Facebook Twitter

საქმე №ას-220-210-2016 13 მაისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, 500 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა და მისი ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-იას (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ნ. მ-ის მამობის დადგენა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, ასევე, ალიმენტის _ ყოველთვიურად 1 000 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რის შედეგადაც შეეძინათ შვილი. იმის გათვალისწინებით, რომ შვილის დაბადების დროისათვის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ბავშვის დაბადების რეგისტრაცია დედის განცხადების საფუძველზე განხორციელდა. მოპასუხე არ ასრულებს მშობლის მოვალეობებს, არ იჩენს მორალურ და მატერიალურ მზრუნველობას, ამასთან, შრომით ურთიერთობაშია შპს „R-თან“ და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 3 000 ლარს. მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტი გამართლებულია იმითაც, რომ მცირეწლოვანი დაბადებიდან საჭიროებს მუდმივ მკურნალობას (იხ. სარჩელი).

2. მოპასუხის პოზიცია:

მამობის დადგენის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ დასაქმებული იყო არა მითითებულ საწარმოში, არამედ შპს „R-ში“, საიდანაც გათავისუფლდა, აქვს ბანკის მიმართ სასესხო ურთიერთობა და მის კმაყოფაზე იმყოფებიან პენსიონერი მშობლები (იხ. შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ცნობილ იქნა 2011 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ნ. მ-ის (პ/ნ ...) მამად. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დაევალა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცვლილების შეტანა 2011 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ნ. მ-ის დაბადების №... სააქტო ჩანაწერში და დაბადების მოწმობის გაცემა, სადაც მამის გრაფაში მითითებული იქნება მოპასუხე. ამავე გადაწყვეტილებით ნ. გ-იას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2014 წლის 16 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მოითხოვა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით 1 000 ლარის დაკისრება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2014 წლის 16 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე 2011 წლის 5 აგვისტოს დაბადებული ნ. მ-ის დედაა, ხოლო მოპასუხე - მამა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან.

1.2.2. მოსარჩელე მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების დეპარტამენტის საიდუმლო წარმოების განყოფილების უფროსად და მისი ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1 688,24 ლარს.

1.2.3. მოპასუხე 2012 წლის 6 ივლისიდან 2014 წლის 21 ოქტომბრამდე მუშაობდა სს „R-ში“ უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1 125 აშშ დოლარს. 2014 წლის 28 ოქტომბერს, მოპასუხესა და სს „R-ს“ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

1.2.4. 2011 წლის 5 აგვისტოს დაბადებულ მცირეწლოვანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (განვითარების ზოგადი აშლილობა) და საჭიროებს გრძელვადიან მკურნალობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ ხარჯებს. ნეიროგანვითარების ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის თანახმად, არასრულწლოვნის მკურნალობის ორი კურსის (ორი თვე) ღირებულება (გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია) 1 450 ლარს შეადგენს; 2015 წლის 5 სექტემბრის ცნობის თანახმად, მცირეწლოვანმა გაიარა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, სადაც ყოველთვიური გაკვეთილების საფასური შეადგენს 200 ლარს; მოსარჩელის განმარტებით, ბავშვი ქცევით თერაპევტსა და ლოგოპეტთან ინდივიდუალურ მუშაობას კვირაში მინიმუმ ოთხჯერ მაინც საჭიროებს. მკურნალობის ხანგრძლივობა გაურკვეველია; შპს „გ-ის“ ანგარიშფაქტურის მიხედვითაც, ლოგოპედის ინდივიდუალური მუშაობა 25 ლარი ღირს, ფსიქოლოგის კონსულტაცია 50, ხოლო ქცევითი თერაპევტის ინდივიდუალური მუშაობა 23 ლარი, შესაბამისად, ბავშვს, ყოველთვიურად, მინიმუმ 626 ლარის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება.

1.2.5. საქმის მასალების თანახმად, დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმება შრომითი საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე შემდგარია სწორედ იმ დღეს, როდესაც მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი, რაც ეჭვქვეშ აყენებს შრომითი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სარწმუნოობას, თუმცა მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა გულისხმობს არა იმას, მოცემული მომენტისათვის მშობელი არის თუ არა დასაქმებული. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის დასაქმებულობაზე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ: სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, არ გაიზიარა მოპასუხის რეალური ქონებრივი მდგომაროება, რომ არის იძულებით გადაადგილებული პირი, ჰყავს ხუთსულიანი ოჯახი და ეძლევა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება; მოსარჩელესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ოჯახის შექმნის განზრახვა არც ერთ მხარეს არ ჰქონია; მოსარჩელის კასატორისადმი დამოკიდებულება განპირობებულია ამ უკანასკნელის მიერ ოჯახის შექმნით, კერძოდ, მოახლოებული ქორწინების თარიღს ემთხვევა სარჩელის აღძვრის დრო; კასატორი არის უმუშევარი, რის მიუხედავადაც, იგი თანახმაა, ნებაყოფლობით გადაიხადოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტი; ის გარემოება, რომ კასატორი ბანკის მიმართ ასრულებს ვალდებულებას, ხორციელდება არა მისი, არამედ მეგობრების დახმარებით, ამასთანავე, სასამართლო გადაწყვეტილებით მას ვალდებულების შესრულება დაეკისრა სხვა საფინანსო ორგანიზაციის მიმართაც. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხე აღარ იყო დასაქმებული, ამასთანავე, მის კმაყოფაზე იმყოფებიან მშობლები, რომელთა ასაკის გათვალისწინებით დასტურდება, რომ არიან პენსიონრები, ასევე ჰყავს მეუღლე და შვილი. ყოფილ დამსაქმებელთან ორმხრივი ნების გამოვლენა განაპირობა კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების აუცილებლობამ. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლები.

1.5. საკასაციო პრეტენზიების წინააღმდეგ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1. მუხლით აღიარებულია მონაწილე სახელმწიფოთა პოზიტური ვალდებულება, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვან ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ნორმის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27.2. მუხლი კი, განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყოფნ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხისას, სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი საუკეთესო ინტერესი, მით უფრო, როდესაც უფლების მქონე პირი საჭიროებს მუდმივ მკურნალობასაც. გასათვალისწინებელია, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომაროების შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმედუუნაროები და არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სუბსიდია პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით, იხ. სკ-ის 1182-ე-1183-ე, ასევე 1218.2 მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1214-ე მუხლები და სწორად განმარტა ისინი.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს მისმა ავტორმა დაურთო მტკიცებულებები და იშუალმდგომლა მათი საკასაციო პალატის მიერ მიღების თაობაზე.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად (ს.ფ. 361-376; 379).

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 23.02.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. გ-იას (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.02.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. ნ.გ-იას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად (ს.ფ.361-376; 379).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე