Facebook Twitter

№ა-1579-შ-37-2016 14 ივნისი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ეკატერინე გასიტაშვილი

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ს.ა.

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ა.

განხილვის საგანი - ალიმენტის დაკისრების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ს.ა–ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ე.ა–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა მისი შვილის მ.ა–ის სრულწლოვანების მიღწევამდე ყოველთვიურად 108 მანათის ოდენობით.

ს.ა–მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ალიმენტის დაკისრების თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.ა–მ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტიორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სათანადოდ დამოწმებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ადგილი; ის ჯეროვნად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილი თაობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა; ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, ამასთანავე, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით ს.ა.ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში, რის თაობაზეც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს, მასვე ჩაბარდა ს.ა.ს შუამდგომლობა თანდართული მასალებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ოს.ა–ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ა–ს სარჩელი ე.ა–ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა, ე.ა–ს ს.ა–ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი მ. ა–ის რჩენისათვის ყოველთვიურად, დაეკისრა ალიმენტის გადახდა 108 მანათის ოდენობით შვილის სრულწლოვანებამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.ა–მ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტიორიაზე ცნობა და აღსრულება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, აზებაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ხათაის სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ა–ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ა–ს ს.ა–ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის მ. ე. ა. ოღლის რჩენისათვის 2015 წლის 14 მაისიდან ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის 108 მანათის გადახდა სრულწლოვანებამდე.

3 განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი