება, რაც იპოთეკარის მიერ (რომელიც რეესტრის უტყუარობის პორეზუმფციას ემყარებოდა) უფლების ხარვეზის შესახებ ინფორმირებას დაადასტურებდა, კასატორს არ მიუთითებია.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე