№010210014511054
საქმე №ას-74-71-2016 25 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ- ჩ-ი, მ- ს-ე (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ- და ზ- მ–ები, ა- მ-ა (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1. ა- მ-ამ, გ- და ზ-მ–ებმა (შედგომში: „მოსარჩელეებმა“ ან „კრედიტორებმა“) სარჩელი აღძრეს ვ-- ჩ-ისა და მ- ს-ის (შემდგოში: „მოპასუხეების“ ან „მოვალეების“) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:
1.1. მ- ს-ისათვის ა- მ-ას სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება;
1.2. ვ- ჩ–ისათვის ზ- მ–ის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის დაკისრება;
1.3. ვ- ჩ–ისათვის გ- მ–ის სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ გ-მ–სა და ვ- ჩ–ს შორის ჩამოყალიბებული იყო ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. გადაწყდა ბიზნეს საქმიანობის ერთობლივად გაძღოლა და ქ.ბათუმში შპს „დ-ისა“(შემდეგში: „კომპანიის“) და შპს „ს-ს“ დაფუძნება. ბიზნეს საქმიანობის ხელშესაწყობად მოსარჩელეები მოპასუხეებს ურიცხავდნენ ფულად თანხებს.
3. მოგვიანებით, მოსარჩელეებმა შეიტყვეს, რომ გადარიცხული ფულადი თანხები გაიხარჯა არამიზნობრივად.
4. მოსარჩელეებმა გადარიცხული თანხების დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად დაასახელეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომიდნარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
II. მოპასუხის პოზიცია
5. მოპასუხეებმა წარმოდგენილი კვალიფიციური შედავებით უარყვეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და სადავო ფულადი თანხის გადმორიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად დაასახელეს ფულადი ვალდებულების შესრულება (გ-მ–სა და შპს „დ-ს“ შორის 2011 წლის 24 მაისისა და 2011 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება).
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მ- სეს დაეკისრა ა-მ-ას სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდა. ვ- ჩ–ს დაკისრა ზ- მ–ის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის გადახდა. ვ-– ჩ-–ს დაეკისრა გ- მ–ის სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარის გადახდა.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
7. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
8. ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2011 წლის 8 ივნისს ა- მ-ამ მ-ს-ეს რუსეთის ფედერაციიდან გაუგზავნა 5000 აშშ დოლარი.
- 2012 წლის 13 აპრილს ზ- მ–მა რუსეთის ფედერაციიდან ვ- ჩ–ს გაუგზავნა 5000 აშშ დოლარი.
- გ- მ–მა ვ- ჩ–ს რუსეთის ფედერაციიდან სხვადასხვა დროს გაუგზავნა 5000 - 5000 აშშ დოლარი, სახელდობრ: 2011 წლის 25 მაისს; 2011 წლის 08 ივნისს; 2011 წლის 1 ივნისს; 2011 წლის 14 ივნისს; 2012 წლის 11 აპრილს; 2012 წლის 27 აგვისტოს. ჯამში, გადაცემულია 30 000 აშშ დოლარი.
10. ზემოთ მითითებული ფულადი თანხა დაბრუნებული არ არის.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა კვალიფიციური შედავება სადავო თანხის, როგორც კომპანიის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, მითითებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის გამო.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, იმასთან დაკავშირებით, რომ გ. მ-ს არანაირი შესასრულებელი ვალდებულება არ ჰქონდა ვ. ჩ-ის, როგორც ფიზიკური პირის მიმართ; არც ა. მ-ასა და ზ. მ–ის მხრიდან მოპასუხეების მიმართ რაიმე ვალდებულების არსებობა დადასტურდა და დადგენილ იქნა ისიც, რომ გ. მ–სა და კომპანიას შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა შემხებლობაში არ იყო განსახილველ დავასთან.
13. საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხეებისათვის სხვადასხვა დროს თანხების გადაცემა შეაფასა რა სამართლებრივად, მიიჩნია, რომ მხარეებს შორის წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 623-ე, 624-ე მუხლებით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
14. ხოლო ფულადი ვალდებულების არსებობის/თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიზნებისათვის სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 427-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები იმაში მდგომარეობს, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ, კასატორი აღნიშნავს, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების პირობებში, რომ თავად მოსარჩელეები უარყოფდნენ მხარეთა შიორის სასესხო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, სასამართლომ მაინც სესხის სამართლებრივი კვალიფიკააცია მისცა მათ და აღნიშნული მსჯლეობა დაუდო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების წარმოშობას სასამართლომ საფუძვლად დაუდო მხოლოდ თანხის გადარიცხვის (გადაგზავნის) დოკუმენტი.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მისი პრეტენზია საქმის მასალებში წარმოდგენილი რუსულენოვანი გზავნილის ბლანკის არასწორ ქართულ თარგმანთან დაკავშირებით, რაც უმართებულო იყო, ვინაიდან, გზავნილის თარგმანში არ ფიქსირდება გადარიცხვის დანიშნულება – მიმდინარე ხარჯებისათვის, რაც დამატებით გამორიცხავს სასესხო ურთიერთობის არსებობას.
17. გარდა ამისა, ისე მიეცა საქმის ფაქტობრივ-გარემოებებს სამართლებრივი შეფასება, რომ სასამართლოს სასესხო ურთიერთობის ფორმა არ გაურკვევია (ზეპირი თუ წერილობითი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
VII. საკასაციო პალატის დასკვნები:
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა ფულადი ვალდებულების არსებობა. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებაზეა დამყარებული, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ, იმ ფაქტობრივი გარემოების პირობებში, რომ თავად მოსარჩელეები უარყოფდნენ მხარეთა შორის სასესხო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, სესხის სამართლებრივი კვალიფიკაცია არ იყო საქმის გარემოებებით ნაკარნახევი (იხ., პპ:6).
20. კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატა იზიარებს და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით კასატორმა წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 393-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია, რაც გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) სსკ-ის 623-ე მუხლის არასწორ გამოყენებასა და განმარტებაში.
21. საკასაციო საჩივრის საფუძვლების (კასაციის მიზეზების) საფუძვლიანობის შემდგომი კვლევისათვის, უნდა შემოწმდეს მოსარჩელეთათვის სადავო თანხის გადაცემის მიზნობრიობა (დანიშნულება) და თანხის გადახდის შესახებ შემხვედრი ვალდებულების არსებობა.
22. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- 2011 წლის 8 ივნისს ა-მ-ამ მ-ს-ეს რუსეთის ფედერაციიდან გაუგზავნა 5000 აშშ დოლარი.
- 2012 წლის 13 აპრილს ზ- მ-მა რუსეთის ფედერაციიდან ვ- ჩ-–ს გაუგზავნა 5000 აშშ დოლარი.
- გ-- მ–მა ვ-- ჩ–ს რუსეთის ფედერაციიდან სხვადასხვა დროს გაუგზავნა 5000 - 5000 აშშ დოლარი, სახელდობრ: 2011 წლის 25 მაისს; 2011 წლის 08 ივნისს; 2011 წლის 1 ივნისს; 2011 წლის 14 ივნისს; 2012 წლის 11 აპრილს; 2012 წლის 27 აგვისტოს. ჯამში, გადაცემულია 30 000 აშშ დოლარი.
გადარიცხვის დანიშნულება: მიმდინარე ხარჯები.
ზემოთ მითითებული ფულადი თანხა დაბრუნებული არ არის (იხ., განჩინების პპ: 9; 10).
23. მოპასუხეთა კვალიფიციური შედავებით უარყოფილია მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა.
ამასთან, სადავო თანხის მიღებას მოპასუხეები არ უარყოფენ, არამედ თანხის მიღებას სხვა ვალდებულების არსებობას უკავშირებენ, რომელი ვალდებულების არსებობა მათ მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით ვერ დადასტურდა.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან (მის აბსტრაქტულ კომპონენტებთან).
25. მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა ეფუძნება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხე სადავოდ ხდის. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზიაც სწორედ მოცემული სამართალურთიერთობის ფორმას შეეხებოდა, სახელდობრ, კასატორები გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის ერთ-ერთ მოტივად იმასაც მიიჩნევენ, რომ სასამართლომ ისე მიანიჭა სადავო თანხის გადარიცხვას სესხის ხელშეკრულების კვალიფიკაცია, რომ არც უმსჯელია მხარეთა შორის სადავო ურიერთობა რა ფორმით არსებობდა (ზეპირი თუ წერილობითი).
26. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატის მითითებით კანონის ეს მოთხოვნა განპირობებულია მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შინაარსით, მისი ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით.
27. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებლი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ სადავოდ ქცეული სასესხო ურთიერთობის დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი მტკიცებულებების ესა თუ ის სახე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერ დოკუმენტი თუ, მოწმის სტატუსით დაკითხულ პირთა ნებისმიერი შინაარსის ჩვენება დაედოს საფუძვლად საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. ამ თვალსაზრით, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას თანხის გადარიცხვისათვის სესხის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების ნაწილში და განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა ფულადი თანხის გამოგზავნის და ამ თანხის მოპასუხეთა მიღების ამასახველ საბანკო ამონაწერებზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და საფუძვლად ვერ დაუდებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსსა და ამ ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობაზე. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ კომპონენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.
29. საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სასესხო ვალდებულების თავისებურებებზე, რომელიც მოცემულია სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესში, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც (მტკიცების საგანი).
რაც შეეხება სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპს, აღნიშნული მდგომარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაში. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სახელდობრ, სსკ-ის 624-ე მუხლის მე-2 წინადადებაზე, რომელშიც სწორედ ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების თავისებურებებზეა ყურადღება გამახვილებული და დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სსსკ-ის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეები, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხეებთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულნი არიან მიუთითონ (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი).
მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას.
ამდენად, როგორც აღინიშნა მოპასუხეებთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეებს ეკისრებოდათ, მით უფრო, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტი და სადავოდ გახადა მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა (სასესხო ურთიერთობის არსებობა). სსკ-ის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებების სახე. მართალია მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს სადავო თანხის გადმოგზავნის გზით მოპასუხეებისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. პირიქით, გადახდის დანიშნულებად მითითებულია - მიმდინარე ხარჯები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოა თანხის გადაცემის დანიშნულება (სამართალურთიერთობის კვალიფიაციისათვის) მხოლოდ მოპასუხეთა სახელზე სადავო თანხის გადმოგზავნა და ამ თანხის მიღების ფაქტით, არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა.
30. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენდა მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, რაც თავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს (სკ-ის 361-ე მუხ.) უმართებულოა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
33. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
35. მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლის წინააღმდეგ საპროცესო ნორმების დარღვევის თვალსაზრისით წარმოდგენილი არ არის დასაშვები საკასაციო პრეტენზია (პპ: 22, 23) საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სწორედ მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნება წარმოადგენს. მეტი სიცხადისათვის, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
36. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.
37. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრებას, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებას წარმოდგენილი შესაგებელი არ აბრკოლებს, რადგანაც მასში არაა მითითება დაბრუნების კონდიქციის შემაფერხებელ სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე წანამძღვრების არსებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივად ვარგის საფუძვლად სწორედ სსკ-ის 976-ე მუხლი უნდა იქნეს მიჩნეული.
38. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შეცვლის შედეგად უნდა დაკმაყოფილედეს მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.
39. საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ- ჩ-ისა და მ-ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე