№330210014539209
საქმე №ას-242-230-2016 06 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი- კ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-ია“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვარის განჩინება და ამავე თარიღის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება; მტკიცებულებათა დართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი- კ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა მოპასუხე სს „ე-ია“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი ან საზოგადოება) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის აღდგენა გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე; მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
II. მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვარის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე თარიღის საოქმო განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა საქმისათვის დამატებითი მტკიცებულებების დართვაზე.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 01.12.2010წ.-ს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა აჭარის ფილიალის ფოთის მომსახურების ცენტრში (შემდგომში: მოპასუხის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრი) ტექნიკოსის თანამდებობაზე. ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით. დასაქმებულის დარიცხული შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 700 ლარით.
7. ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამუშაო გრაფიკი განისაზღვრებიდა დამსაქმებლის მიერ დადგენილი სამუშაო და ცვლიანობის გრაფიკის და შინაგანაწესის შესაბამისად. დასაქმებული ვალდებული იყო გაცნობოდა სამუშაოს და ცვლიანობის განრიგს ან/და შინაგანაწესს და თავის მუშაობა წარემართა მის შესაბამისად.
8. 06.11.2013წ.-ს დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოთხოვნის ფორმის თანახმად, დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენდა მომსახურების ცენტრში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი. კერძოდ, თანამშრომლებს შორის მომხდარ კონფლიქტში და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა, რაც წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და კომპანიის შინაგანაწესის დარღვევას. აღნიშნული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა.
9. 29.05.2014წ.-ს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოთხოვნის ფორმის თანახმად, დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენდა დასაქმებულის სამოქმედო არეალში აღმოჩენილი დარღვევები, კერძოდ, ადგილი ჰქონდა დატაცებას, რის საქმის კურსშიც იმყოფებოდა მოსარჩელე და დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
საქმეში წარმოდგენილი 29.05.2014წ.-ის დადგენილების თანხმად, ელ. ენერგიის მოხმარებისათვის დადგენილი აღრიცხვის წესების დარღვევის გამო, სამართალდამრღვევად მიჩნეული იქნა შპს „მ-ა''. დადგენილების შესაბამისად, დამრღვევი ორგანიზაციის წარმომადგენელი დ. ფ–ი ადასტურებს, რომ სამართალდარღვევა განხორციელდა უბნის ტექნიკოსის (მოსარჩელე) დახმარებით.
საქმეში წარმოდგენილი 21.05.2014წ. -ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ხელმოწერილი დ. ფ–ის მიერ) თანახმად, ხორციელდებოდა ელ.ენერგიის დატაცება დამატებითი სადენის მეშვეობით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ასახულია დამრღვევის ახსნა-განმარტება იმის შესახებ რომ „ესაჭიროებოდა ნათურების ჩართვა, ვინაიდან ობიექტის კუთვნილი 3 ფაზა ელ. მრიცხველიდან შიდა მონტაჟი გაკეთებული არ იყო, საჭირო გახდა ფაზა-ნოლის სადენის დაერთება, რომელიც ჩაართვევინა უბნის ინსპექტორს''.
დამსაქმებლის 29.05.2014წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს 30.05.2014წ.-ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
10. სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
11. საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრის შინაგანაწესის 3.12.3 მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) წერილობითი საყვედური; გ) ფინანსური ჯარიმა; დ) დაქვეითება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება; ე) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, კერძოდ, 2013 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. შესაბამისად, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა 29.05.2014წ.-ს დარღვევის აღმოჩენისას მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ უფრო მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოსარჩელისათვის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები:
13 გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადინა აპელანტმა. მანვე მოითხოვა დამატებითი მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება.
14. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ მისთვის გათავისუფლების მიზეზები დამსაქმებელს არ განუმარტავს.
15. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამართალდარღვევის ოქმს და აღნიშნავს, რომ დ. ფ-ის განმარტება არ იყო ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად დაფიქსირებული.
16. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიკვლია განჩინების 4.2 პ. მითითებული გარემოება. კონფლიქტი, რაზედაც მხარე საუბრობდა უკავშირდებოდა ფილიალის მმართველის ოჯახის წევრებს. სასამართლომ გვერდი აუარა იმაზე მსჯელობას თუ რა ინტერესი იყო მოსარჩელის მიმართ დევნის მიზნით.
17. კასატორი არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ 21.05.2014წ.-ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ესწრებოდა მოსარჩელეც.
18. კასატორი აღნიშნავს, რომ დ. ფ–ი სანოტარო აქტში მიუთითებდა განმარტების უსწორობაზე და მისი მიზანი იყო დაჯარიმების თავიდან არიდება, რაც შეძლო კიდევაც. მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა საბუღალტრო დოკუმენტი, რომლითაც არაერთხელ მოხდა მისთვის ელ.ენერგიის ჩაჭრა და მიერთება, დარღვევები და ა.შ, რაც სააპელაციო სასამართლომ საქმეს არ დაურთო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
VII. საკასაციო პალატის დასკვნები:
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სშკ-ის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებას და აღნიშნავს, რომ მის მიერ დარღვეული არ ყოფილა შრომითი მოვალეობები. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივი გარემოებებზე:
- დამსაქმებლის 29.05.2014წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს 30.05.2014წ.-ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი.
საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრის შინაგანაწესის 3.12.3 მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) წერილობითი საყვედური; გ) ფინანსური ჯარიმა; დ) დაქვეითება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება; ე) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, კერძოდ, 2013 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა 29.05.2014წ.-ს დარღვევის აღმოჩენისას მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ უფრო მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოსარჩელისათვის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შრომით სამართალში მოქმედი Ultima Ratio-ს პრინციპის (რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა უნდა შეფასებულ იქნეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით) დარღვევას ადგილი არ აქვს.
22. კასატორი ასაჩივრებს 21.01.2015წ.-ის საოქმო განჩინებასაც, რომლითაც მას უარი ეთქვა საქმისათვის დამატებითი მტკიცებულების დართვაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების პროცესუალურ საფუძვლებზე კასატორს არ მიუთითებია. შესაბამისად, არც ამ ნაწილშია საკასაციო საჩივარი გასაზიარებელი.
23. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე. შესაბამისად, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სშკ-ის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისათან დაკავშირებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი- კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ი- კ-ეს უკან დაუბრუნდეს სს „ე-იას“ პირველადი პროფკავშირული ორ.-ის მიერ 2016 წლის 25 მარტს ელექტრონული საგადახდო დავალებით N...გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე