Facebook Twitter

№330210014607487

საქმე №ას-327-312-2016 18 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ააიპ თბილისის განვითარების ფონდი (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – დ-- ა-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვარის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

I. სასარჩელო მოთხოვნა

1. დ-- ა-მა (შემდეგში მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა ააიპ თბილისის განვითარების ფონდის (შემდეგში მოპასუხე ან აპელანტი ან დამსაქმებელი ან ფონდი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის აღდგენა გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე; მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.

II. მოპასუხის პოზიცია

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ფონდის 2014 წლის 19 აგვისტოს N02-52 ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 6 თვის ხელფასის ოდენობით; სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

4. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვარის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 21 თებერვალს მხარეებს შორის, განუსაზღვრელი ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ფონდში დაიკავა მრჩევლის თანამდებობა; ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი განისაზღვრა 4 500 ლარით.

7. ფონდის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №02-52 ბრძანებით, მოსარჩელე ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის N20.10.964 დადგენილებით დამტკიცებული ააიპ თბილისის განვითარების ფონდის წესდების 6.3.10. ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობიდან.

8. ფონდის თავმჯდომარის 2014 წლის 8 სექტემბრის წერილით, ასევე მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა გამოიხატა თავმჯდომარის თანხმობის გარეშე სამსახურის თვითნებურ მიტოვებაში.

9. 2014 წლის 21 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების 2.4.4. პუნქტის თანახმად, დასაქმებული უფლებამოსილია ისარგებლოს კუთვნილი შვებულებით კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობების გათვალისწინებით.

ამავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, რომელიც შეადგენს წელიწადში 24 სამუშაო დღეს. აღნიშნული უფლება დასაქმებულს წარმოეშობა დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის 11 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, თუ დამსაქმებელი არ დაუშვებს ინდივიდუალურ გამონაკლისს.

10. სშკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.

სშკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.

11. ფონდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე შედგენილი განცხადებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 29 ივლისს დასაქმებულმა განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა კუთვნილი შვებულება 2014 წლის 4 აგვისტოდან. განცხადებაზე ფიქსირდება ორგანიზაციის კანცელარიაში რეგისტრაციის დამადასტურებელი შტამპი და შესაბამისი სააღრიცხვო ნომერი კ-27, ასევე განცხადებაზე დაფიქსირებულია ფონდის მოვალეობის შემსრულებლის ტ. ც---ის რეზოლუცია 29.07.2014წ.-ის თარიღით.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობას კანონმდებელი უკავშირებს მუშაობის დაწყებიდან თერთმეტი თვის გასვლას, თუმცა უშვებს საგამონაკლისო შემთხვევასაც და ამ ვადის დაუცველად დასაქმებულის მიერ შვებულების გამოყენებას მხარეთა შეთანხმებას მიანდობს. დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასაქმებულს აღნიშნული უფლება წარმოეშობოდა დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის 11 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, თუ დამსაქმებელი არ დაუშვებდა ინდივიდუალურ გამონაკლისს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფონდში, სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდეც მუშაობდა.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო ფონდში უწყვეტად 11 თვის განმავლობაში და ჰქონდა უფლება ესარგებლა კუთვნილი შვებულებით, რის თაობაზეც მიმართა 2014 წლის 29 ივლისს უფლებამოსილ თანამდებობის პირს და მოითხოვა კუთვნილი შვებულება 2014 წლის 4 აგვისტოდან. ფონდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ბრძანება დასაქმებულისათვის კუთვნილი შვებულების გამოყენებაზე თანხმობის შესახებ გამოცემული არ ყოფილა. საქმეში წარმოდგენილია ფონდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ახსნა-განმარტება, სადაც იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის მიერ დაკმაყოფილებული იქნა განცხადება და დასაქმებულს მიეცა კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ვადით 2014 წლის 4 აგვისტოდან.

14. „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-7 მუხლის თანახმად - ამ კონვენციის დებულებათა ეფექტურად განხორციელების გასაიოლებლად ყოველი დამქირავებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ მოწონებული ფორმით უნდა აწარმოებდეს ჩანაწერს, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს ა) მის მიერ დაქირავებული ყოველი პირის მიერ მუშაობის დაწყების თარიღი და იმ ყოველწლიური ფასიანი შვებულების ხანგრძლივობა, რომლის უფლებაც ყოველ ასეთ პირს აქვს; ბ) ყოველი პირის ყოველწლიური ფასიან შვებულებაში გასვლის თარიღი; გ) ყოველი პირის მიერ მიღებული ჯილდო ყოველწლიური ფასიანი შვებულების პერიოდში.

ამავე კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად - ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს ყოველწლიური ფასიანი შვებულების უფლებას ან არ იძლევა ასეთი შვებულების უფლებას, ითვლება ბათილად.

15. სშკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

16. ამდენად, დამსაქმებელს აქვს როგორც უფლებამოსილება, ასევე ვალდებულება განსაზღვროს ანაზღაურებადი შვებულების მიცემის წესი და რეგულაციები, რათა არ დაირღვეს, ან არ შეიზღუდოს დასაქმებულის ყოველწლიური ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ ფონდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ არ გამოცემულა არც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ბრძანება და ამის თაობაზე დ. მოსარჩელისათვის არ უცნობებიათ. ასევე, ის ფაქტი, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ მოხდა თუ არა სათანადო წესით მოსარჩელის 2014 წლის 29 ივლისის განცხადების განხილვა და შესაბამისი წესით შვებულების გაფორმება თანამშრომელზე, არ უნდა გახდეს ამ თანამშრომლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო წესით მიმართა ხელმძღვანელ თანამდებობის პირს შესაბამისი განცხადებით და ჰქონდა სრული საფუძველი ევარაუდა, რომ მისი განცხადება შვებულების თაობაზე დაკმაყოფილებულია და შესაბამისად არ ჰქონდა ვალდებულება გამოცხადებულიყო სამსახურში.

17. სშკ-ის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამავე ნორმის მეორე ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად - შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია ანაზღაურებადი შვებულება.

ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა „ბ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, დასაქმებულს შვებულების პერიოდში შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან და არ ჰქონდა ვალდებულება გამოცხადებულიყო სამსახურში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

19. სშკ-ის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და მოპასუხეს კომპენსაციის სახით დააკისრა 6 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, რაც შეეხება ფონდის სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში აპელანტის მიერ დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ იყო.

20. მოსარჩელისათვის კომპენსაციის 6 თვის ხელფასის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში კი, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ ნაწილში თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი არ იყო, რადგან ეს თნხა აკმაყოფილებდა მხოლოდ დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის მინიმალურ სტანდარტს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით იყო დადებული, მას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი ხანგრძლივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფილიყო დამსაქმებელთან, რომ არა სადაო ბრძანება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დაკისრებული კომპენსაციის შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

21. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადინა აპელანტმა.

22. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა სშკ-ის 37.1.„ზ“ პუნქტი. მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი მოვალეობები, რაც გამოიხატა ფონდის თავჯდომარის თანხმობის გარეშე სამსახურის თვითნებურ მიტოვებაში. კასატორი იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ფონდის თავმდომარის თანხმობა, რომელიც წარმოადგენდა შვებულებაში გასვლის აუცილებელ წინაპირობას. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 328-ე მუხლი, რომელიც ხელშეკრულების ნამდვილობას კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვას უკავშირებს. სასამართლო დაეყრდნო ფონდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რეზოლუციას, რომელიც მოსარჩელისათვის კუთვნილი შვებულების გამოყენებაზე ნებართვის მიცემად ვერ შეფასდება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა სშკ-ის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც შვებულების გამოყენების წინაპირობად მუშაობის 11 თვის უწყვეტ მუშაობას

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

VII. საკასაციო პალატის დასკვნები

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 08 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობას და წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას ძირითადად იმავე გარემოებებსა და მოსაზრებებს აფუძნებს, რასაც ეფუძნებოდა მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომელთან დაკავშირებითაც დადგენილ იქნა იმგვარი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც უალტერნატივოდ იწვევდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგს. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევას მიიჩნევს. საკასაციო პალატას მიაცნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისათან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა (იხ., საქმე №ას-776-733-2015 , 02 დეკემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-1028-970-2015, 03 თებერვალი, 2016 წელი; საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1,350.00 ლარის 70% - 945.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ააიპ თბილისის განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ააიპ თბილისის განვითარების ფონდს უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 31 მარტს საგადახდო მოთხოვნით N.. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1,350.00 ლარი) 945.00 ლარი შემდეგი ანგარიშიდან ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე