Facebook Twitter

№010210014489325

საქმე №ას-1006-950-2015 06 მაისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ-ი“ (თავდაპირველი მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

I. სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ტ-მა“ (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი აღძრა შპს „ბ-ის“ (შემდეგში: შეგებებული სარჩელის ავტორი ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 2014 წლის 03 იანვარს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება და ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის - 1 427 650 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

II. მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა: გაწეული მომსახურების ღირებულების დავალიანების - 113 464.66 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის გადაცილებისათვის 352 515.11 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; მომსახურების ღირებულებასა და საბაზისო ღირებულებას შორის ფასდაკლების სხვაობის 206 912 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; ტვირთის გარანტირებული მინიმალური ოდენობის მიუწოდებლობის გამო ნავსადგურზე მიყენებული ზიანის - 1 611 606.70 აშშ დოლარისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -245.65 აშშ დოლარი შეგებებული სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების მიღებამდე.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თავდაპირველ მოსარჩელეს დაეკისრა დავალიანების - 113 464.66 აშშ დოლარის ანაზღაურება; მომსახურების ღირებულებასა და საბაზისო ღირებულებას შორის ფასდაკლების სხვაობის - 206 912 აშშ დოლარის ანაზღაურება; პირგასამტეხლოს - 50 000 აშშ დოლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით შეგებებული სარჩელის ავტორის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 3 იანვარს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ/ექსპედიტორმა აიღო ვალდებულება 2014 წლის განმავლობაში ნავმისადგომების გავლით გადაეტვირთა მინიმუმ 1 250 000 ტონა 3.2. მუხლით შეთანხმებული დასახელების ტვირთი.

9. ხელშეკრულების 3.4. მუხლით ნავსადგურმა ექსპედიტორს საერთოდ, 20%-ით, ხოლო ამონიუმის ნიტრატზე - 18%-ით საბაზისო ტარიფთან შედარებით დაუკლო გადასახდელი თანხა გადასაზიდ ტვირთებზე; ეს პირობა იმოქმედებდა ექსპედიტორის მიერ, მხოლოდ, ხელშეკრულების 3.12 მუხლით გათვალისწინებული პირობის დაცვის შემთხვევაში.

10. ხელშეკრულების 3.12. მუხლით ექსპედიტორი ვალდებული იყო, არაუგვიანეს, 15 თებერვლისა, ნავსადგურისათვის წარედგინა საბანკო გარანტია 550 000 აშშ დოლარის ოდენობით და ნავსადგურის მიერ გაწეული მომსახურებისა და ნავსადგურის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს დროული ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ჩაერიცხა ნავსადგურის ანგარიშზე ფულადი დეპოზიტი, 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

11. ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 1 აპრილამდე. ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე/ექსპედიტორი ახორციელებდა გადატვირთვას და სარგებლობდა შეღავათიანი ტარიფით, თუმცა მას არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტია წარუდგენია და არც დეპოზიტზე განუთავსებია თანხა.

12. ხელშეკრულების 3.6. მუხლით ნავსადგურმა დაადასტურა, რომ გარდა ექსპედიტორისა არც-ერთი სხვა პირი არ ისარგებლებდა ხელშეკრულების 3.2. მუხლში მითითებული სახეობის ტვირთებზე (გარდა წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღისათვის ნავსადგურსა და მესამე პირებს შორის დადებული ტვირთის გადატვირთვის ხელშეკრულებაში მითითებული ტვირთისა) რაიმე შეღავათით ან/და ფასდაკლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საექსპედიტორო კომპანია, კლიენტი, ტვირთმფლობელი ან/და ნებისმიერი მესამე პირი ნავსადგურის წინაშე დაადასტურებდა ყოველი კალენდარული წლის პერიოდზე ბათუმის ნავსადგურის ნავმისადგომის გავლით 1 000 000 ტონაზე მეტი ტვირთის გარანტირებულ რაოდენობას, რომელიც გარანტირებული იქნებოდა შესაბამისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით, როგორც ამას ითვალისწინებდა ხელშეკრულების 3.12. მუხლი.

13. 2014 წლის 03 იანვარს, ე.ი. მოსარჩელესთან ხელშეკრულების დადების დღეს ნავსადგურმა გადატვირთვის ხელშეკრულება დადო. ასევე, შპს „ჯ-თან“ (შემდგომში: კომპანია). ამ ხელშეკრულების 3.2. მუხლით ნავსადგურმა ამ საწარმოს ასევე 20%-ით დაუკლო გადასახდელი თანხა გადასაზიდ ტვირთებზე. ამ შემთხვევაში, ნავსადგურს კონტრაჰენტისათვის გარანტია არ მოუთხოვია.

მოგვიანებით, 2014 წლის 05 იანვარს, ნავსადგურსა და კომპანიას შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც კომპანიამ შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის სანაცვლოდ, აიღო ვალდებულება 2014 წლის განმავლობაში, ნავმისადგომების გავლით, გადაეტვირთა 1 000 000 ტ. ტვირთი, წარედგინა გარანტია 600 000 აშშ დოლარზე და განეთავსებინა ნავსადგურის ანგარიშზე 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

დადგენილ იქნა, რომ ეს ვალდებულება არც ამ საწარმომ შეასრულა და 2014 წლის 1 აპრილს მას ნავსადგურმა ხელშეკრულება მოუშალა.

14. სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. კერძოდ, აპელანტს მიაჩნდა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებით მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია ხელშეკრულების 3.6. მუხლი, რაც მას საპასუხო შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულების 3.7. მუხლის თანახმად, ნავსადგურს უფლება ჰქონდა თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაედო შესაბამისი ხელშეკრულება, განესაზღვრა ფასდაკლების ოდენობა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხელშეკრულების 3.2. მუხლში მითითებულ ტვირთებზე /ტვირთმიმართულებებზე განსხვავებული ტვირთების/ტვირთმიმართულებების გადატვირთვის შესახებ. შესაბამისად, ხელშეკრულების 3.6. მუხლი ეხებოდა, ამავე ხელშეკრულების 3.2. მუხლში ჩამოთვლილ ტვირთებს, ე.ი. იმ ტვირთებს, რომელთა გადატვირთვის უფლება მოსარჩელეს ჰქონდა.

სხვა ტვირთებთან დაკავშირებით შეგებებული სარჩელის ავტორს შეეძლო დაედო ნებისმიერი შინაარსის გარიგება. აშკარაა იყო, რომ ხელშეკრულების 3.2. მუხლში ჩამოთვლილი ტვირთების თაობაზე ახალი ხელშეკრულებების დადების უფლება შეგებებული სარჩელის ავტორს შეეზღუდა; თუმცა, ეს შეზღუდვა აბსოლუტური არ იყო: ნავსადგურს შეეძლო გაეფორმებინა იდენტური ხელშეკრულება სხვა პირებთანაც, თუ ისინი იდენტური სახის გარანტიასა და უზრუნველყოფის საშუალებებს შესთავაზებდნენ; და, რაც მთავარია, ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა იმ გარიგებებზე, რომლებიც დადებული იყო “ხელშეკრულების დადების დღისათვის”. დათქმის ფორმიდან გამომდინარე, იგი განსაკუთრებით, სპეციალურად შეთანხმებული პირობა იყო და მხარეებს ამ პირობის შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომაც სურდათ.

15. აპელანტის განმარტება, რომ “ხელშეკრულების დადების დღისათვის” ნიშნავს, მხოლოდ, იმას, რომ ძალაში უნდა დარჩენილიყო ნავსადგურის მიერ ხელშეკრულების დადების მომენტამდე არსებული გარიგებები და იგი სამომავლო, თუნდაც იმავე დღეს დასადებ გარიგებებს არ ეხებოდა, პალატამ არ გაიზიარა და დაუშვებლად მიიჩნია ნავსადგურსა და აპელანტს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულიყო ნავსადგურის მიერ სხვა პირებთან უკვე დადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი ბედი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეც რომ არ ყოფილიყო აპელანტის მოსაზრების გაზიარებისათვის აუცილებელი იყო, სულ მცირე, იმის დადგენა მაინც, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულების დადებამდე ნავსადგურს იდენტურ ტვირთზე ხელშეკრულებები სხვებთანაც გაფორმებული ჰქონდა. ამ ფაქტზე მოსარჩელეს არ მიუთითებია. მეტიც, სააპელაციო საჩივრის მე-7 გვერდზე მან ისიც კი აღნიშნა, რომ “სხვა პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არეგულირებდა მოდავე მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების 3.2 მუხლში მითითებული ტვირთებისაგან განსხვავებული ტვირთების გადატვირთვას”-ო. ამ ვითარებაში, ყოვლად გაუგებარი იყო, რა საჭირო იყო ზემოხსენებული საგამონაკლისო პირობის განსაკუთრებით შეთანხმება - თუ მოსარჩელესთან ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, 3.2. მუხლში მითითებულ ტვირთებზე, ნავსადგურს სხვა კონტრაჰენტებთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია, იმის განსაკუთრებით აღნიშვნა, რომ 3.6. მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არარსებულ გარიგებებზე არ უნდა გავრცელებულიყო, ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა - აპელანტისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დასადგომად მუხლის შინაარსი, ფრჩხილებში არსებული ჩანართის გარეშეც, სავსებით საკმარისი იყო.

16. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ იგი იმავე დღეს, იმავე ტვირთებზე სხვა კონტრაჰენტთანაც აპირებდა ხელშეკრულების გაფორმებას და 3.6. მუხლით დადგენილი შეზღუდვის გამონაკლისი იმიტომაც გაითვალისწინა. ამ ფაქტს მოწმის ჩვენებაც ადასტურებდა.

17. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობითაც, „ხელშეკრულების დადების დღე“ იმ დღეს ნიშნავს, როდესაც ხელშეკრულება დაიდო და არა ამ დღის ცალკეულ მონაკვეთს. გარიგების დადებამდე არსებული პერიოდის აღსანიშნავად კი, ჩვეულებრივ, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი სხვა სიტყვებსა და ტერმინებს - მაგ: “დადების დროისათვის”; “დადების მომენტისათვის”, “ხელშეკრულებამდე” და ა.შ. - ხმარობენ.

პალატის აზრით, ხელშეკრულების სადავო პირობის, მარტოოდენ, აპელანტის კომერციული ინტერესების საფუძველზე განმარტება არასწორი იყო.

18. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ აპელანტის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც იგი 3.2. მუხლში მითითებული ტვირთების შეღავათიანი ტარიფით ერთადერთი გადამზიდავი მაინც ვერ იქნებოდა - ნავსადგურს იმავე ტვირთებზე ხელშეკრულება შეეძლო დაედო სხვა პირებთანაც, თუ ისინი იდენტურ პირობასა და უზრუნველყოფას შესთავაზებდნენ.

გარდა ამისა, როგორც არ უნდა განმარტებულიყო სადავო საგამონაკლისო დათქმა, ამ გამონაკლისით სარგებლობის უფლების მქონე ვიღაც მაინც უნდა ყოფილიყო.

ე.ი. ნებისმიერ შემთხვევაში, აპელანტი იმთავითვე უშვებდა, რომ მოსარჩელის გარდა, 3.2. მუხლში მითითებულ ტვირთებზე შეღავათიანი ტარიფითა და თან უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების გარეშე, შეეძლოთ, ესარგებლათ ნავსადგურის სხვა კონტრაჰენტებსაც.

ეს კი გამორიცხავდა აპელანტის პრეტენზიასაც იმის თაობაზეც, რომ მოწინააღმედგე მხარემ სამეწარმეო ურთიერთობებში გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების ვალდებულება დაარღვია. ამგვარად, აშკარა იყო, რომ მარტოოდენ ხელშეკრულების სადავო ტექსტის ანალიზით აპელანტის პოზიცია არ დასტურდება. პირიქით, ეს ანალიზი უფრო მეტად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის განმარტებებს ადასტურებდა.

ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ 3.6. მუხლში მითითებული გამონაკლისი, სწორედ ხელშეკრულების დადების მომენტამდე გაფორმებულ გარიგებებს ეხებოდა, როგორც აღინიშნა, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

19. ხელშეკრულების 3.6. მუხლის პირობით, შეგებებული სარჩელის ავტორსა და კომპანიას შორის 2014 წლის 5 იანვარს დადებული ე.წ. “დამატებითი შეთანხმებიდან” ირკვევეოდა, რომ ამ საწარმომ იკისრა იგივე ვალდებულებები, რაც აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში კი ნავსადგურს გარიგების დადების უფლება, უთუოდ, ჰქონდა.

იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ 2014 წლის 5 იანვრის შეთანხმება მოსაჩვენებლად იყო დადებული აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია მასზე; ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ამ ფაქტის დასადგენად სასამართლოს სააპელაციო საჩივრითაც კი მომართა. ამგვარად, პალატის აზრით, აპელანტმა თავისი სასარჩელო მოთხოვნა ვერ დაამტკიცა. და, ასეც რომ არ იყოს, სსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. ამ ნორმის შესაბამისად, აპელანტს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა საბანკო გარანტიის წარდგენასა და დეპოზიტზე თანხის განთავსებაზე, თუ, უშუალოდ, ამ მოქმედების შესრულება დაკავშირებული იქნებოდა კონტრაჰენტის საპასუხო მოქმედების განხორციელებაზე.

ხელშეკრულების 3.12. მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფის საშუალებები აუცილებელი იყო შეღავათიანი ტარიფით სარგებლობისათვის. ამის შესაბამისად,

აპელანტს შეეძლო უარი განეცხადებინა უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენაზე, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მისცემდა შეღავათიანი ტარიფებით ტვირთის მიღების საშუალებას.

20. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მიუხედავად უზრუნველყოფის საშუალებების წარუდგენლობისა, მოსარჩელე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობდა. ამის შესაბამისად, კომპანიასთან ხელშეკრულების დადებით ნავსადგურს აპელანტთან გაფორმებული ხელშეკრულება რომც დაერღვია, ეს უზრუნველყოფის საშუალებების წარუდგენლობის საფუძველი მაინც ვერ გახდებოდა.

21. პალატამ აღნიშნა, რომ შეგებებულ სარჩელთან მიმართებით აპელანტი, მხოლოდ, ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა და, ამ ნაწილში, გასაჩივებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე არ მიუთითებია.

22. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა, რომ: მოსარჩელემ 2014 წლის განმავლობაში ნავსადგურს, 20%-იანი ფასდაკლებით მიაწოდა 175 595,70 ტონა ტვირთი. ამ მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 113 464.66 აშშ დოლარი და შპს ტ--ს ეს ღირებულება არ გადაუხდია.

ხელშეკრულების თანახმად, შეღავათიანი პირობებით სარგებლობისათვის, მოსარჩელეს უნდა გადაეტვირთა 1 250 000 ტ. ტვირთი, მან კი გადატვირთა, მხოლოდ, 175 595,53 ტ. ამრიგად, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობისათვის საჭირო პირობა აპელანტმა ვერ შეასრულა. ამიტომ, ხელშეკრულების 5.5 მუხლის საფუძველზე, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გადაუხადოს გადატვირთვის ღირებულება საბაზისო ფასებში.

გადატვირთვის ღირებულება, ფასდაკლებით, შეადგენდა 827 647 აშშ დოლარს, ხოლო ფასდაკლების გარეშე - 827 647/4+827 647=1 034 559 აშშ დოლარს.

ამის შესაბამისად, სხვაობა საბაზისო ღირებულებასა და საშეღავათო ფასს შორის არის - 1 034 559-827 647=206 912 აშშ დოლარი.

ხელშეკრულების 5.7 მუხლით მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის. ამავე მუხლის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო შედარების აქტის ხელმოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. აპელანტმა ეს ვალდებულება არ შეასრულა და სულ, მის მიერ გადასახდელმა პირგასამტეხლომ შეადგინა 352 515,11 აშშ დოლარი.

პალატამ მიიჩნია, რომ, ამ ნაწილში, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად ისარგებლა სსკ-ის 361-ე, 417-418-ე მუხლებით და მართებულად დააკისრა აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდა.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები:

23. თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა თავდაპირველმა მოსარჩელემ.

24. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ არასწორად განმარტა ხელშეკრულების სადავო პუნქტში გამოხატული ხელშემკვრელ მხარეთა ნება, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 52-ე მუხლში გამოხატულ კანონმდებლის ნებას. სასამართლომ სადავო 3.6 პუნქტი სწორედ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან დაადგინა (არასწორად შეაფასა აგრეთვე სიტყვასიტყვითი აზრი) და არა გონივრული განსჯის შედეგად, როგორც ეს კანონით ნაკარნახევი.

კასატორს უდავო გარემოებად მიაჩნია, რომ ნავსადგურმა ხელშეკრულების 3.6 პუნქტით იკისრა ვალდებულება, რომ გარდა მოსარჩელისა სხვა არცერთ პირს არ ჰქონოდა ხელშეკრულების 3.2 პუნქტში მითითებული ტვირთების გადაზიდვის უფლება. გარდა იმ შემთხვევისა თუ, ეს პირი იმავე უზრუნველყოფას წარმოადგენდა, რასაც თავდაპირველი მოსარჩელე. სააპელაციო სასამართლომ კი, აღნიშნულის თაობაზე იმ კონტექსტში მიუთითა თითქოს აპელანტი არ ეთანხმებოდა ამ პირობას და დაასაბუთა იმგვარი გარემოებები, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 3.6 პუნქტი მითითებას აკეთებს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის დადებულ ანუ, უკვე არსებულ ხელშეკრულებებზე და არა ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს დასადებ სხვა ხელშეკრულებებზე.

25. კასატორის მოსაზრებით, არასწორად განმარტა სსკ-ის 369-ე მუხლი, რომელიც კასატორის მოსაზრებით გულისხმობს ნებისმიერ საპასუხო მოქმედებას, მათ შორის, გარკვეული მოქმედებისაგან თავის შეკავებას. მოპასუხის ვალდებულება არ განეხორციელებინა სხვა კონტრაჰენტთან უფრო შეღავათიანი პირობებით ხელშეკრულების დადება, ასევე უნდა იქნეს მიჩნეული ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ საპასუხო მოქმედებად. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.6 და 3.7 პუნქტები, რამაც ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. მოპასუხე სთხოვდა მოსარჩელეს სახელშეკრულებო პირობების დაცვას იმ პირობებში, როდესაც თავად არღვევდა მას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

VII. საკასაციო პალატის დასკვნები:

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი 2014 წლის 3 იანვარს მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რომლითაც მოსარჩელემ/ექსპედიტორმა აიღო ვალდებულება 2014 წლის განმავლობაში ნავმისადგომების გავლით გადაეტვირთა მინიმუმ 1 250 000 ტონა 3.2. მუხლით შეთანხმებული დასახელების ტვირთი, გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი.

22. სადავო საკითხთან მიმართებაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების 3.4. მუხლით ნავსადგურმა ექსპედიტორს საერთოდ, 20%-ით, ხოლო ამონიუმის ნიტრატზე - 18%-ით საბაზისო ტარიფთან შედარებით დაუკლო გადასახდელი თანხა გადასაზიდ ტვირთებზე; ეს პირობა იმოქმედებდა ექსპედიტორის მიერ, მხოლოდ, ხელშეკრულების 3.12 მუხლით გათვალისწინებული პირობის დაცვის შემთხვევაში.

23. ხელშეკრულების 3.12. მუხლით ექსპედიტორი ვალდებული იყო, არაუგვიანეს, 15 თებერვლისა, ნავსადგურისათვის წარედგინა საბანკო გარანტია 550 000 აშშ დოლარის ოდენობით და ნავსადგურის მიერ გაწეული მომსახურებისა და ნავსადგურის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს დროული ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ჩაერიცხა ნავსადგურის ანგარიშზე ფულადი დეპოზიტი, 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

24. ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 1 აპრილამდე. ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე/ექსპედიტორი ახორციელებდა გადატვირთვას და სარგებლობდა შეღავათიანი ტარიფით, თუმცა მას არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტია წარუდგენია და არც დეპოზიტზე განუთავსებია თანხა.

25. ხელშეკრულების 3.6. მუხლით ნავსადგურმა დაადასტურა, რომ გარდა ექსპედიტორისა არც-ერთი სხვა პირი არ ისარგებლებდა ხელშეკრულების 3.2. მუხლში მითითებული სახეობის ტვირთებზე (გარდა წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღისათვის ნავსადგურსა და მესამე პირებს შორის დადებული ტვირთის გადატვირთვის ხელშეკრულებაში მითითებული ტვირთისა) რაიმე შეღავათით ან/და ფასდაკლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საექსპედიტორო კომპანია, კლიენტი, ტვირთმფლობელი ან/და ნებისმიერი მესამე პირი ნავსადგურის წინაშე დაადასტურებდა ყოველი კალენდარული წლის პერიოდზე ბათუმის ნავსადგურის ნავმისადგომის გავლით 1 000 000 ტონაზე მეტი ტვირთის გარანტირებულ რაოდენობას, რომელიც გარანტირებული იქნებოდა შესაბამისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით, როგორც ამას ითვალისწინებდა ხელშეკრულების 3.12. მუხლი.

26. მოსარჩელემ სადავო გახდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკითხი იმის შესახებ სხვა კონტრაჰენტთან შეღავათიანი პირობებით მომსახურება შეერაცხება თუ არა ხელშეკრულების შეთანხმებული პირობების დარღვევად მოპასუხეს უნდა გადაწყდეს ხელშეკრულების მითითებული პირობის განმარტების შედეგად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ.

ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს.

ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე, მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.7. მუხლის თანახმად, ნავსადგურს უფლება ჰქონდა თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დაედო შესაბამისი ხელშეკრულება, განესაზღვრა ფასდაკლების ოდენობა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხელშეკრულების 3.2. მუხლში მითითებულ ტვირთებზე /ტვირთმიმართულებებზე განსხვავებული ტვირთების/ტვირთმიმართულებების გადატვირთვის შესახებ. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ხელშეკრულების 3.6. მუხლი ეხებოდა, ამავე ხელშეკრულების 3.2. მუხლში ჩამოთვლილ ტვირთებს, სხვა ტვირთებთან დაკავშირებით კი, ექსპედიტორს შეეძლო დაედო ნებისმიერი შინაარსის გარიგება. მართალია ხელშეკრულების 3.2. მუხლში ჩამოთვლილი ტვირთებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, თუმცა, ნავსადგურს შეეძლო გაეფორმებინა იდენტური ხელშეკრულება სხვა პირებთანაც, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იდენტური სახის გარანტიასა და უზრუნველყოფის საშუალებებს შესთავაზებდნენ მას; ამგვარი შეზღუდვა არ ვრცელდებოდა იმ გარიგებებზე, რომლებიც დადებული იყო “ხელშეკრულების დადების დღისათვის”. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდაა გამხდარი ხელშეკრულების ამ დათქმის (“ხელშეკრულების დადების დღისათვის”) განმარტების საკითხიც, რაზედაც ამომწურავადაა ნამსჯელი სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ხელშეკრულების ბუნდოვანი გამონათქვამების განმარტებასთან დაკავშირებით დადგენილია პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ტ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ტ-ს“ უკან დაუბრუნდეს 2015 წლის 26 ოქტომბერს საგადახდო დავალებით N.. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (4000 ლარი) და 2015 წლის 09 ნოემბერს საგადახდო დავალებით N.. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (4000 ლარი) 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე